25 ოქტომბერს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “პოლიტ ოლოგი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კოცნის. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: “გვარამია და გაბუნიას უცნობი კადრები”. პოსტის კომენტარებში მომხმარებლების ნაწილს სჯერა, რომ ვიდეო რეალურია.
ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას კოცნის ამსახველი კადრი ვიდეოფაბრიკაციაა და მის შესაქმნელად სახის გაყალბების ტექნოლოგია DeepFake არის გამოყენებული. იდენტური კადრი ღია წყაროებში არსად იძებნება. გარდა ამისა, ვიდეოზე შესამჩნევია ხარვეზები, რომლებიც DeepFake-ის ტექნოლოგიის გამოყენებაზე მიუთითებს.
კადრი, რომელიც ვიდეოფაბრიკაციისთვისაა გამოყენებული, 2019 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინაა გადაღებული. 20 ივნისის ანტირუსული აქციის დაშლის შემდგომ, პარლამენტის წინ უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართებოდა. შეკრებების პარალელურად, სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას” ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ინტერვიუებს წერდა, რაც ორგანიზაციის ფეისბუქით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
20 აგვისტოს, პროტესტის 62-ე დღეს, დიღმელაშვილთან ჟურნალისტები საუბრობდნენ, მათ შორის, გიორგი გაბუნია, ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე. ჟურნალისტებმა ახალი ტელევიზიის “მთავარი არხის” შექმნის პროცესსა და გეგმებზე ისაუბრეს. კადრი, რომელიც DeepFake ვიდეოსთვისაა გამოყენებული, მთლიანი პირდაპირი ეთერის მიწურულს (დრო: 12:24:00) ჩნდება, თუმცა ჟურნალისტების საუბრის ეპიზოდი მათი კოცნით არ გრძელდება.

გარდა ამისა, ვიდეოს დეტალებზე დაკვირვებით შესამჩნევია, რომ ის რეალური არ არის. მაგალითად, გაბუნიასა და გვარამიას სახეები, კბილები განსხვავებულად და არაბუნებრივად გამოიყურება. ასევე, კოცნის მომენტში ისინი, ფაქტობრივად, არ მოძრაობენ და მხოლოდ თითებს, ისიც არაბუნებრივად ამოძრავებენ.
მიმდინარე კვირაში “მითების დეტექტორთან” გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ვიდეოფაბრიკაცია გამოავლინა. ერთი მხრივ, ვიდეოები წინასაარჩევნოდ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია, ამასთანავე ვიდეოების გავრცელების მიზანია, მომხმარებლებმა იფიქრონ, რომ ისინი პარტნიორები არიან.
წყაროს შესახებ:
ანონიმური ფეისბუქ ანგარიში “პოლიტ ოლოგი” ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მადისკრედიტირებელ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორი” ანგარიშს აკვირდება და მის გავრცელებულ ცნობებს ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.