გადაცემაში “სოლიდარობის დრო” 6 მცდარი და დაუსაბუთებელი მტკიცება ვრცელდება

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

სოლიდარობის დრო
88
VIEWS

14 თებერვალს პარტია “სოლიდარობა მშვიდობისათვის” გადაცემაში “სოლიდარობის დრო” წამყვანმა დავით ახვლედიანმა და მიწვეულმა სტუმარმა ბაია ამაშუკელმა შემდეგი მტკიცებები გააჟღერეს:

  • საქართველოდან თურქეთში საექსპორტოდ გატანილი პროდუქცია იბეგრება, თუმცა თურქეთიდან საქართველოში პროდუქტი განუბაჟებლად შემოდის;
  • ევროკაშირიდან საქართველოში შემოსული საქონელი, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ ელექტრონული მოწყობილობები, უხარისხოა; 
  • ევროკავშირმა ბალტიის ქვეყნებს აიძულა ცხოველების დახოცვა, რადგან ბაზარზე ისედაც უამრავი ჰოლანდიური ძროხის ხორცია; 
  • ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ მიგრანტები უნდა მიიღონ;  
  • ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქცია ვერ შედის, რადგან ევროკავშირი გვაიძულებს, რომ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი შეწამლული იყოს მხოლოდ ევროპული ქიმიკატებით, რომლებიც რუსულზე ორჯერ ძვირია;
  • ნაციონალური მოძრაობა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა; 

სოლიდარობის დრო

გადაცემაში “სოლიდარობის დრო” გავრცელებული მტკიცებების ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, ნაწილი კი მტკიცებულების გარეშე ან მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად:

  1. თურქეთი და საქართველო 2007 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად, პროდუქციის დიდი რაოდენობის როგორც ექსპორტს, ისე იმპორტს ნულოვანი ტარიფით ახორციელებენ;
  2. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით არ გაკეთებულა განცხადება მიგრანტების მიღებაზე. ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკას არც წევრი ქვეყნების შემთხვევაში აქვს სავალდებულო ხასიათი;
  3. ევროკავშირის წესები მოითხოვს, რომ მის ბაზარზე გასაყიდი პროდუქტის გასაზრდელად გამოყენებული ქიმიკატები შეესაბამებოდეს ევროკავშირის რეგულაციებს, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავს რუსეთის ან სხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ქიმიკატების გამოყენებას;
  4. არ გამოვლენილა მსგავსი შემთხვევა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ცალკე აწარმოებდეს უხარისხო პროდუქციას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქტით ვაჭრობის ვალდებულებას, რასაც ევროკომისია უწევს მონიტორინგს;
  5. არ დასტურდება, რომ ევროკავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს საქონელი დაახოცინა;
  6. მტკიცებულების გარეშეა, თითქოს ნაციონალური მოძრაობა ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა.
  • საქართველო-თურქეთს შორის არსებული სავაჭრო ტარიფები

2008 წელს ამოქმედდა საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ზოგიერთი ტიპის სავაჭრო პროდუქტების ექსპორტსა და იმპორტზე დაბალი ან ნულოვანი ტარიფების დაწესებას ორივე ქვეყნის მხრიდან. წლების მანძილზე დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2022 წელს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, როდესაც მხარეების შეთანხმების საფუძველზე “საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას, კვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოდან თურქეთში გატანილი პროდუქციის დიდი ნაწილი დაუბეგრავად გადის და პირიქით. ამასთანავე, გარკვეული საქონელი ამ შეთანხმებებში არ შედის და ორივე მხარეს უწევს საბაჟო მოსაკრებლის გადახდა. 

  • ევროკავშირი საქართველოს მიგრანტების მიღებას არ ავალდებულებს

მტკიცება, თითქოს ევროკავშირი საქართველის მიგრანტების მიღებას ავალდებულებს ან გაწევრიანების შემთხვევაში დაავალდებულებს, გასულ წლებში არაერთხელ გავრცელდა და “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. რეალურად, მსგავსი მოთხოვნა ევროკავშირის არც ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს არ გაუკეთებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მიგრანტების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც კი ვალდებულებას არ წარმოადგენს. 2023 წელს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მეტი მიგრანტი ხვდება, ნაწილი სხვა წევრ ქვეყნებში გადაიყვანოს, თუმცა ნებისმიერ წევრს შეთავაზებაზე უარის თქმა და სოლიდარობის მექანიზმში სხვა სახის მონაწილეობა, მაგალითად, ფულადი დახმარების გაღება შეუძლია.

  • ევროკავშირის რეგულაციები პროდუქტში გამოყენებულ ქიმიკატებზე

ევროკავშირი არ ავალდებულებს საქართველოს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოსაყვანად მხოლოდ ევროპული ქიმიკატები (სასუქი და პესტიციდები) გამოიყენოს. თუმცა, კავშირის წესებიდან გამომდინარე, მის ბაზარზე მხოლოდ ისეთი პროდუქტის გაყიდვაა შესაძლებელი, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებს შეესაბამება, რაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, გამოყენებული ქიმიკატების თავსებადობას ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტებთან. საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის “საკვების უსაფრთხოების” ნორმები ძალიან მკაცრია, დიდ მნიშვნელობას ატარებს და სავაჭრო ურთიერთოების მიზნით საქართველოს მოუწევს ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარული კანონმდებლობის ნაწილის მიღება. თუმცა, არც ამ და არც სხვა დოკუმენტში არ გვხვდება დებულება, რომელიც საქართველოს ხილ-ბოსტნეულის გასაზრდელად რომელიმე მესამე ქვეყანაში დამზადებული ქიმიკატების გამოყენებას აუკრძალავს. 

ევროკავშირის საკვების უსაფრთხოების ნორმები, აწესებს ლიმიტებს, თუ მაქსიმუმ რა რაოდენობის პესტიციდების ნარჩენი შეიძლება იყოს საკვებში, თუმცა არ ზღუდავს ქიმიკატების წარმომავლობას. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ისინი შეესაბამებოდეს ევროკავშირის ნორმებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად რუსული სასუქის და კომერციულად წარმოებული (დასრულებული სახის) პესტიციდების (ფიტოსანიტარული პროდუქტი) შესყიდვა/გამოყენება ევროკავშირს არც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ აუკრძალავს სრულად და გარკვეული გამონაკლისების გარდა, კვლავ შესაძლებელია ევროკავშირის ბაზარზე რუსული ქიმიკატებით მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა. ევროკავშირი აჟამადაც შეისყიდის რუსეთისგან ხილ-ბოსტნეულს, რომლებიც რუსული ქიმიკატებით არის გაზრდილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებს არღვევს.  

ევროკავშირთან ვაჭრობისას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება “წარმოშობის წესებს”. როგორც ასოცირების ხელშეკრულებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში ექსპორტირებულ პროდუქტზე მიიღოს დაბალი ტარიფები, საჭიროა, რომ პროდუქტი “წარმოშობის წესებს” აკმაყოფილებდეს. ეს წესი გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მაგალითად საქართველოს მიერ, ბაზარზე მიწოდებული პროდუქტის ნაწილი ან მისი წარმოებისთვის საჭირო მატერიალები შეძენილი იყოს მესამე ქვეყნისგან, მაგრამ თუ პროდუქტმა საბოლოო სახის მისაღებად საკმარისი ტრანსფორმაცია სწორედ საქართველოში გადამუშავებისას განიცადა, ის ჩაითვლება ქართულ პროდუქტად. 

  • გზავნის თუ არა ევროკავშირი საქართველოში უხარისხო პროდუქტს?

არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი დაბალი ხარისხისაა, რომელიც სპეციალურად, განვითარებადი ქვეყნებისთვის ცალკე მზადდება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელშიც შედის “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა” ითვალისწინებს სავაჭრო საქონლის ტექნიკური და სანიტარული ზომების დაცვას. ნაწილობრივ სიმართლეა ის, რომ ევროკავშირი გზავნის დაბალი ხარისხის გარკვეული სახის პროდუქტს მესამე სამყაროს ქვეყნებში, ძირითადად აზიასა და აფრიკაში, თუმცა ეს უპირველესად ხდება მიმღებ ღარიბ ქვეყნებში იაფფასიან პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის გამო. ამ პროდუქტების ძირითად ნაწილს მეორადი ტანსაცმელი და პლასტმასის ნარჩენები წარმოადგენს და ისინი იმპორტიორ ქვეყანაში არ საღდება, როგორც ახალი პროდუქცია. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველო დაცულია  მსგავსი პრაქტიკისაგან თავისუფალი სავაჭრო ურთრიერთობის შეთანხმებით. პროდუქტების სტანდარტი მორგებულია როგორც ადგილობრივი ბაზრის, ასევე ევროკავშირის რეგულაციებს.

არსებული შეთანხმებების მიუხედავად, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი მართლაც განსხვავდებოდეს ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში გაყიდული იმავე პროდუქტისგან, თუმცა ეს ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად თუ მოხდება. წლების მანძილზე თავად ევროკავშირის შიგნით არაერთხელ აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა წევრ ქვეყნებშიც კი ერთი და იმავე ბრენდის ერთი პროდუქცია, რომელსაც იდენტური შეფუთვა ჰქონდა და შემადგენლობაც იგივე ეწერა, რეალურად განსხვავდებოდა მასში გამოყენებული ინგრედიენტებით და ხარისხით. ამას “საკვების ორმაგი ხარისხი” ეწოდება, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი იყო, რადგან მას მომხმარებელი შეცდომაში შეყავდა. თუმცა, პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2019 წელს კანონში ჩაემატა მუხლი, რომელიც კონკრეტულად “საკვების ორმაგი ხარისხის” პრაქტიკის გამოყენებას კრძალავს. 2019-დან 2021 წლამდე მსგავსი ტიპის პროდუქტის რაოდენობა 31%-დან 24%-მდე შემცირდა. ამასთანავე, კვლევებს არ აღმოუჩენია რომ ეს ხარისხობრივი დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მიხედვით არსებობდა.

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სექტორი ბალტიის ქვეყნებში

იმის დასტურად, თითქოს ევროკავშირმა გაწევრიანების შემდეგ ბალტიის ქვეყნებში მცხოვრებ ფერმერებს აიძულა საქონლის დახოცვა, რადგან ბაზარზე ისედაც დიდი რაოდენობის ჰოლანდიური ძროხის ხორცი იყიდებოდა, გადაცემაში “სოლიდარობის დრო” მიწვეული სტუმარი აცხადებს, რომ მას ამ თემაზე თავად ამ ქვეყნების მოქალაქეებთან უსაუბრია. თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ღია წყაროებში არ იძებნება. ოფიციალურად არავის დაუდანაშაულებია ევროკავშირი მსგავს საქმიანობაში. ამასთანავე, სტატისტიკა სხვაგვარ სურათს აჩვენებს. 

ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში მეცხოველეობის სფეროში საკმაოდ დიდი ცვლილებები დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ, რაც ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების, მისი მაღალი სტანდარტების გამო მოხდა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება და ხარჯების გაწევა მცირე ფერმერებს განსაკუთრებით უჭირდათ. შედეგად, ფერმერების რაოდენობა ამ ქვეყნებში შემცირდა, თუმცა გაიზარდა დიდი მწარმოებლების/ფერმების რიცხვი. ესტონეთსა და ლიეტუვაში 2004 წლის შემდეგ მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა შემცირდა, ლატვიაში კი მცირედით გაიზარდა, თუმცა სამივე ქვეყანაში ეს ბიზნესი კვლავ დიდი მნიშვნელობის რჩება.

  1. ესტონეთში ისტორიულად რძის წარმოება სასოფლო-სამეურნეო სექტორის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენდა და შესაბამისად საქონლის შემთხვევაში ხორცზე მეტად, სწორედ რძეს ექცეოდა ყურადღება. 2009 წელს აგრარული სექტორის დაახლოებით 30% სწორედ რძის წარმოებასთან იყო დაკავშირებული, 2023 წელს ეს რიცხვი 23%-ს გაუტოლდა და კვლავ ამ სფეროს მთავარ კონტრიბუტორად რჩება. პროცენტული კლების მიუხედავად, რძის წარმოების რაოდენობა ამ პერიოდში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 1992 წლის შემდეგ რძის წარმოებული რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ 31 წლის წინ მეწველი ძროხის რაოდენობა სამჯერ აღემატებოდა 2023 წლის მაჩვენებელს. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ფერმერებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთი ჯიშის პირუტყვის გაზრდაზე, რომლებიც ბევრად მეტს იწველებიან, რის შედეგადაც პროდუქტიულობა სამჯერ გაიზარდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ 1994-დან 2004 წლამდე მეწველი ძროხების რაოდენობა ქვეყანაში თითქმის განახევრდა, ევროკავშირში გაწვერიანების შემდგომ კი კლების ტენდენცია მკვეთრად შემცირდა. 
სოლიდარობის დრო
წყარო: ესტონეთის სტატისტიკის სამსახური

რაც შეეხება მსხვილფეხა საქონლის მთლიან რაოდენობას, 2001 წელს ესტონეთში ფიქსირდებოდა 280 237 საქონელი. 2003 წელს მათი რაოდენობა შემცირდა 274 211-მდე, გაწევრიანების შემდგომ კლება გაგრძელდა და 2010 წლისათვის საერთო რაოდენობამ 241 025 საქონელი შეადგინა. თუმცა, 2018 წლისთვის მათი რაოდენობა გაიზარდა და 255 100-ს გაუტოლდა, ხოლო 2023 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 251 039 მსხვილფეხა პირუტყვი. შედეგად, მართალია ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ამ ცხოველების რაოდენობა შემცირდა, თუმცა 2003 წელთან შედარებით სხვაობა მცირეა. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა კლების ტენდეცია ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობდა 90-იან წლებში და ამის მიუხედავად ამ სფეროსთან დაკავშირებული სექტორები კვლავ აგრარული სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

Screenshot 2025 02 21 155420 1 გადაცემაში “სოლიდარობის დრო” 6 მცდარი და დაუსაბუთებელი მტკიცება ვრცელდება
წყარო: ესტონეთის სტატისტიკის სამსახური (წითლად მონიშნულია სრული რაოდენობა).

2. ესტონეთისგან განსხვავებით ლატვიაში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა გაზრდილია. 2003 წელს ქვეყანაში ასეთი ტიპის 378 707 საქონელი ფიქსირდებოდა, რომელთა რაოდენობამ 2005 წელს მცირედით იკლო, თუმცა 2007 წელს უკვე 397 875-მე გაიზარდა. მათი რაოდენობა მომდევნო წლებში მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლებოდა და 2021 წლისთვის 399 000-ს მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 136 000 მეწველი ძროხა იყო.

სოლიდარობის დრო
წყარო: ლატვიის სტატისტიკის სამსახური

3. ყველაზე დიდი რაოდენობის პირუტყვი ბალტიის ქვეყნებს შორის ყოველთვის ლიეტუვაში ფიქსირდებოდა. მაგალითად, 1999 წელს იქ ამ კატეგორიის 922 000-ზე მეტი ცხოველი იყო რეგისტრირებული, 2003 წელს კი 884 000. მათი რაოდენობა 20152022 წლებში ყოველწლიურად კლებულობდა და 2022 წელს 628 700-მდე დაეცა, რომელთაგან 225 200 მეწველი ძროხა იყო. თუმცა, 2023 წელს, პირველად დიდი ხნის მანძილზე, მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა და 641 900-ს მიაღწია.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ესტონეთსა და ლიეტუვაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შემცირებულია, ლატვიაში კი მცირედით გაზრდილი. სამივე ქვეყანაში ეს სექტორი ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცების, თითქოს ევროკავშირმა ამ ქვეყნებში მცხოვრებ ფერმერებს ეს ცხოველები მასიურად დაახოცინა.

მცდარი ინფორმაციები, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ქვეყნების ეკონომიკები და სოფლის მეურნეობები დააზარალა, ან/და ფერმერებს ძროხების დახოცვა აიძულა, წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

  • მტკიცება, თითქოს ნაციონალური მოძრაობა ორგანოებით ვაჭრობდა, კონსპირაციის თეორიაა

გაურკვეველია რა წყაროს ეყრდნობიან გადაცემაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობასა და სანდრა რულოვსზე საუბრისას აცხადებენ: “გაზის კამერებში არ ჩაუყრიათ ხალხი, მარა ორგანოებს აჭრიდნენ, ყველამ იცის ეს”. აღნიშნული ინფორმაცია არც ერთ ქართულ მედიასაშუალებას თუ სამთავრობო ორგანოს არ გაუვრცელებია. არ დაწყებულა ამ საკითხზე ჟურნალისტური ან სახელმწიფო გამოძიება, შესაბამისად ის მხოლოდ კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს, რომელიც წარსულში რუსულ პროპაგანდისტულ მედიაშიც ვრცელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში საინფორმაციო სააგენტო საქინფომმა და რუსულმა მედიამ სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობას დაუკავშირა. გავრცელებულ ვიდეოს თან ერთვოდა აღწერა, რომლის მიხედვითაც ის უკრაინის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გაავრცელა და დეტალურად აღწერდა როგორ ვაჭრობს ყოფილი პირველი ლედი ადამიანის ორგანოებით, რისი კეთებაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო. “მითების დეტექტორმა” აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, დადგინდა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, თურქეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist