2 ივლისს პროსახელისუფლებო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ლეჩხუმში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ NEO-ს (ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები) მხარდაჭერით გაკეთებულ ხიდს ასახავს. როგორც ვიდეოში ჩანს, ხიდის ქვეშ წყალი არ გადის, ავტორი კი აღწერაში წერს: “ეს ხიდი რას აკავშირებს?” კომენტარებში ფეისბუქ-მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ხიდი ამერიკის მიერ “ფულის გათეთრების” მაგალითია.
სოციალურ ქსელში ლეჩხუმში USAID-ის მიერ დაფინანსებული ხიდის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ხიდი სოფელ მახაშთან მდებარეობს და ღია წყაროებით იძებნება კადრები, რომელშიც მის ქვეშ მდინარის კალაპოტი და წყალიც ჩანს. ინფორმაცია, რომ ადგილზე სტიქია პრობლემებს ქმნის და ხიდის საჭიროებას იწვევს, დაგვიდასტურეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაშიც.
ავტორი ამბობს, რომ ვიდეო ცაგერის მუნიციპალიტეტშია გადაღებული. ბანერზე ვხედავთ წარწერას, რომ ხიდის აგება USAID-მა დააფინანსა. დატანილი არის წარწერა თარიღისა (2014 წელი) და კონკრეტული პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება გაიცა. პროგრამას NEO – “ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები” ჰქვია.
“მითების დეტექტორმა” ვიდეო გეოლოკაციის საშუალებით გადაამოწმა. ხიდი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, სოფელ მახაშში მდებარეობს. კონსტრუქცია ჩანს Google Maps-სა და Google Earth-ზე.
გარდა ამისა, ორივე ხელსაწყოს საშუალებით იძებნება 2021 წლის ნოემბერში ატვირთული ფოტოები, რომელზეც ხიდი და USAID-ის ბანერი ჩანს.
აღნიშნულ ფოტოებში ჩანს ისიც, რომ ხიდის ქვემოთ მცირე რაოდენობის წყალი გადის. ხიდის უკან ასევე ჩანს კალაპოტი.
“მითების დეტექტორი” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გვითხრა, გაზაფხულზე, წყალდიდობის დროს, გზაზე წყალი მოედინება, რაც ფეხით მოსიარულე ადამიანებს პრობლემას უქმნის, რის გამოც ადგილზე ხიდი მოეწყო.
ინფორმაცია ლეჩხუმის მოსახლეობის მიერ შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფებშიც (საქმიანი ლეჩხუმი; ლეჩხუმლების ჯგუფი) გადავამოწმეთ. ორივე ჯგუფში ადგილობრივი მოსახლეობა გვიდასტურებს, რომ ხიდი ღელეზე გადასასვლელად არის დადგმული და უამინდობის დროს წყალი დიდდება.
სოფელ მახაშისა და ლასურიაშის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 2 მსგავსი ხიდია. სამივე შემთხვევაში ხიდის ქვემოთ წყლისა და კალაპოტის კვალი ჩანს.
ამრიგად, სოფელ მახაშთან “ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების” ინიციატივის ფარგლებში მოწყობილი ხიდი უფუნქციო არ ყოფილა. ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ფოტოები ადასტურებს, რომ ადგილზე წყალი მიედინება. გარდა ამისა, სტიქიის დროს წყლის რაოდენობა იმატებს, რის გამოც გადასაადგილებლად ხიდი ხდება საჭირო.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















