სუვერენიტეტზე გაბრიელიუს ლანდსბერგისის ციტატა მანიპულაციურად გავრცელდა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

Манипуляция и дезинформация
231
VIEWS

16 მაისს სახელისუფლებო მედიებმა იმედი (1,2), POSTV, ნიუსჰაბი, კვირა, რეპორტიორი, მარშალპრესი გაავრცელეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის კომენტარიდან შემდეგი ციტატა: “თქვენ თუ გესმით რას ნიშნავს წევრობა? თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტის ნაწილი, ასე მუშაობს ეს სისტემა და ნაწილი, როგორც გითხარით, სუვერენიტეტისა ბრიუსელის ხელში გადადის”. 

იმედის ვებგვრდზე ლანდსბერგისის კომენტარი სრულად არის გამოქვეყნებული, თუმცა მასალა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ბარათებში მითითებული არ არის. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისის კომენტარს პარტია “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სუვერენიტეტის დათმობა შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას ნიშნავდეს – “შესაძლოა გვითხრან ოკუპირებულ ტერიტორიებს თავი დაანებეთ, მათ თქვენ ვეღარ დაიბრუნებთ, სამაგიეროდ გახდებით ევროკავშირის წევრი – ვთანხმდებით ამას? აზრი საზოგადოებასაც უნდა ვკითხოთ”. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც და განაცხადა, რომ “ჩვენ სუვერენიტეტის დათმობას არ ვაპირებთ”.

იმ მტკიცებით, რომ ლანდსბერგისი საქართველოს სუვერენიტეტის დათმობისკენ მოუწოდებს, მინისტრის კომენტარის ვიდეონაწყვეტი გაავრცელა ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,ტერენტი გლდანელი” და ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3).

Screenshot 2024 05 17 at 6.15.31 PM | mythdetector.com Screenshot 2024 05 17 at 6.15.51 PM | mythdetector.com

ლანდსბერგისის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირი საქართველოსგან სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დათმობას ითხოვს. ციტატა რეალურია, თუმცა მინისიტრის სრული კომენტარიდან ჩანს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გარკვეული ვალდებულებები არსებობს, რომელიც საქართველომ, როგორც გაერთიანების სხვა წევრებმა უნდა შეასრულონ, ხოლო სუვერენიტეტის ნაწილის დათმობის მაგალითად მას ვაჭრობის საკითხი მოჰყავს, რაც ევროკავშირის კომპეტენციაა და მისი გადაწყვეტა ზეეროვნულ დონეზე ხდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის ციტატა მისი ვრცელი კომენტარის მცირე მონაკვეთია და სრული კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად ვრცელდება. 

სუვერენიტეტის საკითხზე ლანდსბერგისმა ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიფინგზე Financial Times-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას ისაუბრა. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და ბრიუსელმა არაერთხელ თქვა, რომ თუ ე.წ. აგენტების კანონი მიღებული იქნება, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზა ჩაიკეტება, ამ ფონზე არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს მმართველ პარტიას სწორედ ეს სურს – მათ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს ქმედებები ეხმარება მმართველ პარტიას. ჟურნალისტმა ევროპელ ლიდერებს ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით სთხოვა კომენტარის გაკეთება.

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს წამოჭრა ლანდსბერგისმა სუვერენიტეტის საკითხი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ჩვენ გვითხრეს დღის განმავლობაში, რომ სუვერენიტეტთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად შეადგინოს საკუთარი კანონები და რომ არცერთ სხვა ქვეყანას ამის აკრძალვა არ შეუძლია, ამ კანონების გატარების. ჩვენ მოგვიწია, ძალიან მკაფიოდ გვეთქვა, რომ ჩვენ არაფერს ვარღვევთ და არაფერს ვაიძულებთ, მაგრამ არის გზა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ და, მათ შორის, თქვენს სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაშიც, აირჩია. ამ ქვეყნებმა ცალსახად თქვეს, რომ საერთოდ არ არიან დაინტერესებული, რამე საქმე ჰქონდეთ ევროკავშირთან. მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი და ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ მათთან შეთანხმებაზე, რაც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. არავინ აიძულებს აზერბაიჯანს, მიიღოს რაიმე კანონი, მაგრამ არიან ისინი ევროკავშირის გზაზე? არა.

ასე რომ, როდესაც შენ ადგახარ ევროკავშირისკენ გზას, თუ შენ გადაწყვიტე, ამ გზით იარო, მაშინ არსებობს კონკრეტული ვალდებულებები, ვიდრე ამ გზით მიდიხარ. გულწრფელად გეტყვით, პირველი ნაბიჯები არც ისე რთულია, შემდეგ ეს პროცესი უფრო გართულდება. ჩვენ ვიცით, რადგანაც ეს გამოვიარეთ. ეს არ არის მარტივი, რადგან ამ გზის ბოლოსკენ შენ უკვე ნამდვილად იწყებ საუბარს სუვერენიტეტზე. ვაჭრობა – ამ საკითხს თმობ და ის მთლიანად ხდება ევროკომისიის კომპეტენცია.

მე არ ვარ დაწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რას ნიშნავს, ევროკავშირის წევრობა. ფაქტობრივად, შენ თმობ შენი სუვერენიტეტის ნაწილს. ეს ასე მუშაობს. […] დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ მათ სჭირდებათ სრული სუვერენიტეტი და ამ სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი არ უნდა გადასცენ ბრიუსელს და, შესაბამისად, მათ დატოვეს ევროკავშირი [brexit]. ეს შესაძლებელობა არსებობს. ცუდია თუ კარგი ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, ამ მოსაზრებას ჩვენთვის ვიტოვებთ. მაგრამ ასეთი შესაძლებელობა არსებობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ორივე ერთად ვერ გექნება, ეს ყველაფერი ასე არ მუშაობს.”

ლანდსბერგისის ამ კომენტარიდან, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მოკლე ციტატის გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან სუვერენიტეტის – დამოუკიდებლობის დათმობას. გავრცელებულ ციტატაში, ასევე არ არის ნახსენები ვაჭრობის მაგალითი, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოიყვანა და რომელიც უფრო კარგად აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობას აქვს გარკვეული პირობები.

ევროკავშირში გარკვეული საკითხებს გადაწყვეტა, მათ შორის ლანდსბერგისის მიერ მაგალითად მოყვანილი ვაჭრობა, ზეეროვნულ დონეზე ხდება.

რას ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა?

ლისაბონის ხელშეკრულებაში გაწერილია კომპეტენციების განაწილება ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს შორის. ეს კომპეტენციები დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად: ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციები, გაზიარებული კომპეტენციები და დამხმარე კომპეტენციები.

ექსკლუზიურ კომპეტენციებში შედის ისეთი სფეროები, რომლებშიც სავალდებულო აქტების მიღება და გატარება ევროკავშირის პრეროგატივაა. ეს სფეროებია: 

  • საბაჟო კავშირი
  • შიდა ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო კონკურენციის წესების ჩამოყალიბება
  • ევროზონის ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკა
  • საზღვაო ბილოგიური რესურსების კონსერვაცია საერთო სათევზაო პოლიტიკის ქვეშ
  • საერთო სავაჭრო პოლიტიკა. 

გაზიარებულ კომპეტენციებში ევროკავშირიც და წევრი სახელმწიფოებიც იღებენ სავალდებულო აქტებს. ამ სფეროებში შედის:

  • შიდა ბაზარი
  • სოციალური პოლიტიკა (მხოლოდ შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციფიკურ ნაწილებში)
  • ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობა (რეგინალური პოლიტიკა)
  • სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა (გარდა საზღვაო ბიოლოგიური რესურსების კონსევრაციისა)
  • გარემო
  • მომხმარებლების დაცვა
  • ტრანსპორტი, ტრანს-ევროპული კავშირები
  • ენერგია
  • თავისუფლების, უსაფრთხოების და იუსტიციის სფეროები
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვაში საერთო უსაფრთოხების საკითხები
  • კვლევა, ტექნოლოგიური განვითარება და კოსმოსი
  • თანამშრომლობა განვითარებაში და ჰუმანიტარული დახმარება

დამხმარე კომპეტენციებში მოიაზრება ისეთი სფეროები, რომლებშიც ევროკავშირი მხოლოდ წევრი სახელმწიფოს მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის მოქმედებს. ევროკავშირის მიერ მიღებული სავალდებულო აქტები არ მოითხოვს ამ სფეროებში წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ეს სფეროებია:

  • ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება
  • ინდუსტრია
  • კულტურა
  • ტურიზმი
  • განათლება, პროფესიული მომზადება, სპორტი
  • სამოქალაქო დაცვა
  • ადმინისტრაციული თანამშრომლობა

ასევე ევროკავშირს აქვს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც გადაწყვეტილებების მიმღები ევროპული საბჭოა, რომელიც წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან შედგება და გადაწყვეტილებები ერთხმად მიიღება და იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა წევრის თანხმობაა აუცილებელი. 

საკითხი, რომელსაც ლანდსბერგისი ამ კომენტარში ხაზს უსვამს არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არავინ აძალებს. ეს არჩევანი საქართველომ თავად გააკეთა და თუ ამ მიმართულებით სურს გზის გაგრძელება, გაერთიანების მხირდან დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. 

გაბრიელიუს ლანდბერგისამდე იმავე კითხვას ესტონეთის საგარეო მინისტრმა, მარკუს ცაჰკნამ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებზე ქართველი ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ევროკავშირში ინტეგრაცია სურთ, მაგრამ თუ ისინი საპირისპირო მიმართულებით მიდიან, ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა არ იქნება. ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ევროპის გზავნილია, რომ ქმედებებს შედეგებიც მოჰყვება.

სუვერენიტეტის საკითხი სწორედ ე.წ. აგენტების კანონის კონტექსტში “ქართული ოცნების” ლიდერებმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე წამოჭრეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების კანონს მიღება სუვერენიტეტის “მტკიცე დაცვას” ემსახურება (1,2). კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ “რადიკალურ ოპოზიციას” და “ენჯეოებს” სუვერენიტეტის დაკარგვა სურთ.

კობახიძე: …ამ ადამიანებს [“აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებს] ერთი რამ არ აქვთ გააზრებული – თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა…

მსგავსი გზავნილი გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს თავის მიმართვაშიც და აღნიშნა, რომ კანონის მიღება სუვერენიტეტის დაცვისთვისაა საჭირო: “საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

არქივის ბმულები: 1, 2, 3.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ლიეტუვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist