19 დეკემბერს პროსახელისუფლებო POSTV-ის ეთერში გასულ გადაცემაში “სამნი & CO” არხის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “პირდაპირ ეუბნება, ომი დაამთავრეო, თორემ დედას გიტირებო”. მისივე მტკიცებით, Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ტელეკომპანია იმედის ინტერვიუ გააზიარა.
შალვა რამიშვილი: “რატომ იძახის აბსოლუტურად ყველა – მიშა, გახარია, რომ 20-მდე უნდა მოვაყომაროთო? 20-ის მერე იცვლება რადიკალურაად დღის წესრიგი. რა იცვლება? ტრამპი პირდაპირ ეუბნება ზელენსკის, რომ ომი დაამთავრეო, თორემ დედას გიტირებო, ასე ამბობს. ილონ მასკი აზიარებს იმედის ინტერვიუს. ხალხო, ილონ მასკი აზიარებს ინტერვიუს, სადაც ახსნილია, თუ რატომ გვერჩის ყოფილი ადმინისტრაცია.”
გადაცემაში შალვა რამიშვილის მტკიცებები ტრამპისა და ზელენსკის, ასევე, ილონ მასკის მიერ იმედის სიუჟეტის გაზიარებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ მცდარია. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა სურს, თუმცა არ დასტურდება, რომ ომის შეწყვეტა ტრამპმა უშუალოდ ზელენსკის მოსთხოვა. ასევე, ილონ მასკს ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი არ გაუზიარებია, თუმცა მან გააზიარა ჯეფრი საქსთან ჩაწერილი ტაკერ კარლსონის ინტერვიუ.
-
ინტერვიუ ჯეფრი საქსთან
რამიშვილის მტკიცება, თითქოს ილონ მასკმა სოციალურ ქსელში იმედის ინტერვიუ გააზიარა, სიმართლეს არ შეესაბამება. Tesla-ს დამფუძნებელმა 17 დეკემბერს ნამდვილად გააზიარა ამერიკელი ეკონომისტის, ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელშიც საქართველოზეა საუბარი, თუმცა, ის არა იმედის ჟურნალისტ ლაშა კასრაძესთან, არამედ ტაკერ კარლსონთან იყო ჩაწერილი. მასკმა აღწერაში დაწერა: “ძალიან საინტერესო ინტერვიუ”.
ჩანაწერი თითქმის ორსაათიანია (1:56:26) და მასში მრავალ საკითხს მიმოიხილავენ, მათ შორის, სირიაში რეჟიმის შეცვლას, ასადის შეცვლაში აშშ-ის შესაძლო როლს, ისრაელთან, ჩინეთთან, ირანთან დაკავშირებულ მოვლენებს და ა.შ. ინტერვიუს აღწერაში ვრცლად არის ჩამოთვლილი საკითხები, რომლებსაც ჩანაწერში შეეხებიან – აღსანიშნავია, რომ საქართველოს პუნქტი ცალკე გამოყოფილი არაა.
ინტერვიუს მიმდინარეობას ჯეფრი საქსი საქართველოს პირველად “მსოფლიოს გარშემო ცხელი წერტილების” ჩამოთვლისას ახსენებს (45:19), სადაც, მისი მტკიცებით, დესტაბილიზაციისთვის “ამერიკის ხელი იგრძნობა”. ქვეყნის მეორედ ხსენებისას (1:20:35) საქსი NATO-ს გაფართოების “პროვოკაციაზე” საუბრობს. მისი სიტყვებით, ტრამპს შეუძლია, ომი ერთი მოქმედებით დაასრულოს – აიღოს ტელეფონი, დაურეკოს პუტინს და უთხრას, რომ 30-წლიანი მცდელობა საქართველოსა და უკრაინაში NATO-ს გაფართოების შესახებ იყო “სასაცილო, მიუღებელი და არასაჭირო პროვოკაცია” და ამის წინააღმდეგია. მესამე და მეოთხე შემთხვევაშიც (1:24:40 და 1:42:16) ჯეფრი საქსი საქართველოს ახსენებს მაშინ, როდესაც NATO-ს გაფართოებაზე საუბრობს და გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
ჯეფრი საქსს კრემლისტური ნარატივები წარსულში არაერთხელ გაუვრცელებია. ის ხშირად ყოფილა სტუმრად კრემლის პროპაგანდისტის, უკრაინაში შეჭრისა და ომის აქტიური მხარდამჭერის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში. ასევე, საქსმა რამდენჯერმე ჩაწერა ინტერვიუ რუსეთის პირველ არხთან. მის ინტერვიუებს აქტიურად აშუქებს კრემლის პროპაგანდისტული მედია, ხოლო დასავლური გამოცემები მას “პუტინის ამერიკელ გულშემატკივრად” მოიხსენიებენ.
-
ტრამპის, მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრა
POSTV-ის ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა ზელენსკის მოსთხოვა ომის შეწყვეტა. შესაბამისად, ამ ფორმულირებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას აკისრებს უკრაინის პრეზიდენტს და კრიზისის გადაწყვეტას სთხოვს. ამ მტკიცების საპირისპიროდ, ინფორმირებულმა პირებმა Reuters-ს უთხრეს, რომ სამი ლიდერის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიებისა და ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობის შესახებაც იყო საუბარი. ზელენსკიმ და მაკრონმა ტრამპს აუხსენს, რომ პუტინი აღარ არის ის ლიდერი, რომელსაც 2017 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ესაუბრებოდა.
“შეხვედრის დროს აღინიშნა რამდენიმე საკვანძო პუნქტი – მაგალითად, ითქვა, რომ მშვიდობას გარანტიები სჭირდება, რადგან მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არაა და პუტინს შეუძლია, კვლავ დაარღვიოს ის, როგორც ადრე გააკეთა ეს შესაბამისი გარანტიების გარეშე”. – უთხრა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვლადიმირ პუტინის პასუხისმგებლობასაც უსვამს ხაზს: “მე კარგად ვიცნობ ვლადიმირს. ახლა მისი მოქმედების დროა. ჩინეთს დახმარება შეუძლია, მსოფლიო თვალს ადევნებს”.
მომდევნო დღეებში ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებებით დასტურდება, რომ ის მზადაა, “ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად” ესაუბროს ზელენსკისაც და პუტინსაც.
მტკიცება ამავე ფორმულირებით, თითქოს ტრამპი ზელენსკის სთხოვს, ომი დაასრულოს, Reuters-ის სტატიაზე დაყრდნობით 11 დეკემბერსაც გავრცელდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.