7 დეკემბერს რუსულ მედიაში (tsargrad.tv, news-kharkov.ru) გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში აქტივისტებს აგროვებენ, თბილისში, აქციებში მონაწილეობის მისაღებად.
„ვეძებთ ძლიერ ბიჭებს საბრძოლო გამოცდილებით“. – რუსული მედიის მტკიცებით, ეს არის განცხადება უკრაინულ საიტზე. სტატიის მიხედვით, განცხადების ადრესატი ჩერნიჰივის მოსახლეობაა. მსურველებს დღეში 35 ევროს გადაუხდიან. პაკეტში ასევე შედის კვება და განთავსება.
გარდა აღნიშნული განცხადებისა, რუსულ სტატიებში, ასევე, წერია, რომ რუსთაველის გამზირზე უკრაინული პასპორტი იპოვეს, რაც თბილისში უკრაინელი აქტივისტების ყოფნას ადასტურებს.
მტკიცებულებები, თითქოს საქართველოში არეულობის მოსაწყობად უკრაინაში აქტივისტებს აგროვებენ, გაყალბებულია: 1) რუსული მედიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ვაკანსიების საიტზე უკრაინელ აქტივისტებს ეძებენ, არ იძებნება და პროგრამულადაა რედაქტირებული; “მითების დეტექტორს” WORK.UA – მ წერილობით დაუდასტურა, რომ აღნიშნული განცხადება მათ საიტზე არასდროს გამოქვეყნებულა. 2) უკრაინული პასპორტი, რომელიც თითქოს 2024 წელს თბილისში იპოვეს, რეალურად, 2020 წელს უჟგოროდშია ნაპოვნი.
რუსულ მედიაში გავრცელებული განცხადების მიხედვით, “სამუშაოს” ხანგრძლივობა სამი კვირაა, დასვენების დღეების გარეშე. დამსაქმებელი ასევე იძლევა გარანტიას საზღვრის თავისუფლად გადაკვეთაზე.
“საქართველოში პროტესტი მიმდინარეობს, ჩვენ ვეხმარებით ქართველებს დაიცვან თავისუფლება. საბრძოლო გამოცდილება, ქუჩის პროტესტების გამოცდილება და საბრძოლო ხელოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც თითქოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც თბილისის აქციებს ევრომაიდნის მოვლენებს ადარებენ, შესაბამისად, გასაგებია თუ რატომ სჭირდებათ “ძლიერი ბიჭები” და საბრძოლო გამოცდილება.
გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Stopfake-მა გადაამოწმა, დამატებით კი “მითების დეტექტორი” სამსახურის ძიების პლატფორმა WORK.UA-ს დაუკავშირდა.
-
უკრაინული საიტის სახელით გავრცელებული განცხადება არ იძებნება
გავრცელებული სქრინშოთის ვიზუალი, სავარაუდოდ, სამსახურის ძიების პლატფორმიდან – WORK.UA არის აღებული. „რეკლამაში“აღნიშნულია, რომ ჩერნიჰივშიი მიმდინარეობს „აქტივისტების“ დაქირავება. ვაკანსია 30 ოქტომბერს გამოცხადდა. StopFake-მა დაათვალიერა ქალაქში არსებული ყველა ვაკანსია მითითებული თარიღით, თუმცა მსგავსი განცხადება ვერ იპოვა. რეკლამის ტექსტი, შესაძლოა, პროგრამულადა იყოს რედაქტირებული და ინფორმაციის ნაწილი რეალური განცხადებიდან იყოს აღებული, რომელსაც განსხვავებული შინაარსი აქვს.
გაყალბებულ განცხადებაში დამქირავებლად „Petrenko.V.N” არის მითითებული, რომელიც სამშენებლო ინდუსტრიაშია და ხის დამუშავებით არის დაკავებული. მისი პერსონალი 10-50 თანამშრომელს მოიცავს. StopFake-მა ძიების შედეგად WORK.UA- ზე ამ სახელით და აღწერით დამსაქმებელი ვერ აღმოაჩინა, თუმცა იპოვა „Yareshko V.N“, რომელიც თავის საქმიანობას იდენტურად აღწერს. მის მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს შორის არის ჩერნიჰივში დაცვის თანამშრომლის განცხადება, რომლის საფუძველზეც, დიდი ალბათობით, შეიქმნა გაყალბებული განცხადება.
“მითების დეტექტორი” ვაკანსიების პლატფორმა WORK.UA -ს დაუკავშირდა. პრესსამსახურის წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ რუსული მედიის მიერ გავრცელებული განცხადება მათ საიტზე არასდროს გამოქვეყნებულა. კომპანიის თანახმად, ყველა განცხადება რომელიც პლატფორმაზე განსათავსებლად შემოდის, თავდაპირველად, მოდერატორების შემოწმებას გადის, აღნიშნული შინაარსის განცხადება კი შემოწმების ეტაპსაც ვერ გადალახავდა, რადგან ეწინააღმდეგება კომპანიის პოლიტიკას.
-
რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული პასპორტის ფოტო 2020 წლისაა
იმის დასამტკიცებლად რომ უკრაინაში აქტივისტებს ნამდვილად აგროვებენ პროტესტში მონაწილეობის მისაღებად, რუსული მედია პასპორტის ფოტოსაც აქვეყნებს. უკრაინის მოქალაქის პასპორტი, მათი თქმით, რუსთაველის გამზირზეა ნაპოვნი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
StopFake-მა დოკუმენტის ავთენტიკურ წყაროს მიაგნო. აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოქალაქის აღნიშნული პასპორტის ფოტო 2020 წელს ფეისბუკ-გვერდზე Автостанції Закарпаття გამოქვეყნდა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უჟგოროდში იპოვეს უცნობი ადამიანის პასპორტი. ფაქტი, რომ ეს იგივე ფოტოსურათია, რომელსაც რუსული მედია 2024 წელს უკავშირებს, დასტურდება იმით, რომ პასპორტის ფონი, რომელიც ფოტოზე ჩანს, ზუსტად იდენტურია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.