2025 წლის 3 თებერვალს Facebook-ზე გავრცელებულ სასცენო დადგმის ვიდეოს, რომელშიც ძროხის ფორმაში გამოწყობილი პირი ჩანს, ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის სპექტაკლებს უკავშირებენ. კადრებში ჩანს, რომ ცხოველის კოსტიუმიდან მოდის რძე, რომელსაც ჭიქაში აგროვებენ და სვამენ. ავტორი ვიდეოს აღწერაში წერს: “დოიი.. დოიი…დოიიიიი”.
ვიდეოს გამოხმაურებებით ირკვევა, რომ ფეისბუქ-მომხმარებლებს დადგმის ავტორი დოიაშვილი ჰგონიათ. კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის სპექტაკლი, ავტორი პასუხობს: “დოი წველეა ლუსულად”. მომხმარებლები ვიდეოს აზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ის საქართველოშია გადაღებული.
სოციალურ ქსელში დავით დოიაშვილისა და ახალი თეატრის მსახიობების დისკრედიტაციის მიზნით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება. რეალურად, კადრები არა საქართველოში, არამედ აშშ-შია გადაღებული და ამერიკელი კომიკოსის მიერ დადგმულ შოუს ასახავს.
ვიდეო, რომელსაც ფეისბუქ-მომხმარებელი ავრცელებს, პლატფორმა TikTok-იდან არის გადმოწერილი. მასზე ჩანს წარწერა “sthwrd” – მომხმარებლის სახელი, რომელმაც კადრები გაავრცელა.
აღნიშნული TikTok ანგარიში ამერიკელ კომიკოსს, სეთ ალისონს ეკუთვნის, რომელსაც ასევე იცნობენ, როგორც სეთვარდს. ვიდეო, რომელშიც ძროხის კოსტიუმი აცვია, მას თავად აქვს გამოქვეყნებული და დართული აქვს აღწერა, რომლითაც ირკვევა, რომ შოუ Atomic Saloon-შია გადაღებული, სადაც მსგავსი წარმოდგენები ხშირად იმართება. Atomic Saloon ლას ვეგასში მდებარეობს. დაწესებულების არსებული ფოტოები ვიდეოში ასახული ადგილის იდენტურია.
სეთ ალისონი ცნობილია, როგორც კომიკოსი, რომელიც სხვადასხვა ცხოველის კოსტიუმს ხშირად ირგებს და მათ განასახიერებს. მის პლატფორმებზე არაერთი მსგავსი ვიდეო იძებნება (1;2). ალისონს მონაწილეობა აქვს მიღებული შოუში America’s Got Talent და სხვადასხვა სეზონში ნაჩვენებ ნომრებში განასახიერებდა მუხლუხოს, ჟირაფს, გველს, ქათამსა და ფარშევანგს.
ამრიგად, სასცენო დადგმას, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში ვრცელდება, საქართველოსთან, დავით დოიაშვილთან და ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან კავშირი არ აქვს.
დოიაშვილისა და ახალი თეატრის მსახიობების დისკრედიტაციის მცდელობა, სავარაუდოდ, უკავშირდება საპროტესტო აქციებში მათ აქტიურ ჩართულობასა და მოთხოვნას, გათავისუფლდეს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მას შემდეგ, რაც მათ მიერ 20 იანვრამდე დათქმული ვადა ამოიწურა, დოიაშვილმა და თეატრის მსახიობებმა მოქალაქეებს საპროტესტო მანიფესტი გააცნეს და რეგიონებში გასვლა გადაწყვიტეს. “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა მსახიობების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ვიდეო.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.