12-13 იანვარს Facebook-ზე და Threads-ზე ქერჩის სრუტეში ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით ეკოაქტივისტ გრეტა თუნბერგის ციტატა გავრცელდა. პოსტების მიხედვით, თუნბერგმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში მაზუთის დაღვრა არ აინტერესებს და “ეს 5 ათასი ტონა მაზუთი არც აციებს, არც აცხელებს”. პოსტებში ასევე მითითებულია კრემლისტური გამოცემა ТАCC, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაციის წყარო ეს მედიაა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული გრეტა თუნბერგის კომენტარი გაყალბებულია. თუნბერგის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება.
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრა 15 დეკემბერს ორი ტანკერის დაზიანების შემდეგ დაიწყო. გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის მიუხედავად მდგომარეობა მძმეა და მაზუთის ნაკადმა უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპორიჟიას ოლქის ნაპირებამდეც მიაღწია.
მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ციტატა, რომელსაც თუნბერგს მიაწერენ, ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი კომენტარი არც სოციალურ მედიაში ეკოაქტივისტის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულა და არც რომელიმე სანდო მედიას გაუშუქებია. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ პოსტებში მითითებულია კრემლისტური გამოცემა ТАCC-ი, თუმცა თუნბერგის ასეთი კომენტარი არც ამ მედიას გამოუქვეყნებია.
გარდა ამისა, 16 იანვრის მდგომარეობით თუნბერგი შავ ზღვაში ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება სოციალური მედიაში არ გამოუქვეყნებია.
გრეტა თუნბერგთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.
- ფეისბუკზე გრეტა თუნბერგის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
- მოაწყო თუ არა გრეტა თუნბერგმა ქვიშაში თავის ჩაყოფის პროტესტი?
- 2022 თუ 2015 – როდისაა გადაღებული ფოტო, რომელსაც გრეტა თუნბერგის გამოსვლას უკავშირებენ?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.