რუსეთ-უკრიანის ომიდან სამი წლის შემდეგ, შესაძლოა ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდეს. მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის გაიმართა. უკრაინა შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მაშინ დათანხმდება თუ უკრაინა უსაფრთოების გარანტიებს მიიღებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. ამას წინ უძღოდა ვლადიმირ პუტინის 21 თებერვლის განცხადება, მის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. პუტინმა უკრაინაში შეჭრას “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” დაარქვა, რომლის მიზნად ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია დაასახელა. მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიზნად ისახავდა იმ ადამიანთა დაცვას, რომლებიც „რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის მხრიდან დაცინვისა და გენოციდის მსხვერპლნი იყვნენ“ (იგულისხმება დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა).
სამხედრო ინტერვენციის პარალელურად, რუსეთი საინფორმაციო ომს აწარმოებდა, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ არაერთი დეზინფორმაცია და მანიპულაციური გზავნილი გავრცელდა. ომი უკვე სამი წელია მიმდინარეობს, თუმცა მის დაწყებამდე, კრემლის აქტორები ამკვიდრებდნენ აზრს, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა:
მარგარიტა სიმონიანი, 21 აპრილი, 2021 წელი: “მწვავე ომში, უკრაინას ორ დღეში დავამარცხებთ”.
ვლადიმერ სალავიოვი, 22 თებერვალი, 2022 წელი: “წარბს ავწევთ და უკრაინა ყველაფერს გაიგებს. კიევს ავიღებთ.”
ალექსანდრ ლუკაშენკო, 5 თებერვალი, 2022 წელი: “უკრაინა ჩვენთან არასოდეს იომებს, რადგან ომი მაქსიმუმ სამი-ოთხი დღე გაგრძელდება!”
ქვემოთ მიმოვიხილავთ ხშირად გავრცელებულ დეზინფორმაციულ გზავნილებს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა:
-
ეს ომი არ არის, ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა
რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში უკრაინაში შეჭრას კრემლის ნარატივით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახელით აშუქებენ. უკრაინელებს ბანდერელებს და ნეონაცისტებს, რუსული ჯარის მიერ სხვადასხვა ტერიტორიის დაპყრობას კი გათავისუფლებულ ტერიტორიას უწოდებენ. ომის საწყის ეტაპზე, რუსულ მედიაში ხშირად ხვდებოდა კომენტარები, რომლებშიც მოსახლეობა რუსებს “გათავისუფლებისთვის” მადლობას უხდიდა. მსგავს ინტერვიუებს რუსეთი უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციისთვის იყენებს.
“რვა წელია გელოდებით, რატომ ამდენ ხანს, ადრე რატომ არ მოხვედით?” – მარიუპოლის მცხოვრები
კრემლის კონტროლირებადი მედიის გარდა, 2022 წლის თებერვალში რუსეთში ჯერ კიდევ არსებობდა დამოუკიდებელი მედია, რომელიც “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნარატივს არ იზიარებდა. მათი ხმის ჩასახშობად, პუტინმა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის კრიმინალიზება მოახდინა და 5 მარტს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ მათ, ვინც “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ომს დაუძახებს. იკრძალება ამ თემაზე რუსეთის მთავრობის ნარატივის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება. მაგალითად, ომის კრიტიკის გამო და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ვლადიმერ კარა-მურზას 2023 წლის აპრილში 25 წელი მიესაჯა, კარა-მურზა 2024 წლის 1 აგვისტოს პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.
ამ კანონის ამოქმედებამ რუსეთში, როგორც ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიის, ისე საერთაშორისო მედიების რედაქციების დახურვა გამოიწვია. ასევე აიკრძალა სოციალური ქსელებიც (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, იუთუბი).
რუსეთი ცდილობს ქვეყნის შიგნით მყოფი მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს და სიახლეები მხოლოდ მთავრობის კონტროლირებადი რუსული წყაროებიდან მიიღოს. ტერიტორიების დაპყრობას რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში დღემდე გათავისუფლებულ ტერიტორიებად მოიხსენიებენ. მაგალითად, RG.RU – ს ერთ-ერთი სტატიის სათაური: Российские военные освободили село Ямполовка в ДНР – “რუსმა სამხედროებმა გაათავისუფლეს დასახლება იამპოლოვკა დონცეკის რესპუბლიკაში”. (18.02.2025)
აღსანიშნავია, რომ კრემლის კონტროლირებადი მედიის გარდა, დეზინფორმაციის გავრცელებაში, რუსეთის დიპლომატიური კორპუსიც არის ჩართული.
-
ნაცისტი უკრაინელები, სტეპან ბანდერა და აზოვის ბატალიონი
გამომდინარე იქიდან, რომ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყნის დენაციფიკაცია სახელდებოდა, რუსულ წყაროებში ვრცელდებოდა სხვადასხვა მანიპულაციები, რომლებიც ამ ნარატივს “ფაქტობრივი მტკიცებულებებით” ამყარებდა. მაგალითად, გავრცელდა BBC – ის სიუჟეტის პროგრამულად დამუშავებული ვერსია, რომელშიც ერთ-ერთ უკრაინელ სამხედროს ნაცისტური შევრონი უკეთია.
ავთენტიკურ ვერსიაში კი ჩანს, რომ მას მხარზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ემბლემა უკეთია. ნაცისტური სიმბოლოს ტარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისაც აბრალებდნენ. სინამდვილეში მის სამაჯურზე არა სვასტიკა, არამედ სკანდინავიური სიმბოლოა გამოსახული. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი, ალექსანდრა პოლონეთში გაიქცა, მამამისს კი ნაცისტი და უკრაინელი ერის მკვლელი უწოდა. პოსტებს თან ერთვის ახალგაზრდა ქალის ფოტო, რომელიც ავტომობილში ზის და ტირის. რეალურად, ფოტოზე გამოსახული ქალი ალექსანდრა ზელენსკა არ არის, ხოლო კადრი 2017 წელს გავრცელებული ვიდეოდან არის ამოჭრილი.
რუსულ არხებზე უკრაინაში მებრძოლ “აზოვის” ბატალიონს ექსტრემისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებდნენ და ხშირად, მარიუპოლში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა სწორედ მათ ბრალდებოდა.
აზოვის ბატალიონი, თავდაპირველად მოხალისეებით დაკომპლექტებული ულტრამემარჯვენე ჯგუფი იყო, რომელიც 2014 წელს დააფუძნეს და დონბასის ომში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრიი ბილეცკია, რომელიც აზოვის ბატალიონს გამოეყო, მას შემდეგ რაც აზოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა.
აზოვის ბატალიონზე დეზინფორმაციას კრემლი წლების განმავლობაში ავრცელებდა და ნაცისტურ დანაყოფად წარმოაჩენდა.
რაც შეეხება სტეპან ბანდერას, რუსული პროპაგანდა მას და მის მიმდევრებს ნაცისტებად მოიხსენიებს. კრემლისტური აქტორები ამტკიცებენ, რომ 1941 წელს უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებული ეთნიკური წმენდა სწორედ ბანდერას სახელს უკავშირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბანდერა უკრაინის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და ის გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ დატყვევებული. თუმცა, ბანდერა დაკავშირებულია უკრაინის მეამბოხე არმიასთან, რომელსაც ბრალი ეთნიკურ წმენდაში ედება, რადგან მისი წევრები ძირითადად ბანდერას უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციიდან იყვნენ. ის უკრაინაში საკამათო ისტორიულ ფიგურად რჩება და ხალხის აზრი მის შესახებ იყოფა.
ზოგადად ნაციზმს/ფაშიზმს კი უკრაინულ საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერა აქვს და ეს იდეოლოგიები კანონითაც აკრძალულია.
-
უკრაინა ლენინმა შექმნა
ვრცელდებოდა გზავნილი, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია და მათ საერთო სახელმწიფო „კიევის რუსეთი“ აერთიანებთ, მათ შორის დაპირისპირება კი დასავლეთის წაქეზებულია. პუტინმა 2022 წლის 21 თებერვლის გამოსვლაში, ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე უკრაინა რუსეთის და ძირითადად ლენინის მიერ არის შექმნილი. ამ ნარატივის გასამყარებლად სხვადასხვა ანგარიშებზე რუკაც გავრცელდა, რომლის მიხედვით თავდაპირველი უკრაინის ტერიტორია საკმაოდ მცირე იყო, ხოლო ტერიტორიების დიდი ნაწილი მას რუსეთის იმპერიამ და შემდგომში საბჭოთა კავშირმა აჩუქა. სინამდვილეში, უკრაინის საფუძვლები კიევის რუსის სახით ჯერ კიდევ რუსეთის შექმნამდე არსებოდა. რაც შეეხება ლენინის შექმნილ უკრაინას, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნამდე, უკრაინამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ის თანამედროვე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილსაც ფლობდა (ყირიმის გამოკლებით), რასაც დღეს რუსეთი თავისად მიიჩნევს.
-
უკრაინა მსხვერპლს აყალბებს – რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას არ ხოცავს
ომის საწყის ეტაპზე, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის მთავრობა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას აყალბებს და მათ საჩვენებლად მსახიობებს იყენებს. მაგალითად, გავრცელდა მანეკენის ვიდეო, რომლითაც რუსული მედია ირწმუნებოდა, რომ უკრაინელი სამხედროები მორიგ პროვოკაციას ამზადებენ. რეალურად, ვიდეო არა უკრაინაში, არამედ ვსევოლოჟსკში ერთ-ერთი სატელევიზიო სერიალის გადაღების დროს არის ჩაწერილი და ის რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება. ერთ-ერთ პოსტში ასევე წერდნენ, რომ დაადგინეს მსახიობების ვინაობა, ვინც უკრაინელების დადგმით სცენებში მონაწილეობს. რეალურად, გავრცელებული კადრები სერიალ Contamin– ის გადაღებებს ასახავს და მას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან კავშირი არ აქვს, კადრები 2020 წელსაა გადაღებული. კიდევ ერთი კლიპში, რომლითაც რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინა რუსეთის ბომბების შედეგად მსხვერპლის დემონსტრირებას ცდილობს, შავი ცელოფნის პარკში გახვეული გვამები ჩანს. ვიდეოში ერთ-ერთი გვამი სიგარეტს ეწევა. კადრები, სინამდვილეში, რუსი რეპერის Хаски-ის კლიპის გადაღების სცენებს ასახავს. Хаски-ის კლიპი youtube-ზე 2020 წლის სექტემბერში, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამდე 2 წლით ადრე გამოქვეყნდა.
არაერთი მტკიცებულება გავრცელდა, რომ რუსეთი სამხედრო ობიექტების გარდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც ბომბავს და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. 2022 წლის 2 აპრილს გათავისუფლებულ ბუჩაში უკრაინელ სამხედროებთან ერთად ჟურნალისტებიც შევიდნენ და ბუჩის ქუჩებში გადაღებული ცხედრების ამსახველი კადრებიც გავრცელდა. ამის მიუხედავად, კრემლის პროპაგანდა ირწმუნება, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ბუჩაში სამხედრო დანაშაულები არ ჩაუდენიათ. საპირისპიროს ამტკიცებს ადგილიდან საერთაშორისო მედიის მიერ გადაღებული კადრები. მაგალითად, 2 აპრილს BBC-ის მიერ ბუჩასა და რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ მის ქუჩებში არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ პირველ სიუჟეტში ცხედრები ნათლად ჩანს. დაღუპულ ადამიანებს სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ. ასევე გავრცელდა “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებული Maxar Technologies-ის სატელიტური ფოტოები. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 5 აპრილის განცხადების მიხედვით, ბუჩაში იაბლონსკას ქუჩაზე 21 მარტს გადაღებული სატელიტური ფოტოებით ტერიტორიაზე მინიმუმ 8 გვამის არსებობა დასტურდება.
ადამიანურ მსხვერპლზე რუსეთის პასუხისმგებლობის ასარიდებლად, კრემლის პროპაგანდა მის წინააღმდეგ ბრალდებებზე კონტრბრალდებების (whataboutism) ტაქტიკას მიმართავდა და ამკვიდრებდა მოსაზრებას, თითქოს უკრაინული მხარე მშვიდობიან მოსახლეობას სასიკვდილოდ თავად იმეტებდა, ხოლო მოსახლეობას საფრთხეს არა რუსეთის ჯარი, არამედ ბატალიონ „აზოვის“ და სხვა ე.წ. „ნაცისტური ჯგუფების“ ქმედებები უქმნიდა.
-
ზელენსკი ნარკოდამოკიდებული, დასავლეთის ფულის მფლანგველი, არალეგიტიმური პრეზიდენტია
კრემლის მედია უკრაინელებს ბანდერელებსა და ნეონაცისტებს ეძახის, განსაკუთრებული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ. კრემლის მედიაში მას იუმორისტად, ნარკოდამოკიდებულად, დასავლეთის ფულის მფლანგველად მოიხსენიებენ. 2024 წლის მაისიდან კი არალეგიტიმურ პრეზიდენტსაც უწოდებენ.
ზელენსკის ნარკოდამოკიდებულების თემაზე “მითების დეტექტორმა” არაერთი ვიზუალური მანიპულაცია გამოავლინა. მაგალითად, შეცვლილი ვერსიით გაავრცელეს ზელენსკის 2019 წლის ინტერვიუ Ukrainska Pravda – სთან, რომელშიც ის ყავის სიყვარულსა და ვარჯიშის რეჟიმზე ყვება და ამბობს, რომ ნარკოტიკებს არ მოიხმარს. სიტყვების გადანაცვლებით ვიდეო ისე დაამონტაჟეს, თითქოს ის ამბობს, რომ დილის 7 საათზე დგება, ძაღლთან ერთად სეირნობს და ნარკოტიკს ყნოსავს. ეს რეჟიმი მას საღამომდე ენერგიაში ამყოფებს და სხვებსაც იგივეს ურჩევს.
კიდევ ერთი დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც თითქოს ზელენსკის ნარკოდამოკიდებულებას ამტკიცებს, 2022 წლის მარტში გავრცელდა. ვიდეოში ზელენსკი ილონ მასკს ესაუბრება, მის მაგიდაზე კი პროგრამულად თეთრი ფხვნილია ჩამატებული, რაც ჰქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის კოკაინს მოიხმარს. ავთენტიკურ ვერსიაში მაგიდაზე არაფერი დევს.
ზელენსკის ქვეყნიდან გაქცევასაც აბრალებდენენ, თუმცა მან 25 თებერვალს კიევის ცენტრიდან სხვა ლიდერებთან ერთად ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ კიევში არიან და რჩებიან ბოლომდე ქვეყნის დასაცავად. რუსულ მედიაში ასევე ვრცელდებდა ინფორმაცია, რომ ზელენსკის ორეული ჰყავს. სინამდვილეში ვისაც ზელენსკის ორეულად წარმოაჩენდნენ, მისი დაცვის წევრია, რომელიც ზელენსკის სულ თან ახლავს. ის მას ვიზუალურადაც არ ჰგავს.
ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით არაერთხელ გავრცელდა გრაფიტის გაყალბებული ფოტოები, რომლებიც თითქოს ნიუ-იორკის, პარიზის, ბერლინისა თუ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქების ქუჩებში იყო გადაღებული. გრაფიტზე გამოსახული ზელენსკი მუდმივად დახმარებას ითხოვს, ის წარმოჩენილია, როგორც შავი ხვრელი, რომელიც დასავლეთის ფულს შთანთქავს. გარდა ამისა, მისი, დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა დასავლური გამოცემების გაყალბებული გარეკანებიც ვრცელდებოდა. ყველაზე ხშირად ამ პროცესში სატირული გამოცემების, მაგალითად, Charlie Hebdo-ს გარეკანები ყალბდებოდა. ამ კამპანიის მიზანია ზელენსკი დასავლეთის ფულის მფლანგველად, ხოლო უკრაინა სუსტად წარმოაჩინოს და ამასთანავე, მკითხველისთვის შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ამ ყველაფერს უკვე დასავლეთშიც ხვდებიან და უკრაინის პრეზიდენტს აშარჟებენ.
რუსული პროპაგანდა ზელენსკის დასავლეთის ფულის მფლანგველად წარმოჩენას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, გავრცლებული დეზინფორმაციის მიხედვით, ზელენსკის ოჯახი არაერთი ძვირადღირებული ქონების მფლობელი გახდა, რომელიც მათ დასავლეთის ფულით შეიძინეს. მათ შორისაა კარიბის ზღვის კუნძულებზე, ღვინის მამული იტალიაში, ჰაიგროვის სასახლე ბრიტანეთში, ბუგატის უახლესი მოდელი, კარტიეს სამკაულები და კიდევ ბევრი სხვა. აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორმა” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორი კვლევა მოამზადა.
ზელენსკის წინააღმდეგ გავრცელებულ კამპანიებს, 2024 წლის მაისიდან მისი არალეგიტიმურობაც დაემატა. ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 20 მაისს ამოიწურა. არჩევნები კონსტიტუციის თანახმად მარტის ბოლო კვირას – 31 მარტს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო გადაიდო. კანონში საომარი მდგომარეობის შესახებ (მუხლი 19) აღნიშნულია, რომ, ამ პირობებში, აკრძალულია კონსტიტუციის შეცვლა, საპრეზიდენტო, უმაღლესი რადას, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარება; რეფერენდუმის ჩატარება; გაფიცვების, მასობრივი შეკრებისა და აქციების ჩატარება. ამის მიუხედავად, რუსულ მედიაში მას არალეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებენ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თებერვლის სოციოლოგიური გამოკითხვით, მოსახლეობის 63 % ომის დასრულებამდე ნებისმიერი არჩევნების წინააღმდეგია. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით კი ზელენსკის უკრაინელების 57% ენდობა.
-
უკრაინაში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში “საშიში ექსპერიმენტები” ტარდება
მტკიცებას, თითქოს უკრაინაში პენტაგონის მართული სამხედრო ლაბორატორიები არსებობს, სადაც საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ, კრემლის აქტორები წლებია ავრცელებენ. ეს ნარატივი განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა და კრემლი მას უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთ ლეგიტიმურ არგუმენტად იყენებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ყოფილი მეთაური, იგორ კირილოვი ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში საომარი მოქმედებებისას საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვეს, რომლებიც ლაბორატორიებში საშიში კვლევების ჩატარებას ადასტურებდა. მაგალითად, კირილოვმა 2023 წლის 30 იანვარს, ბრიფინგზე განააცხადა, რომ “სპეცოპერაციის მიმდინარეობისას” რუსმა სამხედროებმა 20 000-ზე მეტი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც პენტაგონის მიერ ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შექმნასა და მათ უკრაინისა და რუსეთის მოსაზღვრე სხვა სახელმწიფოების მოსახლეობაზე გამოცდას ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოქვეყნებული დოკუმენტები სხვადასხვა პროექტების საინფორმაციო ბროშურები და სახელმძღვანელოებია, რომლებიც გუგლში პირველივე ცდაზე იძებნება. არცერთი მათგანი არც საიდუმლოა და არც ამტკიცებს, რომ უკრაინულ ლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდნენ.
რუსული ნარატივის მიხედვით, ამერიკელები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ლაბორატორიებში პათოგენებსა და მომაკვდინებელ დაავადებებს ქმნიან, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობაზე საიდუმლოდ ცდიან.
მათი თქმით, აშშ უკრაინელ სამხედროებზე ” საიდუმლო ექსპერიმენტებს” ატარებდა, რომლებიც კონკრეტული ვითარებაში შეიძლებოდა, საომარი მიზნებისთვის გაევრცელებინათ.
რეალურად, აშშ უკრაინულ ლაბორატორიებს ტექნიკურად გაძლიერებაში 2005 წლიდან ეხმარება. თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებსა და სამხედროებზე ცდების ჩატარებას არ გულისხმობს. 2005 წელს ამოქმედებული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში არსებული უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა.
-
შავი ტრანსპლანტოლოგია უკრაინაში
გარდა ბიოლაბორატორიებში წარმოებული “საშიში ექსპერიმენტებისა” უკრაინას ორგანოებით ვაჭრობაშიც ადანაშაულებდნენ. რუსული პროპაგანდისტული წყაროების მიხედვით, უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობა 2014 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელს მარიუპოლში ბავშვთა ორგანოებით ვაჭრობაში მიხეილ სააკაშვილი, სანდრა რულოვსი და წითელი ჯვარი იყვნენ ჩართული.
უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ორგანოების ვაჭრობასთან დაკავშირებული მტკიცებები კრემლისტური კონსპირაციული თეორიების ნაწილია, რომელიც უკვე წლებია ვრცელდება და მტკიცებულებებით არ დასტურდება. ორგანოების ტრანსპლანტაცია რთული და დროში შეზღუდული სამედიცინო პროცედურაა, რომელიც საველე პირობებში შეუძლებელია.
მტკიცება ბავშვთა ორგანოებით ვაჭრობაზე ბელარუსულ მედიაშიც გავრცელდა. სიუჟეტში 2:53 წუთზე ნაჩვენებია ინტერვიუ და ტიტრების მიხედვით რესპონდენტი არის ვერა ვაიმანი – ეუთოს ყოფილი დამკვირვებელი 2019-2022 წლებში. ის ყვება, რომ უკრაინაში მათ 8 კლინიკა დახურეს, სადაც ბავშვების გვამები აღმოაჩინეს, რომელთაც ორგანოები ჰქონდათ ამოცლილი. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული რესპოდენტი რეალურად არა ვერა ნაიმანი, არამედ ქალაქ ვლადივასტოკის მცხოვრები რუსი ვერა ნიკულინაა, რომელიც პუტინის პარტიასთან “გაერთიანებული რუსეთი” არის დაკავშირებული.
ბავშვთა ტრეფიკინგში ადანაშაულებდნენ უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას და მის ფონდს, თუმცა ბრალდება ყალბ ჟურნალისტებსა და მოწმეებს ეყრდნობოდა. უკრაინის პირველი ლედის ფონდი რეალურად საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ომში დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს სხვადასხვა ჰუმანიტარული გზით ეხმარება.
-
პოლონეთს დასავლეთ უკრაინის დაბრუნება სურს
ომის დაწყების დღიდან უკრაინას სხვადასხვა ქვეყნები, როგორც ფინანსურ ისე სამხედრო დახმარებას უწევდნენ. მათ შორის პოლონეთი განსაკუთრებით ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევა, რის გამოც განსაკუთრებული დისკრედიტაცია სწორედ პოლონეთის მიმართ მიმდინარეობდა. კრემლი ცდილობს აზრის დამკვიდრებას, რომ პოლონეთი ომს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და უკრაინის დახმარების სანაცვლოდ რეალურად დასავლეთ უკრაინის ტერიტორიებს “ითხოვს”, რომელიც პოლონეთის მეორე რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ვარშავას უკრაინის ტერიტორიებზე პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს და აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციად არაერთელ შეფასდა პოლონეთის მთავრობის მიერ.
2022 წლის მარტიდან სოციალურ ქსელსა და კრემლის მედიაში ვრცელდებოდა რუკა, რომელშიც უკრაინა რამდენიმე ქვეყანას – პოლონეთს, რუსეთს, რუმინეთსა და უნგრეთს – შორის იყო გადანაწილებული. რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუკა პოლონურ არხზე გავიდა და სწორედ რუკაზე გამოსახულის მსგავსად უნდა მომხდარიყო უკრაინის ტერიტორიების გადანაწილება. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რუკა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2014 წლის 24 მარტს გასული სიუჟეტიდან იყო, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ვლადიმერ ჟირინოვსკის წერილს შეეხებოდა. ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გადანაწილებაში მონაწილეობას სთავაზობდა და რუკაც ამ გადანაწილების ვიზუალიზაციად იყო გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთზე დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ხშირად, პოლონურენოვანი პრორუსული არხები გამოიყენებოდა, რასაც შემდეგ რუსული მედიები ეყრდნობოდნენ. ყველაზე ხშირად Niezależny Dziennik Polityczny-ისა და Myśl Polska -ს ციტირებდნენ. პოლონური მედიის OKO.press -ის თანახმად, Niezależny Dziennik Polityczny-ის მთავარი რედაქტორი ადამ კამინსკი არ არსებობს. მას ფეისბუკზე პროფილის ფოტოდ ლიეტუველი ექიმის ფოტო ჰქოდნა გამოყენებული. გამოცემის კიდევ ერთი რედაქტორი ვოიჩეხ ბროჟეკი ასევე ტროლია და ფეისბუკზე პროფილის ფოტოდ ამერიკელი ეკონომისტის ფოტოს იყენებდა. რაც შეეხება ონლაინ გამოცემა Myśl Polska-ს, ის რუსეთის მხარდამჭერ და ანტიდასავლური შინაარსის მასალებს აქვეყნებს.
-
უკრაინელი მიგრანტების დისკრედიტაციის მცდელობა
მას შემდეგ რაც უკრაინელმა ლტოლვილებმა სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, კრემლმა მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. მათი არასათანადო ქცევის წარმოსაჩენად ვრცლედებოდა სხვადასხვა სტატიები, ასევე დამონტაჟებული ვიდეოები. მაგალითად, “ევრონიუსის” სახელით გავრცელდა სიუჟეტი, თითქოს პარიზის მუზეუმში მომუშავე უკრაინის მოქალაქე 26 წლის ვალერი ტარაშჩუკი დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან სკულტპურა დააზიანა. რეალურად, კადრები დამონტაჟებული იყო და აზერბაიჯანელი მატლაბ სულთანოვის რუსეთში დაკავებას ასახავდა. ასევე, ვრცელდებოდა “დოიჩე ველეს” გაყალბებული სტატია სათაურით: “გერმანიაში უკრაინელებმა დაიწყეს შვილების გაჩენა არაბებისგან და არ დაელოდნენ ქმრების ფრონტიდან დაბრუნებას”.
ომის დაწყების პირველ თვეს, რუსულ პროპაგანდისტულ ЦАРЬГРАД-ზე გავრცელებულ ფოტოში უკრაინელ მიგრანტებს ქურდობაში სდებდნენ ბრალს. “ყურადღება! უკრაინის ყველა მოქალაქე სალაროსთან შემოწმებას გაივლის”. – წერია პოლონურენოვან ბანერზე, რომელიც ЦАРЬГРАД – ის მტკიცებით, ომის შემდეგ გამოჩნდა. რეალურად, ბანერი ნამდვილად ეკიდა, თუმცა ფოტო ძველია და 2017 წელსაა გადაღებული. სავაჭრო ცენტრის მეპატრონის განმარტებით, დისკრიმინაციული ნიშანი იმპულსურ მდგომარეობაში დაამზადებინა, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მომხმარებელმა პროდუქტებით სავსე ორი ჩანთა მოიპარა. თუმცა, წარწერის შინაარსი სხვა უნდა ყოფილიყო. ბანერი ერთი დღის განმავლობაში ეკიდა და შემდეგ აიღეს.
კიდევ ერთი მაგალითი დრეზდენში გადაღებული ვიდეოე, სადაც უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ რუსული დიასპორის და კრემლის ბაიკერების („ღამის მგლების“) აქცია გერმანელების პროტესტად იყო წარმოჩენილი.
-
უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის
მართლმადიდებლობა “რუსული სამყაროს” ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, კრემლის კიდევ ერთი ნარატივია, რომ უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის და მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული УПЦ МП-ის დევნა უკრაინის მოსახლეობის მართლმადიდებელი იდენტობის განადგურებას ემსახურება.
2013 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, კიევ-პეჩერის ლავრის “შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი” მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას (УПЦ МП) უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა.
2023 წლის 5 იანვარს უკრაინის კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიძინების ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრის სატრაპეზო ეკლესია სახელმწიფო საკუთრებაში დაებრუნებინა, რასაცა წინ უძღოდა ჩხრეკის პროცესი კიევსა და სხვა რეგიონებში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნოემბერში კონტრდაზვერვითი სამუშაოები 350 ეკლესიაში ჩატარდა და 850 ადამიანი შემოწმდა. უწყების თანახმად, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა „რუსული სამყაროს“ ზეგავლენის დამადასტურებელი სამხილები: ომის პერიოდში სასულიერო პირის მიერ რუსული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევა, ასევე პროპაგანდისტული ლიტერატურა და რუსულ მხარეზე გადასვლის მოწოდებების შემცველი დოკუმენტები, ასევე, დიდი ოდენობით რუსული ფული, რუსული პასპორტები, რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვების შეკვრები.
მას შემდეგ, რაც კიევ -პეჩერის ლავრა ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა, რუსულ მედიაში გავრცელდა კონსპირაციული თეორია, რომ ტაძრის გუმბათის ჯვრები გაშავდა. ამ პროცესს ტაძრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მღვდლების გაძევებასა და ტაძარში კიევის საპატრიარქოს მღვდლის მიერ წირვის აღვლენის გამო ღვთის სასჯელს უკავშირებდნენ. ვრცლედებოდა ფოტოები, რომლებშიც გუმბათის ჯვრები ნამდვილად გაშავებულია, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გაშავების პროცესი წლების წინ დაიწყო, რადგან ტაძრის გუმბათის ჯვრები მოოქროვილია და ბოლო რესტავრაცია 1970-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა.
კრემლის აქტორები უკრაინის ხელისუფლების ანტირელიგურ ქმედებებს კიევში ყვავების დიდი რაოდენობით გამოჩენასაც უკავშირებდნენ. ფრინველების ვიდეო გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დმიტრი პოლიანსკის, კომენტართან ერთად რუსულ პროპაგანდისტულ მედიაშიც (NTV, RBC, Ria Novosti) გამოქვეყნდა. ვიდეო, რომელშიც ფრინველები ავტომობილების სიახლოვეს ჩანს, არა კიევში, არამედ ჰიუსტონში, აშშ-შია გადაღებული 2017 წელს. რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ის კიევშია გადაღებული და ფრინველთა მურმურაციას ასახავს, რომელიც გავრცელებული ბუნებრივი ფენომენია.
ვრცელდებოდა ვიზუალური მანიპულაციები, თითქოს მას შემდეგ რაც ზელენსკიმ УПЦ МП- განდევნა, ამ ტაძრებში წვეულებებს მართავენ. მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც წვეულებაა გამართული, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში, ვინიცაში, ღვთისმშობლის ხატის ტაძრის შენობას ასახავდა, რეალურად კი ვარშავაში მდებარე კლუბ Room 13 აღმოჩნდა. ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელები მართლმადიდებლურ ტაძრებს წვავენ.
-
ომში მოზარდებს, ქალებს და ხანდაზმულებს იწვევენ
რუსულ წყაროებში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ უკრაინა მოზარდების, მოხუცებისა და ქალების მობილიზაციას ახდენს. მაგალითად, 2023 წლის 6 დეკემბერს, გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრი პოლიანსკიმ უკრაინაში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჰიტლერიუგენდის მსგავსი ფორმირება იქმნება. პოლიანსტკის თქმით, რეზერვისტების მომზადების ცენტრში “გაიდამაცკა სიჩ” (Гайдамацька Січ) ჩატარდა მობილიზებული, 17 წლის ობლების პირველი წვრთნები, რომლებიც ხარკივის ოლქში, ზურგში, ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის რიგებში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და 3 დეკემბერს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ობოლი ფრონტის ხაზზე დაიღუპა, რის შესახებაც ინფორმაცია ბავშვთა სახლის დირექტორმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. რეალურად, ცენტრმა “გაიდამაცკა სიჩ” საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო და პატრიოტული სასწავლო-აღმზრდელობითი ცენტრია, ხოლო ფრონტზე გარდაცვლილი ჯარისკაცი ვოლოდიმირ საჩალა 26 წლის სამხედრო მოსამსახურე იყო.
ასევე ვრცელდბოდა დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში ხანდაზმულებისთვის ფრონტზე გასაწვევი ბუკლეტები რიგდება. ბუკლეტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა და უარყო.
2024 წლის დეკემბერში ორგანიზაციის “უკრაინის ქალთა გვარდიის” სახელით სექსისტური შინაარსის ბანერიც გამოქვეყნდა, უკრაინელ ქალებს სამხედრო მომზადების ორკვირიან კურსებზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენდნენ. გამოსახული იყო ქალი სამხედრო ფორმაში, უკანა ფონზე კი მანქანის საჭესთან მჯდომი მაიმუნი წარწერით “მაკაკასაც შეგიძლია ასწავლო ტარება”. ორგანიზაციის ხელმღვანელი ბანერის გავრცელებას გამოეხამურა და აღნიშნა, რომ უკრაინის ქალთა გვარდიას პოსტერთან კავშირი არ აქვს.
დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომში სავალდებულო გაწვევა 25-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ეხებათ. 2024 წლის აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე დაიყვანა.
-
უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია აიკრძალა
უკრაინის მთავრობის არადემოკრატიულად წარმოჩენის მიზნით, ვრცელდებოდა მტკიცება, რომ უკრაინამ ყველა ოპოზიციური პარტია და არხი აკრძალა. რეალურად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში პარტიული საქმიანობის უფლება შეუჩერდათ არა ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს, არამედ რუსეთთან დაკავშირებულ 11 პარტიას. ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 18 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო. რაც შეეხება მედიებს, რუსული და პრორუსული მედიების საქმიანობა უკრიანაში 2017 წლიდან გარკვეულწილად იზღუდება. ზელენსკის ყოფილი სპიკერის იულია მენდელის თქმით, ეს არხები უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის ომის ერთ-ერთ იარაღად იქცნენ და მათი დაბლოკვა “ეროვნული ინტერესების დაცვის” მიზნით მოხდა. მენდელის თქმით, არსებობს სამხილები, რომ ეს ტელეარხები რუსეთიდან ფინანსდებოდა.
-
უკრაინული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელებზეა გაყიდული
სამი წლის განმავლობაში ზელენსკი უკრაინის მიწების უცხოელებისთვის გასხვისებაში არაერთხელ დაადანაშაულეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილანტროპი ჯორჯ სოროსის შვილმა, ალექსანდრ სოროსმა და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ალექსანდრ სოროსს უსასყიდლოდ გადაეცემა 400 კმ² მიწის ნაკვეთი. რუსული მედიის სიუჟეტში, რომელშიც ზელენსკის ყალბი განკარგულება იყო ნაჩვენები, ამბობდნენ, რომ მიწის ნაკვეთი ქიმიური, ფარმაცევტული და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საშიში ნარჩენების გასატანად იქნებოდა გამოყენებული.
გარდა ამისა, 2022-2024 წლებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა კომპანიებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწის 17 მილიონი ჰექტარი შეისყიდეს. აღნიშნულ დეზინფორმაციას იმ ნარატივის გასაძლიერებლად იყენებდნენ, თითქოს აშშ უკრაინას იყენებს და ქვეყანას უცხოური ძალები დაეპატრონენ, რომლებიც გადაწყვეტილებებს უკრაინის მთავრობის ნაცვლად იღებენ. მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით, დამატებით ისიც ვრცელდებოდა, თითქოს ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის ხელმძღვანელმა მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება უკრაინაში მიწის ნაკვეთი შეიძინოს. უცხოურ კომპანიებს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ყიდვის უფლება აქვთ მხოლოდ უკრაინაში მათ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მშენებლობისთვის. ხოლო ინფორმაცია, რომ BlackRock-ის ხელმძღვანელმა უკრაინულ მიწაზე უკრაინელი სამხედროების დაკრძალვა აკრძალა, მცდარია და სათავეს სატირული ტელეგრამ არხიდან იღებს.
-
უცხოელი პრორუსი ექსპერტები, როგორც ნეიტრალური მხარე – ვის იწვევენ რუსულ მედიაში
აუდიტორიისთვის “ნეიტრალური პოზიციის” მიწოდების მიზნით რუსულ არხებზე ხშირად იწვევდნენ ან ციტირებდნენ დასავლელ ექსპერტებს, რომლებსაც პრორუსული მოსაზრებები აქვთ. უცხოელი ექსპერტები კრემლს ანტიუკრაინული და სხვა პროპაგანდისტული გზავნილების ლეგიტიმაციისთვის სჭირდება.
- სკოტ რიტერი – ერთ-ერთია იმ დასავლელი ექსპერტებიდან, რომელსაც კრემლის პროპაგანდა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების დღიდან აქტიურად ეყრდნობა.
სკოტ რიტერი 1991-98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების წამყვანი ინსპექტორი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი ამერიკის მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად იქცა. ის რამდნეჯერმე იყო დაკავებული და სასჯელს პედოფილიის ბრალდებით იხდიდა. - იაკოვ კედმი – კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტია, რომელსაც რუსული მედია ხშირად ციტირებს. ის 1992-1999 წლებში ხელმღვანელობდა ორგანიზაცია “Nativ-ს”, რომელიც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს სამშობლოში აბრუნებდა. ხელმძღვანელობის ბოლო წლებში ორგანიზაცია რამდენიმე კორუფციულ სკანდალში გაეხვია, რის გამოც პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
კედმი გამოსვლებში ამართლებს რუსეთის ქმედებებს სირიაში, რეგულარულად აკრიტიკებს უკრაინას და ანტისემიტიზმში ადანაშაულებს მას. ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს შემწყნარებლობა და დროულად დაუპირისპირდეს რუსოფობიას. 2018 წელს კედმი პუტინს აშშ-ის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. - ჯეფრი საქსი ამერიკელი ეკონომისტია, რომელიც პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. საქსი ხშირად ყოფილა კრემლის პროპაგანდისტის, უკრაინაში შეჭრის და ომის აქტიური მხარდამჭერის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში სტუმრად. საქსმა ასევე რამდენჯერმე მისცა ინტერვიუ რუსეთის “პირველ არხს”.
- ტაკერ კარლსონი – Fox News-ის ყოფილი წამყვანი და პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. ის რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა და ხშირად ციტირებს რუსული მედია. კარლსონმა პოპულარობა თავისი შეთქმულების თეორიებით მოიპოვა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ტაკერ კარლსონს Fox News-დან გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლობა მალევე შესთავაზა Russia Today-მ.
- პატრიკ ლანკასტერი – ამერიკელი ჟურნალისტი და იუთუბერია, რომელიც, ძირითადად, უკრაინის ომსა და ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანის ომს ფარავს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა Thomson Reuters-ის სააგენტოში და Sky News-ში, ასევე რუსულ სამთავრობო მედია Ruptly-შიც. ჟურნალისტური საქმიანობის დაწყებამდე კი ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა. უკრაინული მედია Zaborona-ს ცნობით, ლანკასტერი 2014 წელს, მაიდნის რევოლუციის შემდეგ, საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და დონეცკში დასახლდა. მას შემდეგ მას ხშირად იწვევენ კრემლის პროპაგანდისტულ მედიებში. ლანკასტერი დადგმული ვიდეოების გავრცელებაშიცაა მხილებული, რომელსაც რუსეთის და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მოქმედი მედიასაშუალებები მტკიცებულებად იყენებდნენ, თითქოს დონბასში ადამიანებზე ძალადობენ.
- ლარი ჯონსონი – ყოფილი დაზვერვის ოფიცერი და ტერორიზმთან, ეროვნულ უსაფრთხოებასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ექსპერტია. CIA-ში ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ჯონსონი ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ამერიკის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებსა და სადაზვერვო პრაქტიკის მიმართ. ჯონსონი ხშირად ჩნდება კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ეთერში და კრემლის მედიაში სხვა “დასავლელ დამოუკიდებელ ექსპერტებთან” ერთად პრორუსულ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს. ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნატოსა და უკრაინას ადანაშაულებს, ამასთანავე 2008 წელს საქართველოში შემოჭრისა და საქართველოს ტერიორიების ანექსიის პასუხისმგებლობისგან რუსეთს ათავისუფლებს.
2022 წელს „მითების დეტექტორმა“ რუსეთის ინფორმაციულ ომზე ანგარიშიც მოამზადა, რომელიც ორი თვის განმავლობაში, 24 თებერვლიდან 24 აპრილის ჩათვლით რუსულ, ბელარუსულ, უკრაინულ და ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციისა და ნარატივების ანალიზს მოიცავს.