11 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელიც, ანგარიშის მტკიცებით, ასახავს, თუ როგორ გამოიყურებოდა სირიის გარდამავალი მთავრობის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ ალ-ბაშირი წარსულში და როგორ გამოიყურება ახლა. ატვირთული ფოტო ორ ნაწილადაა გაყოფილი – ერთ ნაწილში შეიარაღებული ტერორისტი ჩანს, მეორეში კი ნახსენები ალ-ბაშირი ფორმალურ ტანისამოსში. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: “ამერიკული დემოკრატიის ღირსშესანიშნავი ექსპონატი”.
ფეისბუქ-ანგარიში ვიზუალურ მანიპულაციას ავრცელებს, რადგან ფოტოს ზედა ნაწილში ასახული პიროვნება მოჰამედ ალ-ბაშირი არ არის. რეალურად, ის ფრანგი ჯიჰადისტი რაშიდ კასიმია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი იყო.
ფოტოს უკუძიების მეთოდით დგინდება, რომ დანით შეაიარაღებული პიროვნება ფრანგი ჯიჰადისტი რაშიდ კასიმია, რომელიც ISIS-ის წევრი იყო. სავარაუდოდ, ის იყო საფრანგეთში 2016 წელს მომხდარი რამდენიმე ტერორისტული აქტის ორგანიზატორი. 2017 წლის თებერვალში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის კოალიციური ჯარების მიერ განხროციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.
ბაშარ ალ-ასადის ჩამოგდების შემდეგ, სირიის გარდამავალმა მთავრობამ 10 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 1 მარტამდე მოჰამედ ალ-ბაშირი დანიშნა, რომელიც აქამდე სირიის ჩრდილო-დასავლეთით ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე (იდლიბის პროვინცია) ჩამოყალიბებული მთავრობის ლიდერი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ალ-ბაშირი ორგანიზაცია “ჰაიატ ტაჰირ ალ-შამის” (HTS) წევრია, რომელმაც ერთ-ერთი უმთავრესი როლი ითამაშა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამარცხებაში. არსებული ინფორმაციით, იგი 1983 წელს სწორედ იდლიბის პროვინციაში დაიბადა, ფლობს ბაკალავრის ხარისხებს ელექტროინჟინერასა და “შარიათი და სამართალში”. ასევე, მიიღო დამატებითი კვალიფიკაცია ინგლისურ ენაში, ადმინისტრაციულ დაგეგმარებაში და პროექტების მართვაში. უცნობია, როდის დაიწყო მისი ურთიერთობა HTS-სთან, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისში, ის მთავრობის ფლობელობაში მყოფ კომპანიაში მუშაობდა. ფართო ასპარეზზე ალ-ბაშირი 2022 წელს გამოჩნდა, როდესაც ხსენებული ორგანიზაციის ადმინისტრაციული განყოფილების განვითარების მინისტრად, 2024 წელს კი უკვე მათ მიერ კონტროლირებადი იდლიბის პროვინციის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც მოჰამედ ალ-ბაშირის ტერორიზმთან პირდაპირ კავშირს დაადასტურებს.
ზემოაღნიშნული ორგანიზაცია “ჰაიატ ტაჰირ ალ-შამის” ლიდერი აბუ მოჰამედ ალ-ჯულანია და ის თავდაპირველად 2011 წელს შეიქმნა “ჯებხატ ალ-ნუსრას” სახელით, რომელიც ცნობილი ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას განშტოებას წარმოადგენდა, რის გამოც ორგანიზაცია გაეროს, აშშ-ს და სხვა ქვეყნების მიერ დღემდე ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. თუმცა, ალ-ჯულანმა 2017 წელს გადაწყვიტა ალ-ქაიდასგან გამოყოფა და 4 სხვა ორგანიზაციასთან ერთად შექმნა HTS. აღნიშნული ფაქტი ალ-ქაიდასგან ღალატად იქნა მიჩნეული, თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ ეს ორი ორგანიზაცია არაფორმალურ ურთიერთოებს კვლავ ინარჩუნებს.
2018 წლიდან HTS ცდილობდა, ეჩვენებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათ უკან მოიტოვეს ტერორისტული წარსული, რაც მათ მიერ განხორციელებულ რამდენიმე საკითხშიც აისახა. კერძოდ, ორგანიზაციამ მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გააძევა როგორც ირანული სამხედრო შენაერთები, ისე ისლამური სახელმწიფო (ISIS) და მისი მოკავშირეები და ალ-ქაიდას წევრები. ასევე, ანალიზი აჩვენებს, რომ HTS-ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების აბსოლუტური უმრავლესობა ხდებოდა სამხედრო ოპერაციების დროს და ლოკალიზებული იყო სირიის შიგნით, მაშინ, როდესაც “ჯეხბატ ალ-ნუსრა” დაკავშირებული იყო დასავლურ ქვეყნებში აქტიურ ტერორისტებთან და არ ერიდებოდა მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის ზიანის მიყენებას. ტაქტიკის ცვლილებასთან ერთად, 2020 წლიდან HTS-მა შეძლო შეემცირებინა ძალადობა მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩამოაყალიბა ბიუროკრატიული ინსტიტუციები, რისი საშუალებითაც წარმოიქმნა მეტ-ნაკლებად ეფექტური მმართველობის/სამთავრობო სისტემა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა სწორედ ამ ორგანიზაციის ლიდერობით ქვეყნის სადავეები ჩაიგდეს ხელში, HTS-მა განაცხადა, რომ ისინი ინკლუზიურობას ემხრობიან და უარყოფენ ყველანაირ ძალადობას და შურისძიებას. ამ მოვლენების შედეგად, უკანასკნელ პერიოდში უკვე გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო და ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავენ HTS-ის ამოღებას ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, თუმცა ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება და ჯერ კარგად დააკვირდებიან მათ მოქმედებებსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.