24 მარტს POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ამტკიცებს, რომ 23 მარტს საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, სომეხი გულშემატკივარი ქართველებს აგინებდა და სხვა ჟესტებით შეურაცხყოფდა, რამაც გამოიწვია დაპირისპირება. მან ასევე ატვირთა ვიდეო, რომლის დასაწყისში ისმის სომეხი გულშემატკივრების გაბმული შეძახილი. ბერიძის მტკიცებით ისინი ფრაზას “თქვენი დედებს შე***ით” სკანდირებენ და სწორედ ქართველ გულშემატკივრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
ინფორმაცია, თითქოს გავრცელებულ ვიდეოში სომეხი გულშემტკივრების შეძახილები გინებაა და ქართველებს მიემართება, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ისინი სომხურ ენაზე სკანდირებენ ფრაზას “მელიკბეკიან ჰერაცირ”, რაც ქართულად ნიშნავს “მელიკბეკიან წადი”. ეს შეძახილი ეხება არმენ მელიკბეკიანს, რომელიც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
გავრცელებული ვიდეოს დასაწყისში სომეხი გულშემატკივრების სკანდირება არც შეურაცხმყოფელი იყო და არც ქართველი ფანებისკენ მიმართული. რეალურად, ისინი იმეორებდნენ ფრაზას “მელიკბეკიან ჰერაცირ” – “მელიკბეკიან, წადი” (Մելիքբեկյան, հեռացի՛ր). ისინი ამით ითხოვდნენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, არმენ მელიკბეკიანის გადადგომას, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები მისი გადადგომის მოთხოვნას და კონკრეტულად ამ ფრაზას როგორც თამაშის დროს, ისე თამაშის დაწყებამდეც აქტიურად აჟღერებდნენ, რის შესახებ სომხურ მედიაშიც დაიწერა და გავრცელდა ამსახველი ვიდეოებიც.

აღსანიშნავია, რომ არმენ მელიკბეკიანი ესწრებოდა მატჩს და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად იჯდა დინამო არენას VIP- ლოჟაში, სწორედ იმ მხარეს, სადაც სომეხი გულშემატკივრები იყურებოდნენ სკანდირების დროს.

არაერთ ფეისბუქ-ანგარიშზე უკვე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ სომეხი ფანები სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ, რამაც ქართველებში გაურკვევლობა გამოიწვია, რასაც მოყვა კიდეც დაპირისპირება მათ შორის. ამისდა მიუხედავად, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კვლავ დაუზუსტებელია თუ რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა. როგორც ერთ-ერთი სომხური მედიის მიერ ატვირთულ პირდაპირ ეთერში ჩანს, იმ დროს როდესაც ქართველი ახალგაზრდები მოედანზე შეცვივდნენ, სომეხი ფეხბურთელები მათი გულშემატკივრების ტრიბუნასთან მივიდნენ, რა დროსაც მათგან ბევრი შენიშვნა და უკმაყოფილება მოისმინეს. ამის შემდეგ ფეხბურთელები დაიძრნენ გასახდელისკენ და სწორედ ამ დროს დაიწყეს სომეხმა ფანებმა “მელიკბეკიან ჰერაცირ” შეძახილის სკანდირება. სომხური მედიის ფეისბუქ ლაივში გასული კადრები 3:33 წუთიდან ემთხვევა ნათია ბერიძის მიერ ატვირთული ვიდეოს დასაწყისს.


კადრებში ასევე ჩანს, რომ იმ მომენტისთვის როდესაც სომეხმა გულშემატკივრებმა ზემოაღნიშნული ფრაზის სკანდირება დაიწყეს, დაპირისპირება ჯერ დაწყებული არ იყო, თუმცა სიტუაცია 10-15 წამის შემდეგ დაიძაბა, რასაც მოყვა კიდეც ორივე მხრიდან ერთმანეთის შეურაცხყოფა და სხვადასხვა საგნის სროლა. ეს ყველაფერი ლოგიკურს ხდის იმ მოსაზრებას, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა სომხური ფრაზა ქართულ გინებად აღიქვეს და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება, თუმცა ამის დამტკიცება ღია წყაროებით, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.
საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 23 მარტს, დინამო არენაზე გაიმართა და საქართველოს სასარგებლოდ 6:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ სტადიონზე არეულობა დაიწყო, ქართველი გულშემატკივრების ნაწილი მოედანზე შევიდა, შემდგომ კი სომეხ გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ მსგავსი ქმედება მიუღებელია და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. კობიაშვილის თქმით, აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















