17 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1;2), რომელშიც სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირება ჩანს. ვიდეოში ერთ-ერთ პირს, რომელსაც სხვები უპირისპირდებიან, უჭირავს საქართველოს დროშა, რომელსაც მოგვიანებით ართმევენ.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ფეისბუქ-მომხმარებლები დროშის წართმევას საქართველოზე სერბი აქტივისტების ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირებენ. როგორც გამოხმაურებებით ირკვევა, ნაწილი ფიქრობს, რომ პირი, რომელსაც საქართველოს დროშა უჭირავს, ქართველია და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებენ.
“მითების დეტექტორმა” მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაარკვია. ინციდენტზე კითხვების დასასმელად დავუკავშირდით პირს, რომელმაც ვიდეო გადაიღო.
-
რამ გამოიწვია დაპირისპირება აქციაზე?
ვიდეო თავდაპირველად სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა. ვიდეოს ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია NIFA-ს (No immunity from accountability) აღმასრულებელი დირექტორი, მიოდრაგ კაპორია. 16 მარტს მან დაწერა, რომ მიუხედავად ოპოზიციური მედიის მტკიცებისა აქციის მშვიდობიანად ჩავლასთან დაკავშირებით, მათ თავს დაესხნენ და 2 ვიდეო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ამ 2 ვიდეოდან ქართულენოვან წყაროებში გავრცელდა მხოლოდ ერთი, რომელშიც მხოლოდ საქართველოს დროშიან პირთან შელაპარაკება ჩანს. თუმცა, მეორე ვიდეოში ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეები ასევე უპირისპირდებიან პირს, რომელსაც უჭირავს უკრაინისა და პალესტინის დროშები.

კიდევ ერთ პოსტში, რომელიც ინციდენტამდე იმავე ადგილას არის გადაღებული და ავტორმა ასევე 16 მარტს გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მას ევროკავშირის დროშა უჭირავს. შესაბამისად, ადგილზე მათ ევროკავშირის, უკრაინის, პალესტინისა და საქართველოს დროშები ჰქონდათ მიტანილი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ის ადგილზე ორგანიზაცია KROKODIL-ის ხელმძღვანელ ვლადიმირ არსენიევიჩთან და ფილიპ იოვანოვიჩთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით KROKODIL-ის ფეისბუქ-გვერდზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებაც გავრცელდა:
“გუშინ სტუდენტურ პროტესტზე ასოციაციის პრეზიდენტ ვლადიმირ არსენიევიჩს ეჭირა უკრაინისა და პალესტინის დროშები, რათა თანადგომა და სოლიდარობა გამოეხატა ჩვენი ახლა უკვე თანამოქალაქეებისა და მეგობრების მიმართ ღაზადან და უკრაინიდან, რომლებსაც ჩვენ დავეხმარეთ სერბეთში თავშესაფრის პოვნაში. სხვებთან ერთად, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშას ატარებდნენ, მას თავს დაესხნენ ვულგარული მოძალადეები, რწმენით, რომ ამ ეროვნული მოძრაობის მთავარი ნარატივი მათ ეკუთვნოდათ.
ფაქტია ისიც, რომ ამ დროშების მატარებელ ვლადიმირ არსენიევიჩს, მიო კაპორსა და ფილიპ იოვანოვიჩს მოქალაქეებიდან გვერდით არავინ, ფაქტობრივად არავინ დაუდგა. თითქოს პროტესტზე უკრაინისა და პალესტინის დროშების ქონა, იმ ერების, რომლებიც სიმბოლო არიან ხანგრძლივი ტანჯვისა და მოქალაქეების მასობრივი ტანჯვის ბევრად უფრო ძლიერი მეზობლის ჩექმის ქვეშ, იმ ქვეყნის დროშის ქონა, როგორიც საქართველოა, რომელთანაც არასოდეს გვქონია პრობლემატური ურთიერთობა და ევროკავშირის დროშის ქონა, გაერთიანების, რომლისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ, შეიძლება შეფასდეს, როგორც “პროვოკაცია”…”
ვიდეოებში ნაჩვენები პირებისა და მათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების შედარებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქტივისტი, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა, ფილიპ იოვანოვიჩია. აღსანიშნავია, რომ ქართულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლები მას საქართველოს მოქალაქედ და ქვეყანაში მიმდინარე აქციების მონაწილედ აღიქვამდნენ, თუმცა, რეალურად, იოვანოვიჩს მითითებული აქვს, რომ სერბეთის ქალაქ ვალევოში ცხოვრობს და მისი სოციალურ ქსელებით საქართველოსთან რაიმე სხვა კავშირი არ იკვეთება.
“მითების დეტექტორი” ვიდეოს ავტორს, მიოდრაგ კაპორს დაუკავშირდა. როგორც მან თქვა, დროშებს საპროტესტო აქციაზე ბოლო 4 თვეა, ატარებს და 16 მარტის თავდასხმა პირველად არ მომხდარა. კაპორი პრორუსულ ძალებს აქციის მიტაცებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი დემონსტრაციებზე პრორუსულ და ანტიდასავლური მოძრაობის დროშებს ატარებენ. ის სიტუაციას კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად მიიჩნევს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ სერბეთის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ევროკავშირის მომხრეა, მაგრამ მათ სიმბოლოების ჩვენების ეშინიათ. რაც შეეხება დემონსტრაციაზე საქართველოს დროშის მიტანის მიზეზს, ის ამბობს:
“საქართველოს დროშა მივიტანეთ, რადგან კარგად ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში პრორუსული ავტორიტარული მთავრობის წინაშე აღმოჩნდით. თქვენმა მოქალაქეებმა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ანტიდემოკრატიული ძალების წინაშე ღირებულებებზე დაფუძნებული გამძლეობა გამოიჩინეს”.
შესაბამისად, ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინისა და პალესტინის დროშები სერბეთის მოქალაქეებმა აქციაზე სოლიდარობისა და ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად მიიტანეს, ხოლო ადგილზე მყოფეთა ნაწილმა ეს ქმედება პროვოკაციად მიიჩნია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
-
რატომ ეწინააღმდეგება აქციის მონაწილეთა ნაწილი აქციაზე სხვა ქვეყნის დროშების მიტანას?
სერბეთში მასშტაბური აქციების დაწყება ნოვი სადში 2024 წლის 1 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა – რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხალხი, რომელიც შემდგომ ქუჩებში გამოვიდა, ხელისუფლებას კორუფციასა და უხარისხო მშენებლობაში ადანაშაულებს.
სერბეთში პროტესტის ორგანიზატორები სტუდენტები არიან. ისინი გადაწყვეტილებებს კენჭისყრით იღებენ. პროტესტის ფორმები განსხვავებულია – მაგალითად, 27 ნოემბერს მათ 24 საათით გადაკეტეს ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. ასევე, ისინი ყოველი თვის 15 რიცხვში (15 დაღუპულისადმი პატივისცემის ნიშნად) აწყობენ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. ერთ-ერთი ასეთი აქცია 15 მარტს გაიმართა, რომელსაც, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 275-დან 325 ათასამდე ადამიანი დაესწრო.
2024 წლის 28 ნოემბერს, აქციების ფონზე, პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. ამას მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოჰყვა. თუმცა, საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ, არ შეწყვეტილა.
სერბეთში პროტესტს სტუდენტები უძღვებიან და საორგანიზაციო ქსელი გადაწყვეტილებებს კენჭისყრით იღებს. მომიტინგეები ოპოზიციური ძალების წინამძღოლობაზე, უნდობლობის გამო, უარს ამბობენ. სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ამტკიცებს, რომ აქციები ქვეყანის გარედან არის მართული. თუმცა, სტუდენტები ძირითადი გეოპოლიტიკური მოვლენებისგან დისტანციას იცავენ და დემონსტრაციებზე მხოლოდ სერბეთის დროშებს აფრიალებენ. ორგანიზატორებმა იციან, რომ მთავრობამ, შესაძლოა, ისინი გარე ძალებისგან მართულობაში დაადანაშაულონ, ამიტომ მხოლოდ სერბეთის დროშებს ატარებენ, რათა სხვა ძალებისგან გავლენის ქვეშ მყოფებად არ გამოჩდნენ. აქციების დროს ასევე აქტიურად იყენებენ “სისხლიანი ხელის” გამოსახულებას, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. ასევე, დემონსტრაციებზე სტუდენტები იყენებენ საკუთარი ფაკულტეტების ნიშნებსა და სხვა სიმბოლოებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის დროშები სერბეთში მიმდინარე აქციებიდან გამქრალია. ევროკავშირის დროშის გამო დაპირისპირება აქციაზე 2024 წლის 22 დეკემბერსაც მოხდა. დროშა ამ დროსაც მიოდრაგ კაპორს ეჭირა. როგორც “რადიო თავისუფლება” აღნიშნავს, აქციაზე ახალგაზრდებმა მას დროშა წაართვეს შეძახილებით “ეს დროშა მიუღებელია”, მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. ვიდეო სწრაფად გავრცელდა ულტრამემარჯვენე ტელეგრამ არხებზე მტკიცებით, რომ კაპორი ადგილზე პროვოკაციისთვის იყო მისული, რაც აქტივისტებმა “აღკვეთეს”. რეჟიმის მომხრე ტაბლოიდები კი ვიდეოზე დაყრდნობით ასკვნიდნენ, რომ აქციებზე შეკრებილები პროევროპელები არ იყვნენ. ინციდენტების შემდეგ სტუდენტები ამბობენ, რომ მიესალმებიან სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობას პროტესტში, თუმცა მკაცრად ითხოვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა პირებმა თავი შეიკავონ თავიანთი დროშის გამოყენებისგან. “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ერთ-ერთი სტუდენტი, ემილია მილენკოვიჩი ამბობს:
“სერბეთის დროშა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა, ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით – ჩვენი სახელმწიფოსთვის, იმ გაგებით, რომ ის ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ ვართ მისი მომავალი. ეს გზავნილია, რომ ამ ქვეყნის დატოვება არ გვინდა და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ბრძოლა პატრიოტიზმის აქტია”.
“ეს ბლოკადა არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უპარტიო. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ყველა მოქალაქის [მონაწილეობა], თუმცა პოლიტიკური პარტიების სიმბოლოები – არა”.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.