ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ფოტო, რომელიც, მათი მტკიცებით, ინდური გამოცემა Rodip Reb-ის 30 დეკემბრის გარეკანია. გავრცელებული ფოტოს ერთ მხარეს უკრაინელი ლტოლვილები არიან გამოსახული, მეორე მხარეს კი მღრღნელები. ფოტოს თან ახლავს ინგლისური წარწერა: ,,BATTLE FOR EUROPE. Rats and refugees: the situation in Europe is coming increasingly tense” (ბრძოლა ევროპისთვის, ვირთხები და ლტოლვილები: სიტუაცია ევროპაში სულ უფრო იძაბება).
იდენტური ფოტო რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ოლესია ლოსევამ 5 იანვარს საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
პოსტის ავტორები ფოტოფაბრიკაციას აქვეყნებენ. Rodip Reb-ის სახელის მქონე ინდური გამოცემა არ არსებობს და ის გამოგონილია.
ინდური გამოცემა Rodip Reb-ი არც ერთი საძიებო სისტემით, მათ შორის არც გუგლით, იანდექსითა და ბინგით, არ იძებნება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასევე ჩანს გამოცემის ვებ-საიტის მისამართი: www.rodipreb.in, თუმცა მითითებულ საიტზე შესვლა შეუძლებელია.
იდენტური სახელწოდების გამოცემის გარეკანის ფოტო წარსულშიც გავრცელდა და ის ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. გარეკანი მაშინაც ანტიუკრაინული შინაარსის იყო.
ამავე არარსებული გამოცემის გარეკანის პირველად გავრცელების შემდეგ, ,,მითების დეტექტორმა” მისი ნამდვილობა ფაქტების გადამოწმების ინდურ ორგანიზაციასთან, FACTLY MEDIA & RESEARCH-თან გადაამოწმა. ორგანიზაციამ Rodip Reb-ის სახელის მქონე ინდური გამოცემის არსებობა უარყო.
ინტერნეტში არც თავად ფოტო იძებნება. ის მხოლოდ სოციალურ ქსელში, ძირითადად, რუსულენოვანი ანგარიშების მიერ ვრცელდება და სავარაუდოდ პირველწყარო რუსი ჟურნალისტი, რუსეთის პირველი არხის გადაცემის “Время покажет” (დრო გვაჩვენებს) წამყვანი, ოლესია ლოსევაა. ის რუსეთის მთავრობის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია, ხოლო საკუთარ ტელეგრამ არხზე წარსულშიც გამოუქვეყნებია გაყალბებული ფოტოები, მათ შორის უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით.
ინტერნეტში ანტიუკრაინული შინაარსის გაყალბებული გარეკანი სხვადასხვა მედიის სახელით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. იხილეთ ვრცლად ,,მითების დეტექტორის” სტატიები:
- ფრანგული გაზეთის სახელით ვოლოდიმის ზელენსკის ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- THE NATION-ს ზელენსკისა და ლეოპარდების კარიკატურა არ გამოუქვეყნებია
- ,,შარლი ებდოს” სახელით უკრაინელ მოფარიკავეზე გაყალბებული კარიკატურა გავრცელდა
- ნატოს სამიტის შემდეგ უცხოური გამოცემების სახელით უკრაინის პრეზიდენტზე ყალბი კარიკატურები ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.