4 აპრილის ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით ფოტო-სქრინი გამოქვეყნდა. მასზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია გამოსახული, ხოლო რეკლამა ადამიანებს მოუწოდებს “სოკარ ჯორჯია გაზის” პროექტში 500 ლარის ინვესტიცია ჩადონ, რაც მათ თვეში 3000 ლარის შემოსავალს მოუტანს.
იგივე ინფორმაცია 2022 წლის სექტემბერშიც ვრცელდებოდა.
ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ჯორჯია გაზი” ფულის გამოსამუშავებელ პროექტს იწყებს, დეზინფორმაციაა. კომპანიას პრესსამსახურის წარმომადგენელმა გავრცელებულ ინფორმაციას “მითების დეტექტორთან” საუბარში თაღლითური სქემა უწოდა და აღნიშნა, რომ “სოკარ ჯორჯია გაზს” ამ რეკლამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
-
“სოკარ ჯორჯია გაზს” გავრცელებულ რეკლამასთან კავშირი არ აქვს
“მითების დეტექტორი” გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად “სოკარ ჯორჯია გაზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. თეონა რუხაძემ აღნიშნა, რომ კომპანიას მსგავსი პროექტი არ აქვს და მათ ამავე შინაარსის თაღლითური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ უარყვეს.
თეონა რუხაძე: “სოკარ ჯორჯია გაზს” მსგავსი პროექტი არ აქვს და იგივე ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ყველას მოვუწოდებთ, არ ჩაერთონ თაღლითურ სქემებში.
“მითების დეტექტორმა” “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული თაღლითური ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა. 2022 წლის ივლისში, რუსულენოვან გვერდებზე ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები გაზის ტრანზიტიდან დივიდენდების მიღებას შეძლებდნენ და თვეში 2000 ლარამდე თანხის გამომუშავება შეეძლოთ. ვიდეოს ბოლოს, მომხმარებლებს თანხის მისაღებად რეგისტრაციას სთავაზობდნენ. ვიდეო კიბერ-თაღლითობის ნიშნებს შეიცავდა.
2022 წლის ივნისსა და ივლისში “სოკარ ჯორჯია გაზმა” ამ და სხვა თაღლითურ სქემებზე რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოხმარებლებს მსგავსი გვერდების შესახებ აცნობებდნენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.
სოციალურ ქსელში “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული ფოტო-სქრინები ფეისბუკ-გვერდებიდან Megafone და MLFun არის აღებული. ამჟამად, კონკრეტულად ეს რეკლამები ამ გვერდებზე არ იძებნება.
-
ფეისბუკ-გვერდი Megafone
“სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული ფოტო-სქრინი ფეისბუკ-გვერდ Megafone-დან არის აღებული. Megafone პორტუგალიური, მუსიკალური ბენდია და მათი მუსიკალური პროდუქტი, როგორც მათ ფეისბუკ-გვერდზე, ისე იუთებ-არხზე არის განთავსებული.
გვერდი 2011 წლის 17 მარტს შეიქმნა, ბოლო პოსტი კი 2019 წლის 27 ივნისსაა გამოქვეყნებული. Megafone -ს ფეისბუკ ადმინისტრატორები სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს, მათ შორის, ყველაზე მეტი 284 ადმინისტრატორი უკრაინიდან.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული რეკლამა “სოკარ ჯორჯია გაზის” შესახებ Megafone -ზე ამჟამად არ ჩანს, თუმცა გვერდის რეკლამის ბიბლიოთეკის განყოფილებაში იძებნება მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლი, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით დივიდენდებს დაპირდა. ვიდეოს მიხედვით, თითოეული დარეგისტრირებული მოქალაქე კვირაში 1400- დან 1800 ლარამდე თანხას მიიღებდა. ვიდეო 2022 წლის სექტემბერში დასპონსორებული იყო.
გარდა “სოკარ ჯორჯია გაზისა”, გვერდის რეკლამების განყოფილებაში ჩანს, რომ 2022 წელს კიდევ ორი რეკლამაა დასპონსორებული, რომელიც ასევე თაღლითური სქემის ნიშნებს შეიცავს. ერთ-ერთი ვიდეოში, Space X -ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, ილონ მასკი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად საინვესტიციო პროექტს “იწყებდა”, რომლის მიხედვით მოლდოვის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ კვირაში 900 დოლარამდე გამოემუშავებინათ, თუ Tesla X-ის დივიდენდებს შეისყიდდნენ. ეს რეკლამაც დასპონსორებული იყო.
“მითების დეტექტორმა” ილონ მასკის სახელით გავრცელებული თაღლითური სქემა წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ:
- ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს
- სთავაზობს თუ არა ილონ მასკი საქართველოს მოქალაქეებს ყოველთვიურ შემოსავალს?
მესამე ვიდეო, რომელიც Megafone -ის რეკლამების განყოფილებაში იძებნება, უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკათ მირზიოევისა და კომპანია USM HOLDINGS-ის სახელით ვრცელდებოდა. უზბეკეთის მოქალაქეებს კვირაში 700 დოლარის გამომუშავებას სთავაზობდნენ, რომელსაც ისინი USM HOLDINGS-ის დივიდენდების შესყიდვით შეძლებდნენ.
აღსანიშნავია, რომ Megafone -ზე განთავსებული სამივე რეკლამა კომპანია “მეტამ” რეკლამის სტანდარტების დარღვევის მიზეზით შეაჩერა.
-
ფეისბუკ-გვერდი MLFun
მეორე გვერდი, რომელზეც სავარაუდოდ “სოკარ ჯორჯია გაზის” რეკლამა იყო განთავსებული MLFun -ია. გვერდი ბულგალურენოვან, გასართობი შინაარსის პოსტებს წერს. MLFun -ის გვერდის გამჭვირვალობის განყოფილებაში მითითებულია, რომ გვერდი 2020 წლის 22 მარტსაა შექმნილი, ბოლო პოსტი კი 2020 წლის 5 ნოემბერსაა გამოქვეყნებული. გვერდს 7 ადმინისტრატორი ჰყავს, 6 უკრაინიდან, 1 კი ლატვიიდან.
ამჟამად, MLFun-ზე რეკლამა “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით აღარ იძებნება, თუმცა 2023 წელს გვერდს Baltic Pipe Project – ის სახელით სხვა თაღლითური რეკლამა ჰქონდა დასპონსორებული, რომლის თანახმად ევროპის ყველა მცხოვრები, რომელიც Baltic Pipe Project – ის აქციას იყიდდა, გარანტირებულად 2000 ევროს მიიღებდა. დივიდენდის ფასი კი 300 ევროს შეადგენდა. მომხმარებლებს პროექტში ჩასართავად რეგისტრაციას სთავაზობენ. აღნიშნული რეკლამაც კიბერ-თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.
“მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთი თაღლითური სქემა გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ სტატიებში:
- “კარფურისა” და KFC-ის ყალბ გვერდებს სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეყავს
- ტოიოტას სახელით ყალბი გათამაშების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
- სუპერმარკეტების ქსელ “მაგნიტის” სახელით ყალბი გათამაშება ვრცელდება
- TBC-ის სახელით “სეკრეტ სანტას” გათამაშების შესახებ ინფორმაციას ყალბი გვერდი ავრცელებს
- თაღლითური ვებ-საიტი ვალერი მელაძის სახელით საქართველოს მოქალაქეებს გამდიდრებას ჰპირდება
- ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება
- ფეისბუქზე ჰიუნდაის სახელით გათამაშების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.