28 იანვარს POSTV-ის ფეისბუკ გვერდმა POSTV – პოლიტიკა გაავრცელა ვიდეო გადაცემიდან “ევროკრატია”, სადაც ნათქვამია, რომ 24 იანვარს ბრატისლავაში გამართული აქციის ორგანიზატორი უკრაინული ორგანიზაცია “მშვიდობა უკრაინისთვის” იყო და ქვეყანაში, სადაც ათასობით უკრაინელმა თავი შეაფარა, სწორედ უკრაინული ორგანიზაცია გეგმავს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს.
დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს სლოვაკეთში აქციებს უკრაინული ორგანიზაცია აორგანიზებს. “მშვიდობა უკრაინისთვის”არა უკრაინული, არამედ სლოვაკური ორგანიზაციაა და სლოვაკეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პირებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააფუძნეს.
“Mier Ukrajine” (მშვიდობა უკრაინისთვის) არის სლოვაკური ორგანიზაცია, რომელიც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სლოვაკეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ორგანიზაციის სახელწოდება მიანიშნებს მხოლოდ უკრაინის თემატიკასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და მის უკრაინულ წარმოშობას არ გულისხმობს. ორგანიზაციის მიზანია სლოვაკეთში დემოკრატიული პროცესების დაცვა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ორგანიზება. Mier Ukrajine-ის წევრები სლოვაკეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი ძალებით და მოხალისეთა დახმარებით აწყობენ საპროტესტო გამოსვლებს ბრატისლავაში.
საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობა უკრაინისთვის წარმოადგენს მყისიერ სამოქალაქო პასუხს სუვერენულ და დამოუკიდებელ უკრაინაზე რუსეთის არმიის უპრეცედენტო აგრესიასა და თავდასხმაზე. მათი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები თითოეულ ჩვენგანზე ფუნდამენტურად მოქმედებს: “ისევე, როგორც უკრაინა, თავისუფალი და დემოკრატიული სლოვაკეთიც საფრთხის ქვეშაა.” გარდა ამისა, სლოვაკური ფანდრაიზერი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ Mier Ukrajine-ს წევრები სლოვაკეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პირები არიან, რაც დამატებით ადასტურებს, რომ ორგანიზაციას არა უკრაინული, არამედ სლოვაკური წარმოშობა აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორს” წერილობით დაუდასტურა, რომ Mier Ukrajine სლოვაკეთში დაფუძნებული და სლოვაკი წევრებისგან შემდგარი ჯგუფია. მათი განცხადებით, ორგანიზაცია შედგება მცირე ჯგუფისგან, რომელიც საპროტესტო აქციებს ბრატისლავაში მოხალისეების დახმარებით აწყობს.
წერილში ასევე აღნიშნულია ისიც, მმართველი პარტია ცდილობს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები უკრაინასთან დააკავშიროს. კერძოდ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ საჯაროდ განაცხადა, რომ 24 იანვრის აქციაზე “მონაწილეების ერთი მესამედი” უკრაინელი იყო, თუმცა მას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც ამ განცხადებას დაადასტურებდა. ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით, მათ უცხოურ გავლენებსა და ძალებთან დაკავშირებას ცდილობს.
სლოვაკეთში ათობით ათასი ადამიანი დემონსტრაციას მართავს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები ქვეყნის დაახლოებით 25 ქალაქში მიმდინარეობს. ადგილობრივი გამოცემის Dennik N შეფასებით, საპროტესტო აქციებში 100 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 40 000 ბრატისლავაში. მომიტინგეები პრემიერ ფიცოსა და მის მთავრობას ქვეყნის ინსტიტუციებისთვისა და კულტურისთვის ძირის გამომთხრელ საქმიანობაში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქციების მონაწილეების განცხადებით, ფიცოს პოლიტიკა, განსაკუთრებით კი უკრაინაზე მზარდი თავდასხმებითა და მოსკოვის მხარდაჭერით, ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსაგან აშორებს.
აღსანიშნავია, რომ იგივე გზავნილები, თითქოს აქციებში უკრაინელები მონაწილეობენ და არეულობას აწყობენ, საქართველოსთან დაკავშირებითაც გვხვდებოდა. ნარატივი, რომ თბილისში აქციები გარე ძალების ჩარევით იგეგმება, მმართველმა პარტიამაც არაერთხელ გააჟღერა. საპროტესტო აქციაში უშუალოდ უკრაინელების ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ხშირად რუსული წყაროებიდან მოდიოდა. ვრცლად იხილეთ:
- დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტზე გაკრულ ბანერებზე სტეპან ბანდერაა გამოსახული
- ტყუილია, თითქოს საქართველოში არეულობის მოსაწყობად უკრაინელ აქტივისტებს აგროვებენ
- Известия -ის ჟურნალისტი იტალიელ აქტივისტებს უკრაინელებად წარმოაჩენს
- რუსული ანგარიშები მაისის საპროტესტო აქციის კადრებს გონჩარენკოს მიერ “2024 წლის არჩევნებზე ჩამოყვანილ მომიტინგეებს”უკავშირებენ
- “უკრაინელი სნაიპერები”, რომლებიც რუსულმა მედიამ რუსთაველზე ამოიცნო, სინამდვილეში ქართველი მოლაშქრეები აღმოჩნდნენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















