10 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა სახელწოდებით Simon West გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თბილისის მერი, კახა კალაძე “სოკართან” დადებული ხელშეკრულების შესახებ საუბრობს და მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრებისა და შემოსავლისთვის პროქტში ჩართვისკენ მოუწოდებს. ვიდეოში კალაძე ამბობს, რომ პროექტის თითოეული მონაწილე “სოკარისგან” ყოველთვიურად დივიდენდებს მიიღებს და პირადად ის იძლევა გარანტიას პროგრამის საიმედოობის შესახებ. თავად პოსტში ნათქვამია, რომ “სოკარ ჯორჯია გაზის” გადაწყვეტილებით, კომპანიის დაბადების დღესთან დაკავშირებით საინვესტიციო პლატფორმაზე წვდომა თითოეულ მსურველს შეეძლება, ფინანსურ წარმატებაში კი მას პირადი მენეჯერის კონსულტაცია და უფასო ტრენინგი დაეხმარება.
ინფორმაცია, თითქოს “სოკარ ჯორჯია გაზი” კომპანიის დაბადების დღესთან დაკავშირებით საინვესტიციო პლათფორმასთან წვდომას ხსნის, დეზინფორმაციაა და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენს. კომპანიამ წარსულში არაერთხელ აღნიშნა, რომ სოკარის მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიეწოდებათ. “სოკარში” ინვესტირების შესახებ მოსახლეობას არც კახა კალაძე მოუწოდებს და მისი ინტერვიუ გაყალბებულია.
“სოკარ ჯორჯიას” დაბადების დღესთან დაკავშირებული პროექტი, რომლითაც ფულის გამომუშავება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი, არ აქვს და ამავე შინაარსის თაღლითური ინფორმაცია კომპანიამ წარსულში არაერთხელ უარყო. 2023 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში SOCAR Georgia Petroleum აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს სოკარის მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან (საიტი: http://SGP.GE, Facebook-ის ოფიციალური გვერდი) მიეწოდებათ და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ ენდონ სოკარის სახელით გავრცელებულ თაღლითურ შეთავაზებებს.
ფეისბუკ გვერდი “Simon West” 2023 წლის 4 ოქტომბერს შეიქმნა და მისი კატეგორიების ველში Science and tech (მეცნიერება და ტექნოლოგიები) არის მითითებული. გვერდის შესახებ ინფორმაციაში ჩინური კოდის მქონე ტელეფონის ნომერი (+86 133 0356 7876) გვხვდება. აღსანიშნავია, რომ გვერდის შესახებ განყოფილება DragonPass-ს შეეხება და ამ ნაწილში ნათქვამია, რომ DragonPass მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს 800-ზე მეტ აეროპორტში მოგზაურობის უპირატესობებითა და პრივილეგიებით ისარგებლონ. გვერდზე განთავსებული პირველი რამდენიმე პოსტი (1;2;3) და ქავერის ფოტო სწორედ ამ აპლიკაციას ეხება და პოსტებზე Google Play-დან ამ აპლიკაცის ჩამოსატვირთი ბმულიც არის მითითებული. შესაბამისად, გვერდზე განხორციელებული პირველი რამდენიმე აქტივობა მომხმარებლებს ამ გვერდის შესახებ არასწორ წარმოდგენას უქმნის.
ვიდეო, რომელშიც კალაძე მოსახლეობას სოკარში ინვესტიციების განხორციელებას სთავაზობს, გვერდის სიახლეების ველში არ გვხვდება და ის ამჟამად არც რეკლამების განყოფილებაშია ხელმისაწვდომი. 13 დეკემბრის მონაცემებით Simon West-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში მხოლოდ ერთი პოსტი გვხვდება, რომელიც ჩეხეთში მცხოვრებლებს ჩეხურ სიახლეებს სთავაზობს.
სოკარის შესახებ კახა კალაძის ვიდეო გაყალბებულია
თბილისის მერი, კახა კალაძის კადრები, რომელშიც ის თითქოს სოკარის პროექტის შესახებ საუბრობს, 2022 წელს სპორტული ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ინტერვიუდან არის ამოჭრილი, ხოლო ხმა დადებულია და ინტერვიუში კალაძე არა რომელიმე პროექტში ინვესტიციების განხორციელების შესახებ, არამედ თავისი კარიერის შესახებ ყვება.
როგორც გვერდის აღწერაში, ასევე პოსტში მითითებულია იმ საიტის ბმული (https://plannerevent.click) რომელზედაც სოკარში ინვესტირების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. Whois.DomainTools-ის თანახმად, საიტი 2023 წლის 12 ოქტომბერს შეიქმნა და მისი IP მისამართი კალიფორნიაში მდებარეობს.
ვებ-საიტზე გვხვდება სარეგისტრაციო ბმული, სადაც მსურველებმა პირადი მონაცემები უნდა შეავსონ (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა).
გარდა ამისა, აქვე განთავსებულია კიდევ ერთ ვიდეო, რომელშიც ახლა უკვე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას პროქტში ჩართვისკენ. ღარიბაშვილის თქმით, სოკართან მოლაპარაკების შემდეგ, საინვესტიციო თანხა 400 ლარამდე შემცირდა და მოსახლეობას პროექტში ჩართვით ყოველთვიურად 4000 დოლარზე მეტი შემოსავალის მიღება შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეოც გაყალბებულია და საიტი ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გადაღებულ კადრებს იყენებს.
ამავე საიტზე ვხედავთ სალომე ზურაბიშვილის ფოტოსა და ტექსტს. ამ ნაწილში ზურაბიშვილს მიეწერება განცხადება, თითქოს ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უკვე შეუძლია ინვესტირება ეროვნულ რესურსებში და ეს მომგებიანი იქნება როგორც “სოკარ ჯორჯია გაზის”, ასევე საქართველოს ყველა მაცხოვრებლისთვის და ვინც ინვესტიციას განახორციელებს სოკარის პროექტებში, ყოველთვიურად ს 800-დან 8500 აშშ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს.
სანდოობის შესაქმნელად ამავე გვერდზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პროფესიონალი მონაწილის ლიცენზიაც გვხვდება, რომელიც 2022 წლის 24 იანვრით არის დათარიღებული და საქართველოს ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ხელმოწერა აქვს.
ზუსტად ასეთივე ლიცენზია რამდენიმე თვის წინ ვებ-საიტმა daughtertoiletreplacewheat.com გამოიყენა, რომელიც მომხმარებლებს “სოკარ ჯორჯია გაზში” ინვესტირებით გამდიდრებას ჰპირდებოდა.
“მითების დეტექტორმა” “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული თაღლითური ინფორმაცა წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და გიორგი გაბუნიას სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
- О КОМПАНИИ SOCAR GEORGIA GAS РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ВИДЕО, КОТОРОЕ СОДЕРЖИТ ПРИЗНАКИ КИБЕР-МОШЕННИЧЕСТВА
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
მსგავსი თაღლითური სქემა ვრცელდებოდა “ლუკოილის” და ირაკლი ღარიბაშვილის სახელითაც:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.