სოზარ სუბარის დეზინფორმაცია, თითქოს ეკა გიგაური ტერიტორიების იარაღით დაბრუნებისკენ მოუწოდებდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

სოზარ სუბარი
47
VIEWS

23 სექტემბერს სამთავრობო მედიამ, მათ შორის იმედმა, მარშალპრესმა, აიპრესმა (1;2), ინტერნეტგამოცემა ლიდერმა და მედიაჰოლდინგმა “კვირა” (1;2) გაავრცელეს “ხალხის ძალის” წევრის, დეპუტატ სოზარ სუბარის განცხადება, რომელშიც ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებს. სუბარის სიტყვებით, ეკა გიგაური პირდაპირ მოუწოდებდა, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იარაღით უნდა აღედგინა. 

სოზარ სუბარი

 სოზარ სუბარი ეკა გიგაურთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. არ იძებნება გიგაურის განცხადება, რომელშიც ის ოკუპირებული ტერიტორიების იარაღით დაბრუნებას განიხილავს. კომენტარი, რომელშიც გიგაური შესაძლებლობის ფანჯარაზე საუბრობს, ეხება ქვეყნის დასავლეთთან დაახლოებას და არა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის იარაღით დაბრუნებას. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადება, რომელშიც ის მოუწოდებს, საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა იარაღით აღიდგინოს, ღია წყაროებით არ იძებნება (1;2), მათ შორის, არ გაუშუქებია არც სახელისუფლებო მედიას.   

განცხადება, რომელშიც ეკა გიგაური “შესაძლებლობის ფანჯარას” ახსენებს, მედიამ 2022 წლის 23 მარტს (1;2) გააშუქა. გიგაური აღნიშულ განცხადებაში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ომს აგებს უკრაინაში და დასავლური ქვეყნები თანხმდებიან, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი განადგურდეს. მისივე სიტყვებით, ასეთ სიტუაციაში ჩდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. გიგაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ მოსახლეობა ომით არ უნდა დააშინოს და უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ. 

“დაშინება არის არასწორი, საფრთხე არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ და ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ. 

[…] საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან დასავლეთი ყოველთვის განგვიხილავდა პარტნიორებად და დღეს ეს ყველაფერი უნდა დავამტკიცოთ. საფრთხეები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხეები, რომლებზეც დღეს საუბრობს სახელმწიფო, მთავარი საფრთხეა, რომ შეიძლება შესაძლებლობების ფანჯარა ვერ გამოვიყენოთ. არასწორ დისკუსიებს ვატარებთ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვართ დაყოფილები, მთავრობა არ ელაპარაკება ხალხს და არ ფიქრობს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.  

უკრაინაში რუსეთი აგებს ომს და არის ერთობა დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა პუტინის რეჟიმი განადგურდეს. როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩნდება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს სწორი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენი მთავრობა და ხალხი უნდა იდგეს დასავლეთის გვერდით, ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, აუცილებლად უნდა დავგეგმოთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სწრაფად მოხდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ საფრთხეებს პასუხი გავცეთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გაფართოებული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც დამსწრე იქნება როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე პრეზიდენტი და მმართველი პარტია”. 

ამრიგად, სრული ციტატით ირკვევა, რომ ეკა გიგაური არ საუბრობდა ოკუპირებული ტერიტორიების იარაღით დაბრუნებაზე – “შესაძლებლობის ფანჯარა”, რომელსაც ის ახსენებს, მიემართება არა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის იარაღით დაბრუნებას, არამედ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა უნდა ცდილობდეს, რომ დასავლეთს დაუახლოვდეს და ამის საწინააღმდეგოდ ხალხი ომით არ დააშინოს.  

აღსანიშნავია, რომ ეკა გიგაურს “ომის პროპაგანდაში” 2022 წელს ბრალი “ქართული ოცნების” იმჟამინდელმა თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემაც დასდო. პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ გიგაურის ციტატიდან ნაწვეტი წაიკითხა, რომელიც არ აჩვენებდა კონტექსტს, რომ რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციის თავმდჯომარე დასავლეთთან ინტეგრაციაზე საუბრობდა და არა ომის წამოწყებაზე.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist