20 ოქტომბერს ფეისბუქზე გავრცელდა დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი ანგარიშის, ხატია ჯანაშიას ვიდეო, სადაც ის დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სოც. მუშაკების შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს. მისი თქმით, სოციალური მუშაკები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰკითხავენ: როგორ გექცევიან მშობლები? გზღუდავენ თუ არა რამეში? გსჯიან თუ არა და ა.შ. ხატია ჯანაშიას თანახმად, სწორედ ამგვარი მეთოდით აპირებენ საქართველოში იუვენალური კანონის ამოქმედებას. კანონს კი ის შემდეგნაირად განმარტავს: “მშობელს შეეზღუდება შვილზე აბსოლუტური უფლება და თუკი ბავშვმა ამ გამოკითხვის დროს გულუბრყვილოდ გასცა სოცმუშაკს პასუხი, მაგალითად, რომ მშობლები მსჯიან და მზღუდავენ, ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ მშობელს შვილი ჩამოართვან.”
ხატია ჯანაშია: “ვრცელდება ინფორმაცია, რომელსაც უკვე ვამოწმებთ, რომ დაწყებით კლასებში, განსაკუთრებით მე-4 კლასში, აპირებენ სკოლაში სოციალური მუშაკების შეყვანას, რათა ბავშვები გამოკითხონ. კითხვები იქნება, დაახლოებით, ეგეთი: როგორ გექცევიან მშობლები? გზღუდავენ თუ არა რამეში? გსჯიან თუ არა და ა.შ. რაზეც ბავშვებმა პასუხი არ უნდა გასცენ […]. ბავშვმა უნდა უთხრას შემდეგი რამ, რომ მე არ ვაპირებ თქვენთან საუბარს მშობლების გარეშე.”
22 ოქტომბერს ხატია ჯანაშიამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა, რომ მისი გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა. ვიდეოს აღწერაში დაურთო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფეისბუქ-პოსტის ბმული. პოსტში ვკითხულობთ, რომ სამსახური 23 ოქტომბერს ატარებს ვებინარს თემაზე: “სკოლის სოციალური მუშაკის როლი მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროცესში”. ვიდეოში ჯანაშია იმეორებს მტკიცებებს იუვენალური მართლმსაჯულების შესახებ, ამბობს, რომ ის “ოჯახების კონტროლს” ემსახურება და ხელს უწყობს ბავშს, რომელიც ფიქრობს, რომ სასჯელი არის მშობლის მიერ მისი ადგილსამყოფელის, მეგობრების, სახლში მისვლისა და ეკრანთან გატარებული დროის შემოწმება.

სიმართლეს არ შეესაბამება ხატია ჯანაშიას ვიდეოებში მოყვანილი ცნობები იუვენალური კანონის, ასევე, სკოლებში სოც. მუშაკების გამოკითხვის მიზნით შესვლისა და ბავშვის მშობლებისთვის ჩამორთმევის შესახებ. ახალი პროექტის შესახებ, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეების სოციალური მუშაკების მიერ გამოკითხვას გულისხმობს, ინფორმაცია ღია წყაროებში არ მოიპოვება. “მითების დეტექტორთან” კომუნიკაციისას მსგავსი ინიციატივის არსებობა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმაც უარყო. რაც შეეხება იუვენალურ მართლმსაჯულებას, ის დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის რესოციალიზაციასა და ზრუნვაზეა ორიენტირებული და არა დასჯის პრაქტიკაზე.
“მითების დეტეტქორი” შეეცადა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სოციალური მუშაკების შეშვებასა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ გამოკითხვაზე ინფორმაცია ღია წყაროებში მოეძებნა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო სწავლებაში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ჩართული არიან. მაგალითად, Covid 19-ის პანდემიისას განათლების სამინისტროს ჰქონდა პიროვნული და ემოციური უსაფრთხოების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც “6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს კვალიფიციური ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების მიერ ონლაინ კონსულტაცია უტარდებოდათ.” 2021 წელს ქართულ განათლების სისტემაში სოციალური მუშაკები პირველად გაჩნდნენ. მაშინ განათლების სამინისტრო განმარტავდა, რომ ისინი სკოლებში ჯანსაღ, პოზიტიურ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფდნენ, ასევე სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებოდნენ. 2022 წელს იმჟამინდელმა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სკოლებში ძლიერდებოდა სოციალური კომპონენტი, იზრდებოდა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და მანდატურების რაოდენობა. მინისტრის შეფასებით, ისინი სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს საჭირო სოციალურ დახმარებას უწევენ და ხელს უწყობენ საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების ჩართულობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაკების მუშაობას არეგულირებს “საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ.” კანონის მე-18 მუხლის (სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში) თანახმად, სოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაობა გულისხმობს:
- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქვეცვის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას;
- მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უფრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას;
- ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.
რადგან ღია წყაროებში ვერ შევძელით იმგვარი ინფორმაციის მოძიება, რომელითაც დადასტურდებოდა ხატია ჯანაშას ვიდეოში მოყვანილი მტკიცებები, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. სამინისტროს წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ სკოლებში, მასწავლებლების გარდა, ფსიქოლოგები და მანდატურები მუშაობენ, თუმცა არ არსებობს ინიციატივა სოციალური მუშაკების სკოლაში გაგზავნის შესახებ იმ მიზნით, რომ მშობლების მხრიდან დასჯის ან ძალადობის შესახებ დაწყებითი კლასების მოსწავლეები გამოკითხონ და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ბავშვი მშობელს ჩამოართვან.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს, მასში ჯანაშია კვლავ საუბრობს იუვენალური მართლმსაჯულების შესახებ და ამბობს, რომ ბავშვების გამოკითხვის მიზნით სკოლებში სოციალური მუშაკების შეშვება მანდატურის სამსახურმა დაადასტურა. ამის დამადასტურებლად კი წარმოადგენს სამსახურის ფეისბუქ-პოსტს, რომელიც 23 ოქტომბერს ვებინარის ჩატარების შესახებ იძლევა ინფორმაციას. მანდატურის სამსახურის პოსტში წერია, რომ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ინიციატივით 23 ოქტომბერს მშობლებისთვის, სკოლის დირექციისა და მასწავლებლებისთვის, ასევე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ჩაატარებს ვებინარს თემაზე: “სკოლის სოციალური მუშაკის როლი მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროცესში.” ვებინარი დაეთმობა სასწავლო პროცესში სოციალური მუშაკების ჩართულობის მნიშვნელობას, სოციალური მუშაკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მხარდაჭერის სტრატეგიებს მოსწავლეთა ფსიქოსოციალური კეთილდღეობის პროცესში. აღსანიშანვია, რომ ვებინარი ერთდღიანია და ის არა სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მშობლებისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვისაა განკუთვნილი.
რა არის იუვენალური მართლმსაჯულება და გულისხმობს თუ არა მშობლებისთვის შვილის ჩამორთმევას?
იუვენალური მართლმსაჯულება (Juvenile Justice) კრიმინალური სამართლის ნაწილია, რომელიც იმ ადამიანების შესახებ მსჯელობს, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ასაკი, სრული პასუხისმგებლობა აიღონ კრიმინალურ აქტზე. ის სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად მუშაობს, თუმცა ყველა მათგანში გაწერილია, რა დროს ითვლება დანაშაულად არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი ქმედება, ვინ არის მასზე პასუხისმგებელი და როგორ უნდა დაისაჯოს არასრულწლოვანი. უმეტეს ქვეყანაში ის ორიენტირებულია რესოციალიზებასა და ზრუნვაზე და არა დასჯასა და საპატიმრო სასჯელზე.
ქართულ კანონმდებლობაში იუვენალური მართლმსაჯულების შესატყვისია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. ის არ ითვალისწინებს მშობლებისათვის ბავშვის ჩამორთმევას და კოდექსი არ არეგულირებს ბავშვის ჩამორთმევის პირობებს. კოდექსში კანონმდებლობის მიზანი შემდეგნაირადაა განმარტებული:
“ეს კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, სასჯელისა და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.”
კოდექსში რამდენჯერმეა ნახსენები სოციალური მუშაკების ჩართულობა დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზებაში. თუმცა, არსად წერია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს მშობლებისათვის შვილის ჩამორთმევას. კანონის 46-ე მუხლში (არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად განთავსება) განმარტებულია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად განთავსების პირობები. მუხლში წერია, რომ თუ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არსებობს ბავშვის ოჯახურ გარემოცვაში დატოვების შემთხვევაში, ის მინდობით უნდა გადაეცეს სხვა პირს და ოჯახისგან განცალკევდეს.

კანონში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ მშობელს ბავშვები სოციალური მუშაკების მიერ ჩამოერთმევათ. ის არ არის არასრულწლოვანთა მართლმსაკულების ნაწილი.
იუვენალურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მცდარი ცნობები წარსულშიც ვრცელდებოდა და როგორც ამ შემთხვევაში, მას მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევას უკავშირებდნენ. “მითების დეტექტორმა” იუვენალური მართლმსაჯულების შესახებ რამდენიმე მასალა უკვე მოამზადა და მას შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მასალებში:
- გვხვდება თუ არა “ბავშვის უფლებათა კოდექსში” საფრთხისშემცველი ოჯახების ჩამონათვალი, რომლებსაც, შესაძლოა, ბავშვი ჩამოართვან
- რას ითვალისწინებს ბავშვთა კოდექსი და რა არის იუვენალური მართლმსაჯულება?
- რა არის იუვენალური მართლმსაჯულება და როდის გაჰყავს სოც.მუშაკს ბავშვი ოჯახიდან?
ამდენად, ხატია ჯანაშიას ვიდეოში რამდენიმე მცდარი მტკიცება მოჰყავს. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ განათლების სამინისტრო, ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სოციალურ მუშაკევს სკოლაში გაგზავნის. ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება დიდი ხანია საქართველოში მოქმედებს და ის არ ითვალისწინებს მშობლებისთვის შვიდების ჩამორთმევას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















