2025 წლის 12-13 ივნისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს ასახავს. ვიდეოში ერთნაირსქესიანი წყვილი ჩანს.
გავრცელებული ვიდეო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს არ ასახავს. აღნიშნულ თანამდებობას ამჟამად მარიამ მალმერ სტენერგარდი იკავებს და ის ვიდეოში არ არის ნაჩვენები. კადრები დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.
როგორც გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, ვიდეო არ ასახავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯვრისწერას. აღნიშნულ თანამდებობას ამჟამად ქალი პოლიტიკოსი, მარია მალმერ სტენერგარდი იკავებს, რომელიც დავიდ სტენერგარდიაზე არის დაქორწინებული.

აღნიშნულ ფეისბუქ-ანგარიშებს ვიდეო აღებული აქვთ ცნობილი შვედი ტენორის, ლეიფ არუნ-სოლენის პირადი ფეისბუქ გვერდიდან. ის 7 ივნისს იმყოფებოდა ასევე შვედი ტენორის რიკარდ სდერბერგისა და აქტივისტ ანდერს სოდერბერგის ჯვრისწერაზე.


კადრების ვირუსულად გავრცელების შემდეგ ვიდეოს თავდაპირველმა გამავრცელებელმა, ლეიფ არუნ-სოლენმა დაწერა:
“სამწუხაროდ, ამჟამად მას [ვიდეოს] ყველაზე ხშირად აზიარებენ ადამაინები, რომლებიც შეშინებულები არიან იმით, რომ ორი კაცი შეიძლება ეკლესიაში დაქორწინდეს. მინდა, ყველას განვუცხადო შემდეგი რამ:
შვედეთის ეკლესია შვედეთის უდიდესი რეიგიური ორგანიზაციაა, 5.4 მილიონზე მეტი წევრით. ეკლესია მე-17 საუკუნიდან პროტესტანტულია და ამჟამად ევროპაში უდიდესი ლუთერანული ეკლესიაა. ეს ღია დემოკრატიული სახალხო ეკლესიაა, სადაც წევრების მიერ არჩეული წარმომადგენლები საერთო გადაწყვეტილებებს იღებენ.
2009 წელს საეკლესიო კრებამ (ეკლესიის უმაღლესმა გადაწყვეტილებების მიმღებმა ორგანომ) გადაწყვიტა, დაჰყოლოდა შვედეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას ქორწინების კანონში გენდერული ნეიტრალიტეტის შემოღების შესახებ. შესაბამისად, როგორც პირველი დიდი ეკლესია მსოფლიოში, მან დააწესა ქორწინების წესრიგი, რომელიც ვრცელდება ყველა შეყვარებულ წყვილზე
ანდერს და რიკარდ სოდერბერგების ქორწილი ფანტასტიკური გამოცდილება იყო ჩვენთვის, მათთვის, ვინც იქ ვიმყოფებოდით, ასობით ადამიანისთვის. ეს იყო სრული საქორწინო წირვა ზიარებასთან ერთად. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც ყველა ზრდასრული ადამიანის სიყვარულს ერთნაირი ღირებულება აქვს – როგორც საზოგადოებაში, ასევე ეკლესიაში”.
მოამზადა შორენა გობაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.