9 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ბავშვის ცემის ვიდეო, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირეს. ვიდეოში ისმის კაცის ხმა და ჩანს, რომ ის ბავშვს რამდენჯერზე ურტყამს. მას ერთვის წარწერა: “სირიაში ქრისტიანების და ალავიტების გენოციდი მიმდინარეობს.”
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც ბავშვის ცემას ასახავს, სირიაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს არ უკავშირდება და ის 2024 წლის სექტემბრით თარიღდება. კაცი, რომელიც ვიდეოშიც ჩანს, ბავშვის მამაა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან შვილს სცემა, რადგან მშობლების განქორწინების შემდეგ დედის სანახავად წავიდა.
გავრცელებულის იდენტური ვიდეო არაბულ ფეისბუქ-გვერდზე “ჩრდილოეთ სირიის ამბები” 2024 წლის 3 სექტემბერს გამოქვეყნდა. პოსტის თანახმად, ვიდეო მამის მიერ შვილის სასტიკ ცემას ასახავს, რადგან ის განქორწინებულ დედას ესტუმრა. გვერდის ინფორმაციით, მამა სამხედრო პოლიციამ დააკავა.
შემთხვევის შესახებ მედიები წერდნენ. არაბული გამოცემა Hawar News Agency, რომელიც სირიის საკითხებზეა ფოკუსირებული, შემთხვევის შესახებ წერდა, რომ ვიდეო გადაღებულია ქალაქ აზაზში. მედიის თანახმად, მამა შვილს სცემს, რადგან მან დედა ნებართვის გარეშე მოინახულა.
ვიდეო ასევე გააანალიზა არაბულმა ფაქტების შემმოწმებელმა პლატფორმა Misbar-მა. მასალაში მოყვანილი ფაქტების მიხედვით დგინდება, რომ ვიდეო სირიაში მიმდინარე შეტაკებებს არ უკავშირდება, ის მამის მიერ შვილზე ძალადობას ასახავს და 2024 წელსაა გადაღებული.
6 მარტს სირიაში დაიწყო შეტაკებები, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქმედი ხელისუფლებისა და ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მომხრეები. დაპირისპირებამ მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია. ბრიტანეთში დაფუძნებული “სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის” 9 მარტის სტატისტიკით, რამდენიმე დღეში 973 სამოქალაქო პირი მოკლეს. გაეროს მონაცემით, მათთვის იდენტიფიციერბულია 111 მოკლული, თუმცა აღნიშნავენ, რომ მსხვერპლის რეალური სტატისკისა 111-ს ბევრად აჭარბებს.
სირიაში ძალადობის პარალელურად, სოციალურ ქსელში ფართოდ ვრცელდება ვიზუალური მანიპულაციები. ძირითადად, წლების წინ გადაღებულ ფოტოსა თუ ვიდეოებს სირიაში ბოლოს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს უკავშირებენ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც დასავლურ ქვეყნებს სირიაში ძალადობის წახალისებასა და სირიის ხელისუფლების მიერ ადამიანების დახოცვის შემდგომ უმოქმედობაში ადანაშაულებენ. “მითების დეტექტრომა” სირიაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებული არაერთი საეჭვო ინფორმაცია გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.