სჭირდება თუ არა სომხეთს ზღვაზე გასასვლელი “შავი ზღვის სტრატეგიაში” მონაწილეობისთვის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
3.6k
VIEWS

14 ივლისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში, მათ შორის, შავი ზღვის სტრატეგიაში, ჩართვის შესაძლებლობის მნიშვნელობას. 14 ივლისს ტელეკომპანია იმედმა, საინფორმაციო სააგენტოებმა Newshub.ge – ნიუსჰაბი, INFO9 და ჯორჯიან თაიმსი, ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაშიძემ ერთობლივი განცხადების ეს ნაწილი გაავრცელეს ცნობასთან ერთად, რომ სომხეთს შავ ზღვასთან შეხების წერტილი არ აქვს. 15 ივლისს “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა განცხადების იგივე მონაკვეთი გამოაქვეყნა. თანდართულ აღწერაში ვკითხულობთ, რომ “სომხური ნავსადგურების აქტივიზაცია” ბრიუსელის მხრიდან თბილისზე განხორციელებული “ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა” იქნება. 

შავი ზღვის სტრატეგია
შავი ზღვის სტრატეგია

პოსტების ავტორები იმ ფაქტის მოხმობით, რომ სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ასევე “სომხურ პორტებზე” საუბრით ევროპელი მაღალჩინოსნებისა და სომხეთის პრემიერის ერთობლივი განცხადების კომიკურ ჩარჩოში წარმოდგენას ცდილობენ, რაც განცხადებისა და ზოგადად, ევროკავშირსა და სომხეთს შორის გააქტიურებული ურთიერთთანამშრომლობის დისკრედიტაციას ემახურება. დამატებით მიზნებს შესაძლოა ევროკავშირის მაღალჩინოსანთა არაკომპეტენტურობის, უცოდინრობის ან არარაციონალურობის წარმოჩენა წარმოადგენდეს. გია აბაშიძე საკუთარ პოსტში იმასაც წერს, რომ ევროკავშირის მთავარი დიპლომატი “პაროდიული პერსონაჟი” კაია კალასია და ბუნებრივია, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს ხელმძღვანელობაში მასავით არაკომპეტენტური კადრები ჰყავს. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია ორგანიზაციის გაცილებით ფართო ხედვისა და სტრატეგიების ნაწილია და მასში მონაწილეობისთვის შავ ზღვაზე სახმელეთო გასასვლელის ქონა აუცილებელი არაა. 

  • რა ადგილი უჭირავს სომხეთს ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაში?

ევროკავშირის სტრატეგიებში შავი ზღვა დანახულია როგორც რამდენიმე რეგიონის – სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასთან, შესაბამისად ეს სტრატეგიები როგორც შავი ზღვის მოსაზღვრე, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში მდებარე სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის შავი ზღვის პოლიტიკა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა შემუშავებული სტრატეგია მეტია, ვიდრე ვიწრო რეგიონული პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ის ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე მორგებული ევროკავშირის პოლიტიკური ინიციატივების უახლესი პაკეტის ნაწილია, რომელთა შორისაა “ევროკავშირის მზადყოფნის სტრატეგია”, “ProtectEU” – ევროპის შიდა უსაფრთხოების სტრატეგია, “თეთრი წიგნი” უსაფრთხოებაზე, წყალქვეშა კაბელების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერების სამოქმედო გეგმა და ა.შ. 

შავი ზღვის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ევროკავშირი  უკრაინასთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სტრატეგიის სამი ძირითადი ნაწილია: 1. უსაფრთხოების, მდგრადობისა და სტაბილურობის გაძლიერება 2. მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ხელეწყობა და 3. გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობისა და მზადყოფნის, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ხელშეწყობა.  

ამ სტრატეგიის მიზნებისთვის ევროკავშირი ფინანსებს შედარებით ფართო სტრატეგიის “გლობალური კარიბჭის” ფარგლებში მოიძიებს. “გლობალური კარიბჭე” სხვადასხვა გლობალური პრობლემის საპასუხოდ შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ციფრული, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სექტორებში უსაფრთხო, სუფთა და გონივრული კავშირების დამყარებასა და გაძლიერებას ისახავს

სომხეთი, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, “შავი ზღვის სინერგიის” ინიციატივის ნაწილიცაა. ეს ინიციატივა 2007 წლიდან არსებობს და ის შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის წახალისებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაძლიერებას უჭერს მხარს. ინიციატივის ნაწილია აზერბაიჯანი და მოლდოვაც, რომლებსაც სომხეთის მსგავსად შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები წლიდან წლამდე ღრმავდება. 2017 წელს მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA)  მოაწერეს ხელი, შეთანხმება სრულად ძალაში 2021 წელს შევიდა. ვიზის გამარტივების შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა, ხოლო 2024 წელს ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დაიწყო დიალოგი. 2025 წლის იანვარში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა ამგვარ გადაწყვეტილებას მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმის გზით მიიღებს. თებერვალში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ისახავს

2025 წლის 4 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა სომხეთის “მშვიდობის გზაჯვარედინის” ინიციატივის მხარდაჭერა დაადასტურეს, რომლის მიზანიც ელექტროგადამცემი ხაზების, ნავთობსადენებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის შენებისა და განახლების მეშვეობით რეგიონის ქვეყნებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა. შავი ზღვის სტრატეგია ფონ დერ ლაიენმა და კოშტამ სხვადასხვა რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში სომხეთის ჩართვის შესაძლებლობის კონტექსტში ახსენეს. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, სომხეთი
წყარო

წყარო

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
იმედი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist