8 ნოემბერს ფეისბუკ-გვერდმა სახელწოდებით Nei Oltipri გაავრცელა ვიდეო, რომელშიც უცნობი პირი სმენის დაქვეითებაზე საუბრობს. მოსაუბრე წარდგენილია, როგორც მჭედელი და ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე ხმაურის გამო სმენის პრობლემები დაეწყო, ხოლო წამალმა, რომლის შესახებაც ტელევიზორით გაიგო, პრობლემა 2 კვირაში მოუგვარა. მოსაუბრე მაყურებელს მოუწოდებს, ხელი დააჭირონ ღილაკს ვიდეოს ქვეშ და გაიუმჯობესონ სმენა.
ვიდეოს დართული აქვს ბმული, რომელზეც გვხვდება ვრცელი სტატია წამლის შესაძლებლობებზე და შეთავაზება მის შეძენასთან დაკავშირებით.

ვიდეო გაყალბებულია და ხმა პროგრამულად, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის დამუშავებული. რეალურად, ვიდეოში მონაწილე კაცს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. პოსტი და ვებ-საიტი თაღლითურია და ფეისბუკ-მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად.
გავრცელებულ ვიდეოში შეიმჩნევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ნიშნები. პირის მოძრაობა არ ემთხვევა წარმოთქმულ ტექსტს, ასევე, წინადადებების წყობაში არაერთი შეცდომაა დაშვებული, რაც მიუთითებს მასალის მონტაჟსა და ხმის დამუშავებაზე. ვიდეოს დასაწყისში კაცი სიტყვებს არასწორად წარმოთქვამს, რაც ხშირად ახასიათებს AI-ის მიერ გენერირებულ ხმოვან მასალას.
კადრები ამოჭრილია იუთუბ-არხ Székelyföld 1000 arca-ს მიერ 2021 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეოდან, რომელშიც, აღწერის მიხედვით, გიური ბარაბასის ინტერვიუს ვისმენთ.

აღნიშნულ ინტერვიუში მჭედელი საკუთარი ცხოვრების, ბავშვობისა და დაგროვებული გამოცდილების შესახებ უნგრულად საუბრობს. ის წამალს ან სმენის პრობლემას არ ახსენებს. კადრები იმგვარად არის დამუშავებული და ხმა გენერირებული, თითქოს კაცი ქართულად წამლის შესაძლებლობებს განიხილავს.
აღნიშნულ ვიდეოფაბრიკაციას თან ერთვის ბმული, რომელსაც მომხმარებელი თაღლითურ ვებ-საიტზე გადაჰყავს, სადაც წამლის შესაძლებლობების შესახებ გამოქვეყნებული სტატია გვხვდება. ვებ-საიტზე გამოყენებული არ არის ლოგო ან სხვა რაიმე საინდეტიფიკაციო ნიშნები. სტატიაში არაერთი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული. საიტი ისეა წარმოჩენილი, თითქოს ის რომელიმე მედიასაშუალებას ეკუთვნის და დართული აქვს პოლიტიკის, ეკონომიკის, სპორტისა და სხვა საკითხების შესახებ გვერდებზე გადასასვლელი ღილაკები, თუმცა არცერთი ამთგანი არ მუშაობს.
ბმულზე, სტატიის ბოლოს, მომხმარებელს წამლის შეძენას ფასდაკლებით სთავაზობენ, სანაცვლოდ კი პირადი მონაცემების – სახელის, გვარისა და ნომრის შეყვანას სთხოვენ. რეალურად, ბმული თაღლითურია და მიზნად ფეისბუქ-მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს.


Whois Lookup-ის მეშვეობით გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თაღლითური ვებ-საიტი 2025 წლის 29 ოქტომბერს არის შექმნილი.

ვიდეოფაბრიკაცია თანდართული თაღლითური ვებ-საიტით გამოაქვეყნა ფეისბუქ-გვერდმა სახელწოდებით Nei Oltipri, რომელიც 2025 წლის 9 ივნისს შეიქმნა. მას გვერდის შესახებ ინფორმაციის გრაფაში დართული აქვს მისამართი – დნეპრი, უკრაინა. ასევე, გვერდზე მითითებულია, რომ ის ვინტაჟურ მაღაზიას ეკუთვნის, თუმცა მაღაზიასთან დაკავშირებული რაიმე პოსტი, ვიდეო ან ფოტო გამოქვეყნებული არ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ თაღლითური პოსტი მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში ჩანს და არა ფეისბუქ-გვერდზე. რეკლამების ბიბლიოთეკაში გადასვლით ვიგებთ, რომ გვერდს 2025 წლის ნოემბერში რამდენიმე პოსტი აქვს დასპონსორებული – მათგან ორი ქართულია და სმენის პრობლემებს შეეხება. გარდა ამისა, იგივე შინაარსის თაღლითური პოსტები დასპონსორებულია აზერბაიჯანულ და ბულგარულ ენებზეც.

მოამზადა ნინო ვანიშვილმა
“მითების დეტექტორის” ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















