7-11 სექტემბერს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორი შოთა აფხაიძე და რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები (1; 2; 3; 4; 5) ბრიტანეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის, შაბანა მაჰმუდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ავრცელებენ პოსტებს. პოსტებში მას მოიხსენიებენ “პაკისტანელ ჯიჰადისტად“, რომელმაც პირველივე ბრძანებით 1100 პაკისტანელი დამნაშავე, მათ შორის, გაუპატიურებაში, მკვლელობასა და ძარცვაში მსჯავრდებულები გაათავისუფლა, შემდეგ კი გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა მუსლიმი მიგრანტის სასჯელი 50%-ით შემცირდა. დამატებით, პოსტებში აღნიშნულია, რომ მაჰმუდის თქმით, ბრიტანული ციხეები “უნდა გათავისუფლდეს ავტოქთონი ბრიტანელებისთვის, რადგან ისინი გადატვირთულია პაკისტანელებით და სხვა მუსლიმი არალეგალი მიგრანტებით“.
14 სექტემბერს შოთა აფხაიძის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ნათქვამია, რომ შაბანა მაჰმუდმა მუსლიმი მიგრანტების მიერ 350 000 ბრიტანელი არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეებს გრიფით საუდუმლო დაადო, ხოლო მედიაში ან სოციალურ ქსელებში ამ თემის გაჟღერება სისხლის სამართლით დასჯადი გახდა.


შაბანა მაჰმუდის გადაწყვეტილებებზე რამდენიმე დეზინფორმაციული მტკიცება ვრცელდება: 1) მაჰმუდს მუსლიმი მიგრანტებისთვის სასჯელის 50%-ით შემცირების ბრძანება არ გაუცია; 2) ფრაზა, რომ ციხეები ავთოქთონი ბრიტანელებისთვის უნდა გათავისუფლდეს, ყალბია; 3) 1 100 პირი ციხეებიდან 2024 წელს გამოუშვეს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მძიმე და სექსუალურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებზე არ ვრცელდება. ამ დროს შაბანა მაჰმუდი არა შინაგან საქმეთა, არამედ იუსტიციის მინისტრი იყო. 4) მტკიცება, თითქოს მაჰმუდმა მიგრანტების მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურების საქმეებს გრიფით საიდუმლო დაადო და მედიაში საკითხზე საუბარი აკრძალა, ღია წყაროებით არ დასტურდება
შაბანა მაჰმუდი დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად 2025 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე ის ლორდ კანცლერისა და იუსტიციის მინისტრის პოზიციებს იკავებდა. მაჰმუდი 1980 წელს ბირმინგემში, პაკისტანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, თუმცა ბავშვობის ნაწილი საუდის არაბეთში გაატარა, შემდეგ კი ბრიტანეთში დაბრუნდა და ოქსფორდის უნივერსიტეტში იურიდიული განათლება მიიღო. მაჰმუდი პოლიტიკაში 2010 წლის არჩევნების დროს ჩაერთო, რა დროსაც ის ბირმინგემის ერთ-ერთი ოლქის პარლამენტის წევრი გახდა. ამის შემდეგ მაჰმუდი სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა, მაგალითად, ლეიბორისტულ პარტიაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა როგორც ფინანსურ საკითხებში, ისე პარტიული კამპანიების კოორდინაციაში.
2024 წლის ოქტომბერში ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ წამოიწყო რეფორმები სასჯელთაღსრულების პოლიტიკის მიმართულებით, რომლის მიზანიც ზედმეტად გადატვირთული ციხეების განტვირთვა იყო. ბრიტანეთის მთავრობა ციხეების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას კომბინირებული გზებით ცდილობს: ახალი ციხეების მშენებლობით, სასჯელების რეფორმით და ალტერნატიული სასჯელებით. ბრიტანეთში ციხეების რეორგანიზაციისა და რეფორმების პროცესში შაბანა მაჰმუდიც აქტიურად იყო ჩართული, მან იუსტიციის მინისტრად დანიშვნიდან მალევე განაცხადა, რომ ციხეების სისტემა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, თუმცა ის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ ახალი საპატიმროების აშენება საკმარისი არ იქნებოდა და საჭირო იყო სასჯელთა სისტემის რეფორმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნული იყო, თითქოს მაჰმუდმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ციხეები უნდა გათავისუფლდეს ავტოქთონი ბრიტანელებისთვის, რადგან ისინი გადატვირთულია პაკისტანელებითა და სხვა მუსლიმი არალეგალი მიგრანტებით“. თუმცა მსგავსი განცხადება არ იძებნება არც ბრიტანულ მედიაში და არც ოფიციალურ დოკუმენტებში. რეალურად, სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები მიზნად ისახავდა სისტემური პრობლემების მოგვარებას და რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის გამოყოფასა და პრივილეგირებას არ გულისხმობდა.
სწორედ ამ მიზნით, შემუშავდა “დაგროვებითი პროგრესის მოდელი“, რომლის მიხედვითაც, პატიმრებს ვადამდე გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის მოხდისას კარგ ქცევას გამოავლენენ და მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და დასაქმების პროგრამებში. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რეფორმა ითვალისწინებდა მათ უფრო სწრაფად დეპორტაციას. მთავრობის გეგმების მიხედვით, ციხეში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის 30%, ქვეყნიდან გაძევდებიან, ხოლო 3 წლამდე მსჯავრდებულები სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფად გათავისუფლდებიან. ამ პროცესს თან ერთვის გათავისუფლების შემდგომი მკაცრი ზედამხედველობა, ელექტრონული სამაჯურების გამოყენებით და სახლის პატიმრობის კონტროლით, რაც მიზნად ისახავს, როგორც რეციდივის შემცირებას, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ეს ცვლილებები, ისევე როგორც სხვა რეფორმები, შეეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს კრიტერიუმების მიხედვით და არ ეხება კონკრეტულ ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფებს, მათ შორის, არ მოიაზრებს ყველა მუსლიმი მიგრანტის სასჯელი 50%-ით შემცირებას.
2024 წლის სექტემბერში რეფორმების ფარგლებში ვადაზე ადრე გათავისუფლდა პირველი 1 700 პატიმარი, ხოლო ოქტომბერში მეორე ტალღის დროს, 1 100 პატიმარი, რომლებიც 5 ან მეტწლიან სასჯელს იხდიდნენ. ეს პროცესი მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდებოდა და არ ვრცელდებოდა მძიმე დანაშაულებზე, მათ შორის მკვლელობასა და სექსუალურ დანაშაულებზე. პროცესს ხელმძღვანელობდა ყოფილი იუსტიციის მდივანი დევიდ გოუკი, რომელიც 2019 წელს ხანმოკლე სასჯელების გაუქმებას ემხრობოდა. მისი თქმით, ციხეები “არ მუშაობს“ და აუცილებელია 21-ე საუკუნის პირობებში სასჯელისა და რეაბილიტაციის ახალი მოდელის შემუშავება. სწორედ ამიტომ, განიხილებოდა ისეთი ალტერნატივები, როგორიცაა საზოგადოებრივი სამუშაოები, ჯარიმები, ასევე “nudge“ ტექნოლოგია, სიფხიზლის მონიტორინგის ელექტრონული ბმულები და სახლის პატიმრობის კონტროლი სპეციალური საათებისა და აპლიკაციების მეშვეობით.
შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ცნობები რამდენიმე დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს: 1) 1 100 პატიმრის ვადამდე ადრე გათავისუფლების პროგრამა ეხებოდა არა მხოლოდ ეთნიკურად პაკისტანელ პატიმრებს, არამედ საყოველთაო იყო და მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდებოდა; 2) პროგრამა არ ვრცელდებოდა მძიმე და სექსუალურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებზე; 3) პატიმრების გამოშვება შაბანა მაჰმუდის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნას არ უკავშირდება, ისინი ციხიდან 2024 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს, როდესაც მაჰმუდი ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრი იყო; 4) არ დასტურდება მტკიცება, თითქოს მაჰმუდმა ციხეების ავტოქთონი ბრიტანელებისთვის“ გათავისუფლება მოითხოვა. მაჰმუდის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ ფიქსირდება. 5) შაბანა მაჰმუდის ბრძანება მუსლიმი მიგრანტებისთვის სასჯელის 50%-ით შემცირებაზე არ არსებობს, მსგავსი წინადადება არც რომელიმე რეფორმაში არ გვხვდება.
- არასრულწლოვნებზე ძალადობის საქმეები
ღია წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია მიგრანტების მიერ 350 000 ბრიტანელი არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეებს გრიფით საუდუმლოს დადების შესახებ. მონაცემები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ეფუძნება წარსულში გავრცელებულ არაზუსტ და გადაჭარბებულ შეფასებებს. მაგალითად, Full Fact-ის 2025 წლის იანვრის ვერსიით, არ არსებობს სანდო სტატისტიკა, რომელიც დაადასტურებდა ასობით ათასიდან მილიონამდე არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას. ორგანიზაციის ცნობით, არსებული რიცხვები წარმოიშვა როთერჰემის შემთხვევის საფუძველზე გაკეთებული ექსტრაპოლაციებით, რასაც თავად ავტორებიც კი არასანდო მეთოდად მიიჩნევენ. შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, თითქოს შაბანა მაჰმუდმა კონკრეტულად 350 000 შემთხვევას დაადო გრიფით საიდუმლო და მის შესახებ საუბარი სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახადა, სიმართლეს არ შეესაბამება.
შესაბამისად, ბრიტანეთში მიღებული გადაწყეტილებები ეხება ციხეების გადატვირთულობის გამო მიღებულ ზოგად ზომებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის კონკრეტულ ეთნიკურ ან რელიგიური ჯგუფების პრივილეგიების ზრდასთან. რეალურად, მთავრობა ცდილობს შეამსუბუქოს ციხეებში გადატვირთვა, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტრუქტურულად გააუმჯობესოს სასჯელაღსრულების სისტემა.
- ამსუბუქებს თუ არა სასჯელს ბრიტანეთში ეთნიკური კუთვნილება?
ბოლო წლებში ბრიტანეთში განხორციელებულ მართლმსაჯულების რეფორმებს არაერთი დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ნარატივი წარმოიშვა ახალი წინასასჯელო მოხსენებების (pre-sentence report) მითითებების გარშემო, რომელთა მომზადება პრობაციის ოფიცრებს ევალებათ. ამ ნარატივის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჩადენილი დანაშაულებებისთვის ბრიტანელებთან შედარებით მსუბუქად გასამართლდებოდნენ. რეალურად, ეს დოკუმენტები მხოლოდ სასამართლოს ეხმარება ინფორმაციის მიღებაში დამნაშავის პირად და სოციალურ გარემოზე, და რეკომენდაციას აძლევენ სასჯელის ტიპზე. მათი მიზანი არ არის ეთნიკური, კულტურული ან რელიგიური ჯგუფების სასარგებლოდ განაჩენის შემსუბუქება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მითითებები შეიმუშავა დამოუკიდებელმა ორგანომ, სასჯელაღსრულების საბჭომ და ეხება წინასასჯელო მოხსენებებს, რომლითაც სასამართლოს მიეწოდება ინფორმაცია დამნაშავის სოციალური და პირადი გარემოებების შესახებ და რეკომენდაციას აძლევს, რა სახის სასჯელი იქნებოდა მიზანშეწონილი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული მსუბუქად გასამართლდება, რამდენადაც სასამართლო რეკომენდაციების გათვალისწინებით დამოუკიდებლად იღებს საბოლოო განაჩენს.
განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია დებულებამ, სადაც მითითებული იყო, რომ წინასასასჯელო მოხსენება განსაკუთრებით საჭირო შეიძლება ყოფილიყო მაშინ, როდესაც დამნაშავე ეკუთვნოდა გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის: ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ უმცირესობებს, ქალებს, ახალგაზრდა სრულწლოვნებს და იმ პირებს, ვინც პირველად ხვდება ციხეში. კონსერვატორებმა ეს ფაქტი ისე წარმოაჩინეს, თითქოს მთავრობა მიზანმიმართულად უმსუბუქებდა სასჯელს მუსლიმ პირებს და უმცირესობების წარმომადგენლებს. სასჯელაღსრულების საბჭოს განმარტებით, ეს მიდგომა შეიქმნა იმის გამო, რომ არსებობდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შედარებით ნაკლებად უმზადებდნენ წინასასჯელო მოხსენებას, რაც გავლენას ახდენდა საბოლოო განაჩენზე. საბჭოს აზრით, მოხსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში იყო, როცა მოსამართლე ნაკლებად იცნობდა კონკრეტული ჯგუფის კულტურულ ფონს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შაბანა მაჰმუდმა არათუ არ შეიმუშავა ეს წესები, არამედ წერილობით მიმართა საბჭოს, რათა მათ გადაეხედათ დოკუმენტისთვის. მაჰმუდის თქმით, წინასასჯელო მოხსენება მართლაც ეხმარება სასამართლოს, მაგრამ მისი საჭიროება არ უნდა განისაზღვროს დამნაშავის ეთნიკურობით, კულტურით ან რელიგიით. მან საბჭოს სთხოვა, რომ გადახედოს მითითებას და აღნიშნა რომ საჭიროების შემთხვევაში, თავად შემოიტანს საკანონმდებლო ცვლილებას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















