თქვა თუ არა უარი სტრასბურგის სასამართლომ სირიელი ალავიტების და ქრისტიანების სარჩელის მიღებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სტრასბურგი
89
VIEWS

25 მარტს კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორმა, შოთა აფხაიძემ და ფეისბუქის სხვა ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2.) გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს სტარასბურგის სასამართლომ არ მიიღო სირიელი ალავიტების და ქრისტიანების სარჩელები მასობრივ მკვლელობებსა და წამების შესახებ. პოსტებში ასევე ვკითხულობთ, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ამ თემაზე დისკუსია საერთოდ აკრძალა როგორც საჯარო სივრცეში, ისე მედიაში. ანგარიშები ასევე ამტკიცებენ, რომ გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველო ამოშალა და იქ სირია შეიყვანა. 

სტრასბურგი

სტრასბურგის სასამართლოსა და გერმანიაზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რეალურად:

  1. სირია არ არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წევრი და შესაბამისად შეუძლებელია სასამართლოში სირიის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა. 
  2. არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გერმანიის მთავრობამ სირიაში მომხდარი მოვლენების შესახებ საჯარო დისკუსია და მედია აქტივობა აკრძალა. 
  3. გერმანიაში საქართველო ისევ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ხოლო სირია – არა.
  • სირია არ არის სტრასბურგის სასამართლოს წევრი

გავრცელებულ პოსტებში არ არის მითითებული რაიმე წყარო იმის დასადასტურებლად რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ (ECtHR) არ მიიღო სირიელი ალავიტებისა და ქრისტიანების სარჩელები, სამთავრობო ძალების მიერ მასობრივი მკვლელობებისა და წამების შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სირია არ არის ECtHR-ის წევრი, რის გამოც სასამართლოს არ შეუძლია ამ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ საქმეების განხილვა, შესაბამისად სირიაში მომხდარი მოვლენების შესახებ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის დარეგისტრირება შეუძლებელია. ეს დეტალები ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრეს ცენტრმა “მითების დეტექტორს” წერილობით კომუნიკაციისას დაუდასტურა. ECtHR ამჟამად ყავს 46 წევრი, რომელიც მოიცავს ევროპის ყველა სახელმწიფოს ბელარუსისა და რუსეთის გარდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 1998 წლიდან იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი და შესაბამისად სასამართლოს წევრი, თუმცა 2022 წლის 16 სექტემბერს მათ დატოვეს როგორც კონვენცია, ისე სასამართლო. შედეგად, ECtHR-ს აქვს უფლება რუსეთის წინააღმდეგ განიხილოს მხოლოდ ის სარჩელები, რომლებიც ეხება ამ თარიღამდე მომხდარ მოვლენებს. 

  • გერმანიის მთავრობას სირიის საკითხების საჯარო და მედია სივრცეში დისკუსია არ აუკრძალავს

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში საუბარია იმაზე, რომ გერმანიის ხელისუფლებამ სირიის სამთავრობო ძალების მიერ მარტის დასაწყისში მოწყობილ მასობრივ მკვლელობებზე საჯარო დისკუსია და მედია აქტივობა აკრძალა. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები არც ამ შემთხვევაში აქვეყნებენ მტკიცებულებებს. ჩვენ ვცადეთ მოგვეძია რაიმე წყარო, რაც ამ ინფორმაციას დაადასტურებდა, თუმცა ასეთ სტატიას, განცხადებას, პოსტსა თუ პრესრელიზს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ ან არაბულ ენებზე ვერ მივაკვლიეთ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობამ სირიაში მომხდარი დანაშაულებები ოფიციალურად უკვე 10 მარტს დაგმო და ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას მოუწოდა მოქმედებისკენ, რათა შეეჩერებინათ სისხლისღვრა, გამოეძიებინათ მომხდარი დანაშაულებები და დაესაჯათ პასუხისმგებელი პირები. მსგავსი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დამასკოში 20 მარტს სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგაც გააკეთა. 

  • არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში გერმანიაში?

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ასევე გვხვდება მტკიცება, რომ გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველო ამოიღო და მის ნაცვლად სირია დაამატა. რეალურად აღნიშნული სია 2024 წლიდან არ შეცვლილა და საქართველო ოფიციალურად კვლავ ამ სიაშია, სირია კი არ იძებნება.  

სტრასბურგი
გერმანიის “უსაფრთხო ქვეყნების” სია

უსაფრთხო ქვეყნების სიის შესახებ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია გერმანიის სასამართლოს ორმა გადაწყვეტილებამ. 2024 წლის ივლისში მიუნსტერის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოტანილ განაჩენში აღნიშნა, რომ მიმდინარე სამოქალაქო ომის მიუხედავად სირიის ზოგიერთი რეგიონი არ არის მაღალი საფრთხის შემცველი. საქმე ეხებოდა სირიელი ლტოლვილის საჩივარს, რომელსაც გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა კრიმინალური დარღვევების გამო უარი უთხრა თავშესაფრის გადაცემაზე. სასამართლომ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ძალაში დატოვა არსებული გადაწყვეტილება და უარი უთხრა პიროვნებას თავშესაფრის მიცემაზე. თუმცა, ეს ცალკეული შემთხვევა იყო და როგორც უკევ აღინიშნა, სირია გერმანიას ამ დრომდე არ შეუყვანია უსაფრთხო ქვეყნების სიაში. 

საქართველო “უსაფრთხო ქვეყნების” სიაში გერმანიამ 2023 წლის დეკემბერში შეიყვანა და ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე უცვლელი რჩება.  თუმცა, მიმდინარე წლის 21 მარტს ბერლინის სასამართლომ ქართველი ცოლ-ქმრის თავშესაფრის საკითხის განხილვისას დაადგინა, რომ საქართველო შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების დეფინიციას. ეს მსჯელობა ეფუძნება მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განაჩენს, რომელმაც მოლდოვას შესახებ განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ, თუ მისი ტერიტორიის რაღაც ნაწილი უსაფრთხო არ არის. აქედან გამომდინარე, რადგან ქვეყანა ვერ აკონტროლებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს, რომლებიც არ მიიჩნევა უსაფრთხო ტერიტორიებად, საქართველოს მიჩნევა უსაფრთხო ქვეყნის რიგებში, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, საქმე კვლავ წარმოებაშია და წყვილს განაჩენის გამოტანამდე გერმანიაში დარჩენის უფლება მისცეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist