სტატისტიკის ხარვეზები: რატომ გაიზარდა 300%-ით სიმსივნეებისა და ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 2021 წელს? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

დეზინფორმაცია
106
VIEWS

2022 წლის 26 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ნინო ნინომ ამერიკელი ადვოკატის, თომას რენცის ვიდეო გააზიარა, რომელშიც რენცი ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შედეგად 2021 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებში გასული 5 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები – 300%-ით, სიმსივნეების რიცხვი – 300%-ით, ხოლო ნევროლოგიური პრობლემები 1000%-ით გაიზარდა. რენცის თქმით, აღნიშნული მონაცემები ამერიკის თავდაცვის სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მონაცემთა ბაზიდანაა აღებული, რომელშიც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე დაკვირვების შედეგად შეგროვებული მონაცემები აისახება. თომას რენცის მტკიცებით, ვაქცინაციის შედეგად სამხედროების ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ენტონი ფაუჩი და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ფლობს, თუმცა ვაქცინაციას არ წყვეტენ და მონაცემებს მალავენ. 

თომას რენცის აღნიშნული ვიდეო 7 თებერვალს ფეისბუქ ანგარიშმა Rau Al-მა, ხოლო 12 თებერვალს ანტივაქსერმა აქტივისტმა ზვიად გოგიაშვილმა გააზიარა.

Screenshot 3 10 | mythdetector.comScreenshot 4 9 | mythdetector.com

თომას რენცის მტკიცებები ვაქცინაციის გამო სიმსივნეების, ნევროლოგიური დაავადებებისა და ფეხმძიმობის ნაყოფის დაკარგვით დასრულების რიცხვის ზრდის შესახებ დეზინფორმაციაა. მონაცემები, რომლებსაც რენცი ეყრდნობა, ხარვეზიანია და 2021 წლის განმავლობაში დასახელებული სამედიცინო დიაგნოზების ზრდა არა ვაქცინაციის, არამედ ბაზაში 2016-2020 წლის სტატისტიკის არასრულად ასახვის გამო დაფიქსირდა. გარდა ამისა, ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეალური მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსის ვაქცინები სიმსივნის, ნევროლოგიური დარღვევებისა თუ ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის “ეპიდემიას” არ იწვევს. 

ანტივაქსერულ ორგანიზაციებთან აფილირებული ამერიკელი ადვოკატის, თომას რენცის ვიდეო, რომელიც ქართველმა ფეისბუქ მომხმარებლებმა გააზიარეს, 2022 წლის 24 იანვარს სენატორ რონ ჯონსონის მიერ გამართული რამდენიმესაათიანი პანელიდანაა. კონფერენციაზე რენცმა განაცხადა, რომ სამმა ინფორმატორმა მას თავდაცვის ძალების სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მონაცემთა ბაზიდან (DMED) ამერიკის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ არსებული მონაცემები მიაწოდა. DMED-ის ბაზიდან აღებული დიაგრამები რენცმა თავის ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა, როგორც კორონავირუსის ვაქცინებით ამერიკელ სამხედროებში გამოწვეული მძიმე გვერდითი მოვლენების დამადასტურებელი მტკიცებულება. 

მართალია, რენცის მტკიცებები ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გაავრცელეს, თუმცა რეალურად, DMED-ის ბაზაში 2016-2020 წლებთან შედარებით 2021 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებული ჯანმრთელობის პრობლემების რიცხვის მკვეთრი ზრდა კორონავირუსის ვაქცინების გვერდით მოვლენებს არ ასახავს. აღნიშნული მონაცემები ვაქცინების კონტექსტში რამდენიმე მიზეზის გამოა არარელევანტური: 

  • თავდაცვის ძალების სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მონაცემთა ბაზა (DMEM) ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მონიტორიგნისთვის არ არის შექმნილი და მისი მონაცემები ვაქცინაციის სტატუსს არ ითვალისწინებს. ამიტომ DMEM-ის ბაზაში ასახული სამედიცინო დიაგნოზები ვაქცინაციასთან კავშირში არ არის. 

“თავდაცვის ძალების სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მონაცემთა ბაზა” (DMEM) მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი სისტემაა, რომელშიც ამერიკის აქტიური სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო ინფორმაცია გროვდება. DMED-ში სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო დიაგნოზების სტატისტიკა თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შექმნილი უფრო დიდი და ყოვლისმომცველი ბაზის “თავდაცვის სამედიცინო დაკვირვების სისტემის” (DMSS) მონაცემებზე დაყრდნობით დგება. 

მართალია, რენცი ამტკიცებს, რომ DMED-ზე დაყრდნობით ამერიკელ სამხედროებში ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების რეალურ რიცხვებზე დაკვირვება შესაძლებელია, თუმცა სინამდვილეში, ბაზა ამ დანიშნულებით არ შექმნილა. რენცი ბაზაში დაფიქსირებული სამედიცინო დიაგოზების 2021 წლის რაოდენობებს 2016-2020 წლების საშუალო მონაცემებს ადარებს და თვითნებურად ასკვნის, რომ მიღებული სხვაობა სამხედროების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შედეგია მაშინ, როცა რეალურად, DMED-ის ბაზაში იმ სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის სტატუსი ასახული არ არის, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში სიმსივნე, ნერვოლოგიური დაავადებები, ორსულობის ვადაზე ადრე შეწყვეტა და მძიმე დიაგნოზი დაუსვევს. 

რადგან ბაზაში მითითებული არ არის სხვადასხვა დაავადების მქონე სამხედრო კორონავირუსის წინააღმედ აცრილი იყო თუ არა, ამიტომ ვაქცინაციასა და DMED-ში ასახულ სამედიცინო დიაგნოზებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სამტკიცებლად უნდა დავუშვათ, რომ 2021 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში სამხედროების აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი იყო, თუმცა, სინამდვილეში, თავდაცვის ძალებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელმა 98%-ს მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში მიაღწია, ხოლო რენცის მიერ წარმოდგენილი მონაცემები 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. 

  • თავდაცვის ძალების სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური მონაცემთა ბაზაში (DMEM) 2021 წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებში სხვადასხვა დაავადების 300%-1000%-იანი ზრდა სისტემაში 2016-2020 წლების მონაცემების არასრულად ასახვით იყო გამოწვეული.   

სოციალურ ქსელებში DMED-ის მონაცემების თომას რენცისეული ინტერპრეტაციით გავრცელების შემდეგ ფაქტების გადამოწმების პლატფორმები PolitIFact და Lead Stories ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ. როგორც თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რენცის განცხადებების შემდეგ DMED-ის მონაცემები სხვა რამდენიმე დამოუკიდებელ მონიტორინგის სისტემაში ასახულ რიცხვებს, მათ შორის “თავდაცვის სამედიცინო დაკვირვების სისტემის” (DMSS)-ის მონაცემებს შეადარეს. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბაზაში 2016-2020 წლების მონაცემების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შეტანილი და აღნიშნული წლების რიცხვები DMSS-ში ასახულ რეალურ მონაცემებს არ ემთხვეოდა, მაშინ, როცა 2021 წლის პირველი 10 თვის რიცხვები ორივე სისტემაში ზუსტად იყო ასახული. შესაბამისად, სხვადასხვა სამედიცინო დარღვევის 2021 წლისა და წინა წლების რიცხვებს შორის 1000%-იანი განსხვავებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. 

თავდაცვის დეპარტამენტმა რენცის დეზინფორმაციული განცხადებების შემდეგ ბაზაზე წვდომა დროებით შეაჩერა და 2016-2020 წლების არასრული მონაცემები შეავსო, რის შემდეგაც 2021 წელსა და წინა 5 წლიან პერიოდს შორის მკვეთრი განსხვავებები აღმოიფხვრა. DMED-ის განახლებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2021 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებში სხვადასხვა დაავადებისა და სამედიცინო პრობლემის საშუალო რიცხვი არათუ მკვეთრად გაიზარდა, არამედ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა. განახლებული მონაცემები თავის ვებ-გვერდზე რენცმაც გამოაქვეყნა, თუმცა შესწორებულ მონაცემებს რენცის ვებ-გვერდი “სიმართლის დამალვის” მცდელობას უწოდებს.

გარდა ამისა, როგორც მედიცინის ექსპერტები განმარტავენ,  DMED-ის ბაზაში 2021 წლის განმავლობაში სხვადასხვა დაავადების რიცხვი იმხელა მაჩვენებლებითაა გაზრდილი (სიმსივნეების – 300%-ით, ხოლო ნერვოლოგიური დაავადებების – 1000%-ით), რომ სპეციალისტებისთვის აშკარა უნდა იყოს მონაცემების ვალიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან, რეალურად, წლიდან წლამდე ამგვარი დაავადებების დიაგნოსტირების ამ ნიშნულით ზრდა ვერ მოხდება. მაგალითად, როგორც ინკოლოგიური მედიცინის დოქტორი დავიდ გორსკი განმარტავს, სიმსივნის დიაგნოზების ერთ წელიწადში 300%-ით გაზრდა სამედიცინო აბსურდია, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინაცია სიმსივნეს იწვევს, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამის გამოსავლენად ათობით წელი იქნებოდა საჭირო. გორსკის თქმით, COVID-19-ის ვაქცინამ სიმსივნეების რიცხვი 300%-ით რომ გაზარდოს, ამისთვის ვაქცინის თითოეული დოზა ატომური ბომბიდან გამოტყორცნილ რადიაციაზე უფრო კარცეროგენული უნდა იყოს.

  • კორონავირუსის ვაქცინების შესახებ როგორც კლინიკურ, ისე რეალურ სამყაროში დაგროვებული სამედიცინო მტკიცებულებები არ აჩვენებს, რომ ვაქცინები სიმსივნეს, ნევროლოგიურ დარღვევებს ან ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას იწვევს.

ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან დაკავშირებული სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ორგანიზაცია ვაქცინაციის გვერდით მოვლენებს მუდმივად აკვირდება. მაგალითად, CDC-ის მიერ 2020-2021 წლებში ფეხმძიმობაზე ვაქცინაციის გავლენის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ფეხმძიმობის ადრეულ ფაზებში ვაქცინაცია ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას არ იწვევს. კვლევაში, რომელშიც 2500 ვაქცინირებული ორსული მონაწილეობდა, ნაყოფის დაკარგვის მაჩვენებელი 13% იყო. ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, ნაყოფის დაკარგვით ორსულობების 11% – 16% სრულდება. კვლევაში ვაქცინაციასა და ორსულობის შეწყვეტას შორის კავშირი არ გამოკვეთილა. 

გარდა ამისა, ვაქცინის კვლევის ადრეული სტადიებიდანვე ცნობილია, რომ კორონავირუსის ვაქცინა კარცეროგენული არ არის. როგორც ინფექციური დაავადებების სპეციალისტები განმარტავენ, კარცეროგენები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანის უჯრედებზე ზემოქმედებენ, ცვლიან უჯრედის გენეტიკურ კოდს და ამგვარად აავადებენ ორგანიზმს, გამომდინარე იქედან, რომ mRNA ვაქცინები სხეულში მცირე ხნის განმავლობაში რჩება და სწრაფადვე ინაქტივირდება, მათ სიმსივნის გამოწვევა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება ნევროლოგიურ დაავადებებს, როგორც ამერიკის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ინსტიტუტი განმარტავს, ვაქცინაცია რეკომენდებულია თითქმის ყველასთვის და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ ნევროლოგიური დაავადებებში შესამჩნევი ზრდა არ დაფიქსირებულა. გამონაკლისია გილენ-ბარეს სინდრომის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც Jonson & Jonson-ის ვაქცინის მიღების შემდეგ რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერები ამ შემთხვევებს ჯერკიდევ სწავლობენ.

კორონავირუსის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist