18 ივნისს Facebook-ზე გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას ერთობლივი ფოტო, რომელშიც ზურაბიშვილი ინაშვილს ლოყაზე კოცნის. უკანა ფონზე ჩანს პოლიტიკოსების დავით თარხან-მოურავისა და ემზარ კვიციანის სახეებიც. პოსტის ავტორი ფოტოს ურთავს წარწერას: “ეს იყოს აქ იქნებ ვინმეს რაიმე გაახსენოს. ხელისუფლების ჯიბის პარტიასთან გაერთიანდე და ხელისუფლებას ებრძოლო?”
ფეისბუქ-მომხმარებელი ავრცელებს ფოტოფაბრიკაციას, რომელიც სოციალურ ქსელში წარსულშიც ვრცელდებოდა. რეალურად, სალომე ზურაბიშვილის, გიორგი გახარიას, დავით თარხან-მოურავისა და ემზარ კვიციანის სახეები პროგრამულად არის დამუშავებული და ფოტოში ჩასმული. რეალურ ფოტოზე ირმა ინაშვილს უცნობი მოქალაქე კოცნის.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელშიც ირმა ინაშვილს სალომე ზურაბიშვილი კოცნის, Pimeyes-ის სახის საძიებო სისტემის საშუალებით გადავამოწმეთ. შედეგად, მივაკვლიეთ Ambebi.ge-ის მიერ გამოქყვენებულ სტატიას, რომელიც ეხებოდა ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალურ “დრეს კოდს”. სტატიაში აღმოვაჩინეთ საძიებო ფოტოფაბრიკაციის ორიგინალი ვერსიაც.
ფოტოს ორიგინალ ვერსიაში ჩანს, რომ ირმა ინაშვილს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ უცნობი მოქალაქე კოცის. შესაბამისად, ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და ჩასმულია გიორგი გახარიას, ემზარ კვიციანისა და დავით თარხან-მოურავის გამოსახულებებიც.
აღსანიშავია, რომ ფოტოფაბრიკაცია 2020 წლის 29 აგვისტოს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამოაქვეყნა. ვაშაძემ ფოტოს პირველწყაროდ ფეისბუქ-მომხმარებელი ნუგზარ მეტრეველი მიუთითა, რომელიც მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს – მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების უმრავლესობა პროგრამულად არის დამუშავებული და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ასახავს. ნუგზარ მეტრეველის პოსტიც 2020 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება.
ფოტოფაბრიკაციას 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და ფეისბუქ-პოსტით დაადასტურა მისი არაავთენტურობა.
სალომე ხურცილავა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.