2-3 ივლისს ფეისბუქ ჯგუფებში (1,2,3) და ფეისბუქ ანგარიშების პირად გვერდებზე (1,2,3) გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის მთავრობამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან გაიწვია.
ცნობები, რომ სირიის მთავრობამ აფხაზეთის აღიარება უკან გაიწვია, არ დასტურდება. ამ მონაცემებით, არც სირიის და არც საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ სირიამ აფხაზეთის ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარება უკან გაიწვია, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. ამ მონაცემებით, მსგავსი ცნობები არც სირიის (1,2) და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს (1,2) არ გაუვრცელებიათ.
თემის ირგვლივ დაინტერესება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ დეკლარაციაში სირიის მთავრობის მიმართ მოთხოვნაც დაემატებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარების გაუქმების შესახებ. “პორტოს დეკლარაცია” ასამბლეამ 3 ივლისს მიიღო.
2025 წლის იანვარში მსგავსი მოთხოვნით სირიის ახალ ხელისუფლებას ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმაც მიმართეს. ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ, კოალიციამ ცვლილებისთვის, პარტიამ გახარია-საქართველოსთვის და ძლიერმა საქართველომ პრეზიდენტ აჰმად ალ-შარას ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობის” აღიარების გაუქმება სთხოვეს.
აღსანიშნავია, რომ სირიული მედიის ინფორმაციით 28 ივნისს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრს” შეხვდა, თუმცა სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის დაზუსტების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროდან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.
არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.