22 მარტს სოციალურ ქსელში კომპანია ალტას სახელით Smeg-ის ჩაიდნების გათამაშების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ფეისბუკ გვერდის Alta – ალტა მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ მომხმარებლები Smeg-ის ჩაიდნის შეძენას 7 ლარად შეძლებენ, სპეციალურ ფასად კი მხოლოდ 100 ჩაიდანია ხელმისაწვდომი. პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებმა “შეკვეთას” უნდა დააჭირონ.
7 ლარად Smeg-ის ჩაიდნების შეძენის შესახებ ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის მიზნით შექმნილი გვერდი ავრცელებს. ამ ფეისბუკ გვერდის მიზანს მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის, ბანკის ბარათის მონაცემების მოპოვება წარმოადგენს.
ასევე, კომპანია “ალტა” მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ არ შევიდნენ შეცდომაში ყალბი გვერდების მიერ გავრცელებული გათამაშების შესახებ.
-
რა ვიცით ფეისბუკ გვერდის Alta – ალტა-ს შესახებ?
ფეისბუკ გვერდი Alta – ალტა 2025 წლის 17 მარტს შეიქმნა და მას 26 მარტის მდგომარეობით 377 გამომწერი ჰყავს. გვერდი სანდოობის შემქნის მიზნით პროფილის ფოტოდ ტექნიკის კომპანია “ალტას” რეალურ ლოგოს იყენებს, თუმცა ეს ლოგო სარკისებურად არის შებრუნებული. ასევე ფეისბუკ გვერდს მითითებული აქვს სხვა სოციალური ქსელების, მათ შორის, Instagram-ისა და X-ის ბმულები, ტელეფონის ნომერი (032 138 40 38), ელექტრონული ფოსტა ([email protected]), მისამართი და ვებსაიტი (tinyurl.com/Alta-Smeg). აღწერაში მითითებული ინსტაგრამისა და X-ის ბმულები არ ფუნქციონირებს, ასევე შეუძლებელია ტელეფონის ნომერზე ზარის განხორციელება. თუმცა გვერდს ტექნიკის კომპანია “ალტას” ერთ-ერთი მაღაზიის მისამართი სწორად აქვს მითითებული, ასევე შესაძლებელია მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნა და იმ ვებ-საიტზე გადასვლა, რომელიც აღწერაში გვხვდება.
თუ ერთმანეთს შევადარებთ “ალტას” რეალურ ფეისბუკ გვერდსა და ყალბ გვერდს, ვნახავთ, რომ ყალბ გვერდი ახლადშექმნილია, ჰყავს ძალიან ცოტა გამომწერი, ქავერის ფოტოზე გვხვდება მხოლოდ ერთი პროდუქტის – Smeg-ის ჩაიდნის ფოტო, რაც ტექნიკის მაღაზიისთვის, რომელსაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორც წესი, არ არის დამახასიათებელი.


სხვა ყალბი გვერდებისგან განსხვავებით, ახლადშექმნილი თაღლითური გვერდი მაქსიმალურად ცდილობს გამოქვეყნებული პოსტები “ალტას” რეალური გვერდის მიერ გავრცელებულ პოსტებს მიამსგავსოს, რაც მომხმარებელს, შესაძლოა, ურთულებდეს ყალბი გვერდისა და რეალურ გვერდების ერთმანეთისგან გარჩევას.


თუმცა, ყალბ გვერდზე გასაყიდი ტექნიკის შესახებ მხოლოდ 6 პოსტია განთავსებული, რაც ასევე გვაძლევს ეჭვის საფუძველს – ალტას რეალურ ფეისბუკ გვერდზე ბუნებრივია, რომ 6-ზე მეტი პროდუქტი არის განთავსებული.
სხვა ყალბი ფეისბუკ გვერდებისგან გასხვავებით, რომელთა შესახებაც “მითების დეტექტორი” მუდმივად წერდა, ეს ყალბი გვერდი, მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოიპოვოს სანდოობა. მაგალითად, ქვემოთ მითითებულ სქრინშოტებზე ვხედავთ, რომ ალტას ყალბ გვერდს რეალური გვერდის პოსტი გადმოკოპირებული აქვს – განსხვავება ამ პოსტებს შორის მხოლოდ ისაა, რომ “ალტას” რეალური გვერდის პოსტიდან მომხმარებელს წარმოდგენილი პროდუქტის ნახვა და შეძენა მითითებულ ბმულზე გადასვლით შეუძლია.
თუმცა, მხოლოდ ეს ნიშანიც ვერ გახდება სიყალბის განმსაზღვრელი, რამდენადაც “შეუკვეთეთ ახლავე” ღილაკი გვხვდება ყალბი გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო პოსტზე, რომელიც Smeg-ის ჩაიდნების 7 ლარად შეძენას ეხება.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დააჭერს ღილაკს “შეუკვეთეთ ახლავე”, ის “Smeg-ის კამპანიის წევრი ხდება და სამზარეულოს “იტალიური ელეგანტურობით” განახლების” საშუალება მხოლოდ 7 ლარად ეძლევა. გათამაშებაში მონაწილეობის გასაგრძელებლად მომხმარებელმა უნდა შეავსოს მარტივი კითხვარი: გიყიდიათ ოდესმე SMEG-ის პროდუქტები?; რომელი კატეგორიის SMEG-ის პროდუქტები მოგწონთ ყველაზე მეტად?; ცხოვრობთ საქართველოში?.
როგორც განცხადებაში, ასევე კითხვარში გვხვდება არაბუნებრივი ქართული, რაც აჩენს ეჭვს, რომ ტექსტი არაქართულენოვანი პირის მიერ არის შედგენილი. მაგალითად, მესამე კითხვის “ცხოვრობთ საქართველოში?” პასუხად, მომხმარებელმა “დიახ” ან” არას” ნაცვლად, “დიახ” ან “არაფერი” უნდა უპასუხოს.
კითხვარის შევსების შემდეგ მომხმარებელმა გამოსახული სასაჩუქრე ყუთებიდან ერთ-ერთ უნდა აირჩიოს. პირველ ცდაზე ის ვერაფერს იგებს, თუმცა კომპანია მეორე შანსს სთავაზობს. მეორე ცდაზე ის უკვე გათამაშების გამარჯვებულია და ჩაიდნის მისაღებად მითითებულ ველებში პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს.
მომხმარებელის სახელის, გვარის, მობილური ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, მისამართის ველებს შევსების შემდეგ “გათამაშების მონაწილეს” უკვე საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვს ვებ-საიტი.
-
რა ვიცით ვებ-საიტის შესახებ?
თაღლითური ვებ-საიტი (classyagrofoods.com) რომელზესაც მომხმარებელმა პერსონალური მონაცემები უნდა შეიყვანოს, 2024 წლის 23 იანვარს არის შექმნილი და whois.domaintool-ის თანახმად, IP მისამართი, რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში მდებარეობს.
რა განცხადებას ავრცელებს ტექნიკის კომპანია “ალტა”?
18 მარტს კომპანია “ალტამ” სოციალურ ქსელში თაღლითური ფეისბუკ გვერდის შესახებ განცხადება გააკეთა. “ალტას” მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ “ალტას” სახელით შექმნილი ყალბი გვერდი ფიშინგის მიზნით არის შექმნილი, მომხმარებელთა პირადი მონაცემების მოპოვების მიზნით. კომპანია ასევე მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ არ ენდონ არაოფიციალური გვერდიდან გავრცელებულ “სპეციალურ შეთავაზებებს” და პირადი საბანკო მონაცემების გაზიარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკონ ბარათი.
-
როგორ დავიცვათ თავი თაღლითობისგან?
“ფიშინგი თაღლითობის” ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანიც მომხმარებლის პერსონალური მონაცემების და ფინანსური ინფორმაციის მოტყუებით მოპოვება წარმოადგენს. ბოლო პერიოდში თაღლითობის მიზნით შექმნილ ფეისბუკ გვერდებს მომხმარებლები სხვადასხვა გათამაშებითა თუ სამსახურის შეთავაზებით შეცდომაში შეჰყავთ. თაღლითები ქმნიან ყალბ ფეისბუკ გვერდს, რომელიც რეალური კომპანიის გვერდს ჰგავს, იყენებენ მის ლოგოს და ინფორმაციას, რათა მომხმარებლებს ნდობა გაუჩინონ. შემდეგ კი ცრუ გათამაშებით ცდილობენ მათ მოტყუებას, თითქოს მათ ძალიან დაბალ ფასად შეუძლიათ პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ მომხმარებელს სთავაზობენ შეკვეთის განთავსებას ან გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას, ითხოვენ მის პირად მონაცემებს, მათ შორის საბანკო ბარათის დეტალებს. საბოლოოდ, შესაძლებელია, რომ ბარათიდან თანხა ჩამოაჭრან ან მიღებული ინფორმაცია სხვა დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ.
მომხმარებლებმა თავის დაცვის მიზნით, ყოველთვის უნდა გადაამოწმონ ინფორმაციის სანდოობა. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციონ გვერდის შექმნის თარიღს, გამომწერების რაოდენობას და იმას, თუ რამდენად რეალისტურად გამოიყურება პოსტები. როგორც წესი, ოფიციალური კომპანიები არასდროს სთავაზობენ მომხმარებლებს ძვირადღირებულ ტექნიკას ექსტრემალურად დაბალ ფასად, ამიტომ მსგავს შეთავაზებებს მომხმარებლები სკეპტიკურად უნდა მიუდგნენ. ასევე, სასურველია, რომ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადამოწმდეს. მაგალითად, იტალიური კომპანიის Smeg პროდუქცია ტექნიკის მაღაზია “ალტაში” საერთოდ არ გვხვდება, სხვა ქართულ მაღაზიებში კი ასეთი ჩაიდნის ფასი 680 ლარიდან იწყება,
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა უკვე შეიყვანა პირადი მონაცემები ასეთ გვერდზე, მან დაუყოვნებლივ უნდა დაბლოკოს თავისი საბანკო ბარათი და მიმართოს შესაბამის ბანკს.
მსგავსი ტიპის თაღლითური სქემები “მითების დეტექტორმა” ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებაც გამოავლინა, როდესაც ბათუმსა და თბილისში მოსახლეობას წელიწადში 7 ლარად მგზავრობას სთავაზობდნენ:
- თბილისის შემდეგ თაღლითური სქემა ბათუმში 7 ლარად მგზავრობაზეც ვრცელდება
- “მეტრომანით” წელიწადში 7 ლარად მგზავრობის შესახებ ინფორმაციას თაღლითური გვერდი ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.