დაშვებულია თუ არა ევროპის ქვეყნებში ჰომოსექსუალების მიერ სისხლის ჩაბარება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

131
VIEWS

2024 წლის 8 ნოემბერს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ყოფილი სამხედრო ერმილე ნემსაძე ჰომოსექსუალების მიერ სისხლის ჩაბარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში ჰომოსექსუალებს სისხლის ჩაბარება სამუდამოდ აქვთ აკრძალული.

ერმილე ნემსაძე: ამ ადამიანების მიმართ, LGBT თემზე მაქვს საუბარი, გერმანია, ავსტრია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, სლოვენია, ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, – ქვეყნები, სადაც დაკანონებული არის ჰომოსექსუალიზმი, მოქმედებს სამუდამო აკძალვა მათ მიერ სისხლის ჩაბარების, სპერმის, გულის და სხვა ორგანოების დონორობაზე.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო ძველია და ის თავად ერმილე ნემსაძემ თავის იუთუბ არხზე 2020 წელს გამოქვეყნა.

სისხლის ჩაბარება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპის 9 ქვეყანაში ჰომოსექსუალთა მხრიდან სისხლის ჩაბარებაზე სამუდამო აკრძალვა მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ გარკვეული შეზღუდვები სისხლის ჩაბარებაზე წარსულში მართლაც მოქმედებდა, ამ დროისათვის კი ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჰომოსექსუალი მამაკაცების სისხლის დონორობას მხოლოდ ხორვატია კრძალავს. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან 3 (ავსტრია, ლიეტუვა, სლოვენია) სისხლის დონაციაზე შეზღუდვას არ აწესებს. ხოლო დანარჩენ 5 ქვეყანაში (შვეიცარია, გერმანია, ლუქსემბურგი, ბელგია ნიდერლანდები) ჰომოსექსუალთა მხრიდან სისხლის ჩაბარება სქესობრივი ცხოვრების რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგაა დაშვებული.

გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად თავად ერმილე ნემსაძემ საკუთარ იუთუბ-არხზე ჯერ კიდევ 2020 წელს ატვირთა. 2020 წლის შემდეგ კი მის მიერ ჩამოთვლილმა არაერთმა ქვეყანამ მამაკაცებს, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (მსმ) სისხლის ჩაბარებაზე შეზღუდვები მოუხსნა ან შეამსუბუქა.

ლგბტქი+ ადვოკატირების ორგანიზაცია ILGA-Europe-ის თანახმად, 2022 წელს ევროპის 11-მა ქვეყანამ მამაკაცებისთვის, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან სისხლის ჩაბარების შეზღუდვები გააუქმა ან შეამსუბუქა. აკრძალვები მოიხსნა შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ლიეტუვა, სლოვენია, ავსტრია და სომხეთი. საერთო ჯამში, ევროპის 18-მა ქვეყანამ მსმ-ებისა და ტრანსგენდერი ადამიანების  სისხლის დონორობის დისკრიმინაცია შეწყვიტა.

ქვეყნები შეზღუდვები სისხლის ჩაბარებასთან მიმართებით
ავსტრია დაშვებულია
ლიეტუვა დაშვებულია
სლოვენია დაშვებულია
შვეიცარია დაშვებულია (4-თვიანი აბსტინენციის მოთხოვნით – კრიტერიუმი ვრცელდება ჰეტეროსექსუალებზეც)
გერმანია დაშვებულია (4-თვიანი აბსტინენციის მოთხოვნით)
ლუქსემბურგი დაშვებულია (12-თვიანი აბსტინენციის მოთხოვნით)
ბელგია დაშვებულია (4-თვიანი აბსტინენციის მოთხოვნით)
ნიდერლანდები დაშვებულია (მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნის ან ბოლო 4 თვის განმავლობაში სექსუალურად პასიურობის მოთხოვნით)
ხორვატია აკრძალულია
  • ავსტრიაში, ლიეტუვასა და სლოვენიაში მსმ-ებისთვის სისხლის დონორობა დაშვებულია

2021-2022 წლებში ავსტრიამ, ლიეტუვამ და სლოვენიამ მსმ-ების მხრიდან სისხლის ჩაბარებაზე მოქმედი შეზღუდვები სრულად გააუქმეს. 

სლოვენიაში თანაბარი შესაძლებლობების ომბუდსმენ მიჰა ლობნიკის თქმით, ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციაზე მუდმივი შეზღუდვები დისკრიმინაციულია, მიღებული ცვლილების შემდეგ სისხლის დონორები მათი სქესობრივი ცხოვრების რისკიანობის მიხედვით ირჩევიან და არა სქესის ან სექსუალური ორიენტაციის.

სლოვენიაში ჰომოსექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის აკრძალვის  მიზეზი აივ ინფექციის რისკები იყო, თუმცა სლოვენიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, 2009-2018 წლებში ახლად დიაგნოსტირებული აივ ინფექციების 16% ჰეტეროსექსუალური სექსის გზით იყო გავრცელებული. 

  • შვეიცარიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მსმ-ებისთვის სისხლის დონორობა სპეციფიკური კრიტერიუმებით დაშვებულია

ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მსმ-ებისთვის სისხლის ჩაბარებას უშვებს, თუმცა პროცესს შემზღუდველი კრიტერიუმები ახლავს თან. უმეტესწილად ეს კრიტერიუმი რამდენიმეთვიანი აბსტინენციაა (სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება). 

მაგალითად, შვეიცარიაში 4-თვიანი აბსტინენციის პერიოდი სისხლის დონორობის ყველა მსურველზე ვრცელდება, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა. 

რაც შეეხება ბელგიასა და ნიდერლანდებს მამაკაცებისთვის, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან სისხლის ჩაბარება 2017 და 2015 წლებიდან დაშვებულია. 2022 წელს ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ 12-თვიანი აბსტინენცია 4-თვიანი პერიოდით ჩაანაცვლა. ხოლო ნიდერლანდებში მსმ-ებს სისხლის გაღება შეუძლიათ თუ მონოგამიურ ურთიერთობაში არიან (მხოლოდ ერთი პარტნიორი) ან ბოლო 4 თვის განმავლობაში სექსუალურად აქტიურები არ ყოფილან.

  • ხორვატიაში მსმ-ების მიერ სისხლის დონორობა აკრძალულია

გავრცელებულ ვიდეოში ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მსმ-ების მიერ სისხლის ჩაბარება დაშვებული არაა, ხორვატიაა.

სლოვენიის ტრანსფუზიური მედიცინის ინსტიტუტის თანახმად, სისხლი არ შეიძლება გაიღონ მამაკაცებმა, რომლებსაც ჰქონიათ სექსი სხვა მამაკაცებთან, რადგან მათი “სექსუალური ქცევა აყენებს მათ სისხლით გადამდები ინფექციური დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ“.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist