19 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა Jorge Minaya “მთავარი არხის” დირექტორისა და ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ინტერვიუ სენსაციური სათაურით გაავრცელა: “რა დაემართა გიორგი გაბუნიას და არის თუ არა ეს მისი კარიერის დასარული?” სტატიის გარეკანზე, რომელიც პოსტს თან ახლავს, ვკითხულობთ, რომ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს გიორგი გაბუნიას შოკისმომგვრელი სიმართლის გამჟღავნება მოუწია. სიმართლე, რომელსაც გაბუნია ინტერვიუში ამჟღავნებს “სოკარ ჯორჯია გაზის” აქციების დახმარებით ფულის გამომუშავებას და სწრაფად გამდიდრების გზას ეხება.
ინფორმაცია, თითქოს გიორგი გაბუნია სწრაფად გამდიდრების საიდუმლოს ამხელს, რომელიც “სოკარ ჯორჯია გაზის” აქციებს უკავშირდება, დეზინფორმაციაა და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენს. გაბუნიას Newsgeorgia-ს ან სხვა საინფორმაციო სააგენტოების ეთერში ფულის შოვნის გზებზე არ უსაუბრია და როგორც ინტერვიუ, ასევე საიტის ინტერფეისი გაყალბებულია.
ვებ-საიტზე სახელწოდებით daughtertoiletreplacewheat.com (არქივი) გიორგი გაბუნიას ინტერვიუ შემდეგი სათაურით არის წარმოდგენილი: “გიორგი გაბუნიას სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა: საქართველოს ეროვნული ბანკი სარჩელის შეტანას აპირებს იმის გამო, რომ გაირკვა საიდუმლო – როგორ შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მცხოვრებს კაპიტალის გამომუშავება.” სტატიაში ნათქვამია, რომ NewsGeorgia-ს რეიტინგი და ნახვები მას მერე გაიზარდა, რაც მაყურებლებმა შემთხვევით გიორგი გაბუნიას მობილური ტელეფონის ეკრანზე კონკრეტული ვებგვერდის ბმული დაინახეს. სწორედ ამიტომ გაბუნია იძულებული გახდა გაემჟღავნებინა, თუ როგორ არის შესაძლებელი “სოკარის” აქციებით ერთ დღეში რამდენიმე ათასი ლარის შოვნა. სტატიის თანახმად, გამდიდრების მსურველებმა მითითებულ ბმულზე უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია და შეიტანონ 300 ლარი, დანარჩენს კი, გამოცდილი ტრეიდერები გააკეთებენ. მეტი დამაჯერებლობისთვის ინტერვიუერი “გაბუნიასთან ერთად რეგისტრირდება” და სულ რაღაც 20 წუთში 650 ლარს შოულობს.
ინტერვიუს ბოლოს წარმოდგენილ გზამკვლევში აღწერილია, თუ როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია თანხის გამომუშავების მსურველებმა. ინსტრუქციის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს პერსონალური ექსპერტი დაუკავშირდება და პროქტში ჩართავს. აქვე ნათქვამია, რომ მსურველს თანხის დაბანდება თავიდანვე შეუძლია და მისი მინიმალური ოდენობა 300 ლარი უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ საიტზე, რომელზედაც გიორგი გაბუნიას ინტერვიუა გამოქვეყნებული, რუსულენოვანი გამოცემის, newsgeorgia.ge-ის ვიზუალი და ლოგო გვხვდება. ასევე საიტი მოიცავს იმავე განყოფილებებს (ყველა სიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება, ინციდენტები, კარგი ამბები, ტურიზმი და ამინდი), რაც ნამდვილ გამოცემაში გვხვდება.
თუმცა, ამ განყოფილებებზე დაკლიკებისას, სიახლეები არ იხსნება და იმავე სახელწოდების მქონე საიტზე (https://daughtertoiletreplacewheat.com) გადავდივართ, სადაც სოკარის დახმარებით ფულის გამოსამუშავების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
სანდოობის შესაქმნელად ამავე გვერდზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე პროფესიონალი მონაწილის ლიცენზიაც გვხვდება, რომელიც 2019 წლის 13 დეკემბრით არის დათარიღებული და საქართველოს ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ხელმოწერა აქვს.
აღსანიშნავია, რომ “სოკარ ჯორჯიას პროექტი”, რომლითაც ფულის გამომუშავება სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი, არ აქვს და ამავე შინაარსის თაღლითური ინფორმაცია კომპანიამ წარსულში არაერთხელ უარყო. ინფორმაცია აქციების საშუალებით ფულის სწრაფად გამომუშავების შესახებ არც სოკარის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე და საიტზე გვხდება.
“მითების დეტექტორმა” “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელებული თაღლითური ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 2022 წლის ივლისში, რუსულენოვან გვერდებზე ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ასევე აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეფორმა შეიმუშავა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები გაზის ტრანზიტიდან დივიდენდების მიღებას შეძლებდნენ და თვეში 2000 ლარამდე თანხის გამომუშავება შეეძლოთ. ვიდეოს ბოლოს, მომხმარებლებს თანხის მისაღებად რეგისტრაციას სთავაზობდნენ. 2023 წლის აპრილში, “სოკარ ჯორჯია გაზის” სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას “სოკარ ჯორჯია გაზის” პროექტში 500 ლარის ინვესტიციის ჩადებას სთავაზობდა, რაც მათ თვეში 3000 ლარის შემოსავალს მოუტანდა. ინფორმაცია ორივე შემთხვევაში ყალბი იყო და თაღლითური სქემის ნაწილს წარმოადგენდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- “სოკარ ჯორჯია გაზისა” და სალომე ზურაბიშვილის სახელით მორიგი თაღლითური პოსტი ვრცელდება
- О КОМПАНИИ SOCAR GEORGIA GAS РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ВИДЕО, КОТОРОЕ СОДЕРЖИТ ПРИЗНАКИ КИБЕР-МОШЕННИЧЕСТВА
აღსანიშნავია, რომ Newsgeorgia.ge სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას “სოკარ ჯორჯია გაზის” პროექტის შესახებ ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ სტატია, რომელიც გამდიდრების მარტივ გზას სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, Newsgeorgia-ს ვიზუალს იპარავს და მოუწოდებს გამომწერებს, რომ შეცდომაში არ შევიდნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თაღლითური ვებ-საიტები Newsgeorgia.ge-ის ვიზუალს იპარავენ და მომხმარებლებს ფულის გამომუშავების მარტივ გზებს სთავაზობენ. 2021 წლის ნოემბერში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ბუნებრივი აირის მწარმოებელი რუსული კომპანია “გაზპრომი” საქართველოს მოქალაქეებს თვეში ათასობით დოლარის გამომუშავებას სთავაზობდა, ვიდეოს კი წარწერა НОВОСТИ – ГРУЗИЯ информационный портал ჰქონდა დატანილი, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ვაკანსიას საინფორმაციო სააგენტო newsgeorgia.ge აშუქებდა.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
Whois.domaintools პლატფორმაზე ვნახულობთ, რომ ვებ-საიტი(daughtertoiletreplacewheat.com) 2023 წლის 17 ოქტომბერს შეიქმნა და IP მისამართად კალიფორნია არის მითითებული.
რა ვიცით ფეისბუკ გვერდის Jorge Minaya შესახებ?
ფეისბუკ გვერდი Jorge Minaya, რომელიც თაღლითურ სქემას ავრცელებს, 2013 წლის 16 სექტემბერს შეიქმნა და აღწერის თანახმად, მისი მფლობელი პოლიტიკურ კონსულტანტი და დომინიკელთა რესპუბლიკის ყოფილი ახალგაზრდობის მინისტრი, ხორხე მინაია არის. გვერდს ლურჯი ნიშანი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერიფიცირებულია.
გვერდის ფოტოების განყოფილებაშიც მხოლოდ ხორხე მინაიას საარჩევნო კამპანიების ფარგლებში გადაღებული ფოტოები, პოლიტიკოსის მოსახლეობასთან შეხვედრის, თოქ-შოუებში მონაწილეობის ამსახველი კადრები გვხვდება.
Jorge Minaya-ს “თაიმლაინზე” (პოსტების ველში) არჩევნებთან დაკავშირებული ბანერები და ხმის მიცემისკენ მოწოდებები არის გამოქვეყნებული. შესაბამისად, ამ ველში არანაირი სახის რეკლამა ფულის სწრაფად დაგროვების შესახებ არ გვხვდება. სამაგიეროდ, რეკლამების ბიბლიოთეკაში Jorge Minaya-ს სახელით შვიდი დაფინანსებული პოსტი არის გავრცელებული. მათგან ექვსი 10 ოქტომბერს იტალიურ ენაზე არის წარმოდგენილი და იტალიელი ტელეწამყვანის, პაოლო ბონოლისის კარიერის დასრულებას ეხება. რეკლამას სენსაციური და დამაინტრიგებელი ტექსტი აქვს დართული: “მისი სიტყვები პირდაპირ ეთერში გახდა ცნობილი. ნამდვილად დასრულდა პაოლო ბონოლისის კარიერა?”
მეშვიდე რეკლამა, რომელიც 2023 წლის იანვარშია გაშვებული, ხორხე მინაიას დეპუტატად არჩევას ეხება.
აღნიშნული ქცევა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გვერდზე წვდომა მისი თავდაპირველი მფლობელის გარდა სხვებსაც აქვთ, რასაც გვერდის შესახებ განყოფილებაში გვერდის ადმინისტრატორების შესახებ მითითებული ინფორმაციაც ადასტურებს. ფეისბუკ გვერდს ვიეტნამიდან ორი, უკრაინიდან კი ხუთი ადამიანი მართავს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ადამიანების სახელების გამოყენება თაღლითური შინაარსის მქონე ვებ-საიტებზე/პოსტებში გავრცელებული მეთოდია, რათა პლატფორმაზე მეტი ადამიანი მიიზიდონ. მაგალითად, “მითების დეტექტორმა” წარსულში გადაამოწმა ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის სახელით გავრცელებული ყალბი ვიდეოები, ასევე ვალერი მელაძის სახელით გავრცელებული ინტერვიუ:
- ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს
- В ФЕЙСБУКЕ РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ВИДЕО МАРКА ЦУКЕРБЕРГА С ФАЛЬШИВЫМ РУССКОЯЗЫЧНЫМ ОЗВУЧИВАНИЕМ
- თაღლითური ვებ-საიტი ვალერი მელაძის სახელით საქართველოს მოქალაქეებს გამდიდრებას ჰპირდება
- სალომე ზურაბიშვილის სახელით კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმაზე მოწოდებას თაღლითური ვებ-საიტი ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.