7 ივლისს ფეისბუკ გვერდმა “კონსერვატიული ფლანგი” უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცეკვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. თანდართულ პოსტში ავტორი აღნიშნავს, რომ “უკრაინას აჭამეს”, როცა ზელენსკისნაირი ადამიანი აირჩიეს პრეზიდენტად. ვიდეოში კანისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც გარეგნობით ზელენსკის ჰგავს, მუცლის ცეკვას ასრულებს.
იგივე ვიდეო ვებ-საიტ bitchute.com-ზე 3 ივლისს გამოქვეყნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული.
რეალურად, კადრებში არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, არამედ არგენტინელი მოცეკვავე პაბლო აკოსტაა ასახული.
ფოტოს საძიებო ინსტრუმენტებით ვიდეოს კადრის ძებნისას, გაირკვა, რომ ვიდეოში წარმოდგენილი მოცეკვავე პირი არა პრეზიდენტი ზელენსკი, არამედ, არგენტინელი მოცეკვავე, პაბლო აკოსტაა. აკოსტამ ვიდეო საკუთარ Instagram-ის ანგარიშზე 2023 წლის 26 მაისს გამოაქვეყნა. ვიდეოს ნახვისას ცხადი ხდება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვერსიაში კადრები აჩქარებულია და მეორდება. ინსტაგრამის პროფილის ქუდში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პაბლო აკოსტა პროფესიონალი მოცეკვავე, მასწავლებელი და ქორეოგრაფია, ასევე აწყობს Tucuman Bellydance Fest-სა და Mega Dancing ფესტივალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სატელევიზიო პროგრამის “ცეკვავენ” ვარსკვლავები გამარჯვებული 2006 წელს გახდა და მისი ინტერესი ცეკვების მიმართ დიდია, არგენტინელ მოცეკვავესა და მას შორის გარეგნული მსგავსებაც არ შეიმჩნევა.


სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ფაქტების გადამოწმების თურქულმა პლატფორმამ teyit.org-მაც გადაამოწმა.
პროგრამულად დამუშავებული ვიდეო სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მაგალითად, ვიდეოს ერთ-ერთი ვერსია სოციალურ ქსელ Tiktok-ზე 29 ივნისს აღწერით “Це перемога”, “Как старается” (“ეს გამარჯვებაა”, “როგორ ცდილობს”) გავრცელდა და ერთი თვის შემდეგ, 26 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით 193 000 ნახვა აქვს. Tiktok-ზე გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკის ცეკვას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადევნებს თვალს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, პროფილის ფოტოზე რუსეთის დროშა აქვს გამოსახული.
ვიდეოს თავდაპირველი, დაუმუშავებელი ვერსია ასევე გაავრცელეს Twitter-ისა Odnoklassniki.ru-ს მომხმარებლებმა. ამ ვიდეოებში პაბლო აკოსტას სახე ზელენსკის სახით არ არის ჩანაცვლებული, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს პირი ზელენსკია. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რომ ვიდეო ზელენსკის მიერ ნატოსთვის იარაღის მორიგი პარტიის თხოვნას ასახავდა. იდენტური აღწერით გავრცელდა ვიდეო Odnoklassniki.ru-ზეც.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ გვერდი კონსერვატიული ფლანგი 2022 წლის 15 თებერვალს შეიქმნა. გვერდზე ინტენსიურად ვრცელდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების (1,2,3) სამოქალაქო აქტივისტების (1,2) ჟურნალისტების (1,2) ამერიკის ელჩის (1, 2) მადისკრედიტირებელი პოსტები. გვერდი ასევე ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პოსტებს.
გვერდზე ასევე გვხვდება ალტ-ინფოს მხარდამჭერი პოსტები, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული გვერდი “კონსერვატიულ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული.
“კონსერვატიული ფლანგის” მიერ გავრცელებული პროგრამულად დამუშავებული ფოტო “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ასევე აღნიშნული გვერდი ჩართული იყო დისკრედიტაციის კამპანიებშიც. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ:
- დასპონსორებული პოსტები და ანტილიბერალური გზავნილები – ვინ და როგორ ცდილობს 20 ივნისის აქციის დისკრედიტაციას?
- ვინ ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.