30 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აღწერის მიხედვით ღაზაშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს დანგრეული საოპერაციო ოთახი, რომელშიც ექიმები პაციენტს ოპერაციას უკეთებენ.
გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის გენერირებული და რეალურ საოპერაციო ოთახს არ ასახავს, რაზეც ფოტოზე არსებული დეტალები მიუთითებს.
ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით არის გენერირებული და რეალურ საოპერაციო ოთახს არ ასახავს. ამაზე სურათზე არსებული დეტალები მეტყველებს, რომელთა შემჩნევა ყურადღებით დაკვირვებისას არის შესაძლებელი.
სურათზე გამოსახული ჭერი ძალიან დაზიანებულია, თუმცა სანათი მაინც დამაგრებულია და თან მუშაობს, რაც ასეთი მასშტაბის დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. სანათის ნაწილი ფაქტობრივად ნანგრევების ნაპირზეა “დამაგრებული” და ნაწილობრივ კი ღია სივრცეს უერთდება.
ექიმებს არ აქვთ სახეები – სახის ნაწილი, სადაც ექიმებს თვალები უნდა ჰქონდეთ, ერთგვაროვანია და კანისფერია – დაბალი ხარისხის სურათშიც კი თვალები განსხვავებული ფერით მაინც იქნებოდა დანარჩენი სახისგან გამოყოფილი. სურათის ამ მონაკვეთის ცენტრში, შუქის ზოლში, ჩანს მუქი ფერის ხაზი, რომელიც ნაპრალს ჰგავს და გაუგებარია, რას შეიძლება ასახავდეს, რადგანაც ოთახის ამ მონაკვეთში სიცარიელე უნდა იყოს. შუქი, რომელსაც წესით სანათი ქმნის, ისე ასხივებს, თითქოს პაციენტიდან “ამოდის” და არა ზევიდან ჩამოდის.
ექიმი ფოტოს უკანა ფონზე არაბუნებრივ პოზაშია გამოსახული, უცნაურად აქვს გამობურცული ზურგი, ასევე ერთი შეხედვით ის ჩამუხლული უნდა იდგეს, თუმცა მისი ფეხები სრულად არ არის ფოტოზე გამოსახული.

აღსანიშნავია, ისიც რომ ფოტოს უკუძიების Google-ის ხელსაწყოების გამოყენებით მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ის არსებითად სოციალურ ქსელებშია გავრცელებული და სანდო მედიებს არ გაუშუქებიათ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ეს ვიზუალი თავისი სტატიის ფოტოდ გამოიყენა სამხრეთ ამერიკულმა მედიამ teleSUR, რომელსაც ვენესუელის, კუბის, ბოლივიისა და ნიკარაგუის მთავრობები აფინანსებს. teleSUR-მა ფოტოს წყაროდ X-ის (Тwitter) მომხმარებელი @SpiritofHo (Danny Haiphong) მიუთითა, რომელიც თავის გვერდზე პალესტინის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს.
ამჟამად X-ის მომხმარებლის დენი ჰაიპონგის გვერდზე, მსგავსი ფოტო ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა მისი ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში X-ის მომხმარებელმა დაპოსტა სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც, ჰაიპონგმა ეს ფოტო გამოაქვეყნა და პოსტს პლატფორმის მომხმარებლების მიერ დამატებული შენიშვნა აქვს. შენიშვნის თანახმად, პოსტი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული და სურათზე ასახულ პირობებში ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნება.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელს თავს დაესხა. 1 ნოემბრის მონაცემებით დაპირისპირების შედეგად ისრაელში 1400 ადამიანი დაიღუპა და 5 000-ზე მეტი დაშავდა, 239 ისრაელელი კი ღაზის სექტორში მძევლად არის აყვანილი. ისრაელის საპასუხო შეტევების შედეგად ღაზის სექტორში 8 525 ადამიანი დაიღუპა და 20 000-ზე მეტი დაშავდა. 125 ადამიანია მოკლული და 2 050 დაშავებული დასავლეთ ნაპირში (West Bank).
ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.
ხელვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები კი როგორც რეალური ფოტოები სხვადასხვა კონტექსტში პერიოდულად ვრცელდება და “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ მსგავსი ფოტოები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.