21 თებერვალს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ლუგარის ლაბორატორიაზე ისაუბრა. გადაცემაში ასევე აჩვენეს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის გადაცემის ამონარიდი, რომელშიც ის ასევე ლაბორატორიაზე საუბრობს. მჟავანაძემ და გიორგაძემ ლაბორატორიასთან დაკავშირებით რამდენიმე მტკიცება გააჟღერეს:
- მჟავანაძემ ლუგარის კვლევით ცენტრს დაუკავშირა ფაროსანას გავრცელება საქართველოში
- მან ასევე ლაბორატორიას დაუკავშირა ღორების სიკვდილიანობა საქართველოში
- იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიაში საქართველოს მოსახლეობაზე ჩატარებული ექსპერიმენტების გამო ათობით ადამიანია გარდაცვლილი
გადაცემაში ნაჩვენებია მონაკვეთი იგორ გიორგაძის ვრცელი ვიდეოდან, რომელიც გიორგაძემ 18 თებერვალს თავის იუთუბ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ლუგარის ლაბორატორიაზე გადაცემაში განხილული მტკიცებები დეზინფორმაციულია და წლების განმავლობაში ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ კრემლისტურ და კონსპირაციულ ნარატივებს იმეორებს: 1) ფაროსანა საქართველოში 2015 წელს რუსეთიდან, სოჭიდან გავრცელდა; 2) კვლევამ აჩვენა, რომ ღორის აფრიკული ჭირი საქართველოში სამხრეთ–აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოვიდა; 3) ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები არ ტარდება. ლაბორატორია ჩართული იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დიაგნოსტიკის ნაწილში, თავად ეს პროგრამა კი წარმატებული იყო და განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია.
-
საიდან გავრცელდა საქართველოში ფაროსანა?
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერი 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა. მწერი საქართველოს გარდა სხვა არაერთ ქვეყანაში გამოვლენილა. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა – ჩინეთი, კორეა, იაპონია. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ის პენსილვანიის შტატში, აშშ-ში გამოჩნდა და ამჟამად 34 შტატშია გავრცელებული. ევროპაში მწერი 2008 წელს შვეიცარიაში გამოვლინდა. საქართველოში აზიური ფაროსანა რუსეთიდან გავრცელდა. ფაროსანამ გავრცელება ოკუპირებული აფხაზეთიდან დაიწყო, სადაც ის რუსეთიდან, კერძოდ სოჭიდან მოხვდა. სოჭში კი ფაროსანა იტალიიდან ოლიმპიადისთვის შეძენილი ინვენტარიდან მოხვდა. შესაბამისად, ზუსტად არის ცნობილი, როგორ გავრცელდა ფაროსანა საქართველოში და მას ლუგართან კავშირი არ აქვს.
ფაროსანა მცენარეებით იკვებება. ის მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება და თხილის გარდა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს. მავნებელთან საბრძოლველად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაერთი ღონისძიება ჩაატარა და მწერის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა. უწყების მიერ გატარებული ღონისძიებები საერთაშორისო დონეზეც დადებითად შეფასდა.
ფაროსანასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის მიმართ წარსულშიც გავრცელებულა. მაშინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მენეჯერმა მაია ალხაზაშვილმა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის მეცნიერმა მარი მურცხვალაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადეს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებზე ან მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლა ლაბორატორიის კომპეტენციაში არ შედის.
-
საიდან გავრცელდა საქართველოში ღორის აფრიკული ჭირი?
მჟავანაძე თიანეთის რეგიონში ღორების რაოდენობის შემცირებაზე საუბრობს, რასაც ასევე ლუგარს უკავშირებს, თუმცა კონკრეტულ პრობლემას არ ასახელებს. დაავადება, რომელიც ღორების მაღალ სიკვდილიანობასთან არის დაკავშირებული და რომელსაც ხშირად კონსპირაციულად უკავშირებენ ლუგარს, ღორის აფრიკული ჭირია. ღორის აფრიკული ჭირი მომაკვდინებელი და მარტივად გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც შინაურ და გარეულ ღორებში ვრცელდება. ის ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დიდ საშიშროებას უქმნის სოფლის მეურნეობაში ღორების პოპულაციას.
ღორის აფრიკული ჭირის შემთხვევები პირველად 1921 წელს კენიაში რობერტ იუსტას მონტგომერიმ შეისწავლა და დაავადების გავრცელების მექანიზმი აღწერა. მომდევნო წლებში ღორის აფრიკული ჭირი აფრიკის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და 1957 წელს პორტუგალიას მიაღწია. დაავადების გავრცელება ღორების მასობრივი დახოცვის შედეგად შეჩერდა, თუმცა 1960 ღორის აფრიკული ჭირი პორტუგალიაში კვლავ გამოვლინდა, შემდეგ კი ესპანეთსა და საფრანგეთში გავრცელდა. დაავადება ევროპაში 1995 წლამდე აქტიური იყო და მისი გავრცელების ახალი ტალღა 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც ვირუსი საქართველოში პირველად გამოვლინდა, სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და ასევე კავკასიის რეგიონში. 2014 წელს ევროპაში დაავადების მორიგი აფეთქება ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპიდან დაიწყო და პირველი შემთხვევები ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში დაფიქსირდა.
დაავადების გავრცელება ხდება როგორც ცოცხალ ღორებში, ასევე ღორის პროდუქტების საშუალებითაც, ამიტომ ღორის ხორცის იმპორტზე ქვეყნები ბიოუსაფრთხოების ზომებს იღებენ. აფრიკული ღორის ჭირის გავრცელების თავიდან არიდებისას მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში ჭირის აღმძვრელის, დაინფიცირებული პროდუქტის ან ცხოველის შეტანა არ მოხდეს. აღსანიშნავია, ისიც რომ ვირუსი ზედაპირებზე – ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზეც ჩერდება, ამიტომ გადამტანი ადამიანიც შეიძლება იყოს, თუმცა ღორის აფრიკული ჭირი ადამიანებს არ აინფიცირებს და შესაბამისად, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დაავადების გამოვლენის შემდეგ საჭიროა, რომ დაწესდეს კარანტინი და დაავადებული ღორები განადგურდნენ. პროფილაქტიკის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ დაკლული და მკვდარი ღორების ყველა ნარჩენი, მათ შორის სადგომი და სხვა ინვენტარი დაიწვას.
ღორის აფრიკული ჭირის ვირუსის იზოლატის შესახებ 2008 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ღორის აფრიკული ჭირის აღმძვრელი ვირუსი სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოვიდა. ვირუსის გენოტიპის დასადგენად, საქართველოში შინაური ღორების იზოლატების გენომიდან აღებული დნმ-ის ფრაგმენტები სხვა ვირუსის (ASFV) იზოლატებს შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს 2007 წლის იზოლატები მჭიდროდ არის დაკავშირებული II გენოტიპის კუთვნილ იზოლატებთან, რომელიც მოზამბიკში, მადაგასკარსა და ზამბიაში ცირკულირებს. არსებობს ვარაუდი, რომ ღორებმა ინფიცირებული ხორცი მიიღეს, რომელიც ხორცპროდუქტების გადამზიდავი საზღვაო ხომალდით მოხვდა საქართველოში შემდეგ კი რეგიონში გავრცელდა. შესაბამისად, ვირუსის გავრცელებას ლუგართან კავშირი არ აქვს.
ღორის აფრიკული ჭირის და აზიური ფაროსანას საქართველოში გავრცელების ლაბორატორიასთან დაკავშირება კონსპირაციულია და კრემლის დეზინფორმაციულ ნარატივს იმეორებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა აქტორები მათ შორის აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უწყებების წარმომადგენლები და რუსეთის მაღალჩინოსნები ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ ფაროსანას გავრცელება ლუგარის ლაბორატორიიდან მოხდა. ეს მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- საიდან იღებს სათავეს ფაროსანა და ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?
- რა ახალ კონსპირაციებს ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის KGB ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?
- ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-ს დეზინფორმაცია, თითქოს ღორის აფრიკული ჭირი საქართველოდან ვრცელდება
- საიდან შემოვიდა აფრიკული ღორის ჭირი და ფაროსანა საქართველოში?
-
რა დეზინფორმაციას ავრცელებს იგორ გიორგაძე?
სეზონი ტვ-ს გადაცემაში ნაჩვენებია მონაკვეთი იგორ გიორგაძის ვიდეოდან, რომელიც მან 18 თებერვალს იუთუბზე გამოაქვეყნა. ვიდეოში გიორგაძე იხსენებს, რომ 2018 წელს ლუგარის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით ისაუბრა და აჩვენებს პრესკონფერენციის კადრებს. საარქივო კადრებში გიორგაძე ამბობს, რომ ლაბორატორიაში ხდება ციმბირის წყლულის, შავი ჭირის და ე.წ “ღორის გრიპის” შემუშავება. ის ასევე ამბობს, რომ “დოკუმენტების” თანახმად, ლაბორატორიაში მოსახლეობაზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ერთ დღეს 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთ დღეში – 24, 2016 წლის აპრილში კი 30 და აგვისტოში 13 ადამიანი. პრესკონფერენციის შემდეგ ეს მტკიცებები 2018 წელს აქტიურად გაავრცელეს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა. მტკიცებები “მითების დეტექტორმა” მაშინვე გადაამოწმა. გიორგაძე ადამიანების სიკვდილს ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას და მედიკამენტ სოვალდის უკავშირებდა, რომელსა თითქოს საქართველოს მოსახლეობაზე ცდიდნენ. გიორგაძის მტკიცებები დეზინფორმაციულია, კრემლის ნარატივებს იმეორებს და პერიოდულად ხელახლა ვრცელდება.
C ჰეპატიტის გაუარესებული სტატისტიკის გამო 2013 წელს საქართველომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს დახმარებისათვის მიმართა, შედეგად კომპანია გილეადმა აიღო ვალდებულება, საქართველოსთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიეწოდებინა. საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცა პრეპარატი “სოვალდი” და ის C ჰეპატიტის ელიმიანციის სახელმწიფო პროგრამაში გამოიყენებოდა. 2015-2017 წლებში პროგრამით მკურნალობა 36 012 პაციენტს ჩაუტარდა, განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია და 24 481 პაციენტი განიკურნა.
ლუგარი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მხოლოდ დიაგნოსტიკის ნაწილში იყო ჩართული და შესაბამისად პაციენტებს მხოლოდ დიაგნოზირებისთვის საჭირო ანალიზებს უტარებდა.
2018 წელს გიორგაძემ ბრალდებებთან ერთად წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც თითქოს მის მტკიცებებს ადასტურებდა, თუმცა ეს დოკუმენტები თვიური ანგარიშები იყო, რომლებიც 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. ადამიანები, რომლებზეც გიორგაძე საუბრობდა, ერთი თვის მანძილზე, ნოემბერში გარდაიცვალნენ, და არა ერთ დღეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით ასიათასობით ადამიანი კვდება, რაც მკურნალობის გვიან დაწყებას და სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. გიორგაძე ასევე ამბობდა, რომ დოკუმენტებიდან ჩანდა, რომ ადამიანების სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი იყო, თუმცა ამავე დოკუმენტებში არსებულ 6 შეთხვევაში სიკვდილის მიზეზი მითითებული იყო – C ჰეპატიტთან დაკავშირებული გართულებები. გიორგაძემ კი C ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილიანობა პრეპარატ “სოვალდის” დაუკავშირა. მისივე მტკიცებებიდან ჩანს, თითქოს “სოვალდი” ექსპერიმენტული წამალია, როცა ის დამტკიცებული მედიკამენტია და C ჰეპატიტის მკურნალობაში აქტიურად გამოიყენება. ელიმინაციის პროგრამაში გამოყენებული ორი პრეპარატი სოვალდი და ჰარვონი საქართველოში პროგრამის დაწყების პერიოდისთვის უკვე რამდენიმე წლის დამკიცებული იყო როგორც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ასევე ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერ. სოვალდის FDA-მ ავტორიზაცია 2013 წელს მიანიჭა, ЕМА-მ კი 2014. ჰარვონი კი FDA-მ და ЕМА-მ 2014 წელს დაამტკიცეს. საინტერესოა, რომ იმის პარალელურად რომ C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამა რუსული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა, პრეპარატი “სოვალდი” რუსეთში სასიცოცხლოდ აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი მედიკამენტების სიაშია შეყვანილი.
ლუგარის კვლევითი ცენტრი უკვე წლებია სისტემატურად ხდება რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული ბრალდებების სამიზნე. ეს ბრალდებები ნაწილია კრემლის მიერ გავრცელებული კონსპირაციული ნარატივისა, თითქოს აშშ რუსეთის გარშემო ქვეყნებში სახიფათო ბიოლაბორატორიებს აშენებს და მათ საქმიანობას აფინანსებს. კრემლი ცდილობს რუტინული სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა სფეროში “სახიფათო” საქმიანობად წამოაჩინოს.
- იგორ გიორგაძის შესახებ
იგორ გიორგაძე 1973-1995 წლებში საბჭოთა უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და 1980-1981 წწ. სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ “კასკადის” საბრძოლო ოპერაციებში ავღანეთში მონაწილეობდა; 1993-1995 წლებში იყო საქართველოს უშიშროების მინისტრი; 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტს მოწყობის ბრალდებით 1995 წელს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა 2016 წელს ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა შეწყვიტა, რადგან მას რუსეთის მიერ ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ რუსეთში პარტია “სამართლიანობა” და ორგანიზაცია “ანტისოროსი” დააფუძნა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.