6-14 ივლისს ფეისბუქის რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1;2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გერმანიაში ევთანაზიის პროცედურის ჩატარებისთვის აუცილებელია, პირი სრულად ვაქცინირებული იყოს.

მტკიცება, თითქოს გერმანიაში ევთანაზიის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია, პირი სრულად ვაქცინირებული იყოს, სიმართლეს არ შეესაბამება. 2021 წელს, გერმანიაში, ორგანიზაცია Verein Sterbehilfe -მა, რომელიც ადამიანებს ასისტირებული სიკვდილის დაგეგმვაში უწევს დახმარებას, დააწესა რეგულაცია, რომ მათ დაწესებულებაში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულ ან კოვიდგატანილ ადამიანებს შეეძლოთ, რადგან სიახლოვიდან გამომდინარე ვირუსის გადაცემის რისკი არსებობდა. რეგულაცია პანდემიის მწვავე ეტაპის დროს გამოჩნდა და ამჟამად ორგანიზაციის ვებ-საიტზე აღარ იძებნება.
აღნიშული დეზინფორმაცია 2021 წლიდან ვრცელდება. რუსულენოვან ანგარიშებს სწორედ nationalreview.com-ის სქრინი აქვთ გამოყენებული, რომელმაც ამ თემაზე სტატია 2021 წელს გამოქვეყნა. ინფორმაცია 2023 წელს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-მა გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის ნოემბერში გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – Verein Sterbehilfe (ევთანაზიის მხარდაჭერის გაერთიანება), COVID-19-ის პანდემიის ფონზე გამოაქვეყნა შიდა რეგულაცია (2 G), რომელიც გულისხმობდა, რომ მათ დაწესებულებაში შესვლა მხოლოდ იმ პირებისთვის იყო დაშვებული, ვისაც კოვიდ ვაქცინაცია ჰქონდა ჩატარებული ან ახლახანს გამოჯანმრთელდა ვირუსისგან. ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევთნაზიის მსურველთან შეხვედრა და მათი შეფასება მოითხოვს ადამიანურ სიახლოვეს, რაც კორონავირუსის გადაცემის რისკს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ დააწესა 2G რეგულაცია. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთი კონკრეტული ორგანიაციის პოლიტიკა და გერმანიას სახელმწიფო დონეზე მსგავსი რეგულაცია არ დაუწესებია.
რაც შეეხეbა 2G რეგულაციას, ის გულისხმობდა, რომ მომსახურებით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ ვაქცინირებულ ან გადატანილი ინფექციის მქონე პირებს. შესაბამისად, მოთხოვნა კავშირში იყო სავალდებულო ეპიდემიოლოგიურ პროტოკოლთან, რომელიც ანალოგიურად მოქმედებდა სხვა სამედიცინო დაწესებულებებში – მაგალითად, ვიზიტების, ოპერაციების ან კონსულტაციების მიღებისას. აღსანიშავია ისიც, რომ ამ დროისთვის ორგანიზაციის ვებ-საიტზე მსგავსი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.
- ევთანაზიასთან დაკავშირებული რეგულაციები გერმანიაში
აქტიური ევთანაზია გერმანიაში აკრძალულია და ქვეყნის ნაცისტური წარსულის გამო სენსიტიური საკითხია, თუმცა 2020 წელს, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ინდივიდს აქვს უფლება სიცოცხლის თვითნებურად დასრულების მხარდაჭერაზე. შესაბამისად, ასისტირებული სუიციდი დაშვებულია და ექიმს შეუძლია პაციენტს საჭირო მედიკამენტი მიაწოდოს.
გერმანიაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ადამიანებს ასისტირებულ სუიციდში ეხმარებიან. ერთ-ერთი სწორედ Verein Sterbehilfe (ასისტირებული სუიციდის ასოციაცია), რომელმაც პანდემიის პერიოდში 2G რეგულაცია დააწესა. ასევე მოქმედებს German Society for Dying with Dignity (გერმანიის საზოგადოება ღირსეულად სიკვდილისთვის). ეს ორი ორგანიზაცია 2022 წელს 400-მდე ადამიანს დაეხმარა ასისტირებულ სუიციდში, მათგან უდიდეს უმრავლესობას მძიმე დაავადებები ჰქონდა.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეგულირდება ევთანაზია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა.
მოამზადა ირმა ბრეგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















