27 დეკემბერს პლატფორმა “საქართველო უპირველეს ყოვლისამ” გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი და სტატია, რომელშიც რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონისა და ტელეკომპანია “ფორმულას” ფინანსური კავშირის შესახებაა საუბარი. გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ უილსონი ლობისტური საქმიანობისთვის “კეზერაშვილის “ფორმულასგან” ფულს იღებს”, ბოლო ტრანში კი, რომელიც 1000$-ს შეადგენს, 2024 წლის 18 მარტს განხორციელდა. გარდა ამისა, კონგრესმენის ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით “საქართველო უპირველეს ყოვლისა” სწორედ ამ თანხას უკავშირებს. სტატიაში ნათქვამია, რომ კონტრაქტების შესახებ ინფორმაცია ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის რეესტშია (FARA) გამოქვეყნებული.
იგივე ინფორმაცია ფეისბუქ-პოსტის სახით გაავრცელა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა. “საქართველო უპირველეს ყოვლისაზე” დაყრდნობით ინფორმაცია ასევე გაავრცელეს პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, თამთა მეგრელიშილმა და ანტიდასავლური ჯგუფის, “ანტი-მაიდნის” ერთ-ერთმა ადმინმა, თაკო მამაიაშვილმა.
ჯო უილსონის მიერ “ფორმულასგან” თანხის მიღების შესახებ სამთავრობო ტელევიზია POSTV-ის “დიდ გადაცემაში” ისაუბრა ხელისუფლების პროპაგანდისტმა, გოგა ხაინდრავამაც. მისი თქმით, უილსონს “ფორმულასგან” თითო X-ის პოსტში 1000$ აქვს აღებული.
გოგა ხაინდრავა (38:15): “ეს უილსონი, ეს 1000$-იანი პრასტიტუკა, 1000$-იანი. დღეს გამოქვეყნდა ოფიციალურად FARA-ს მონაცემები, სადაც 1000$ აქვს “ფორმულასგან”, კეზერაშვილის 1000$ აქვს აღებული. [ჯო უილსონი] ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარეა, ამერიკის. შენ წარმოიდგინე, რა დეგრადაციასთან გვაქვს საქმე, რომ ამერიკის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე კეზერაშვილისგან იღებს 1000$-ს იმაში, რა ქვია, ტვიტში, რაა, რო დადოს, ხო. და დღეში, გუშინ დადო ხუთი ტვიტი ზედიზედ. ესე იგი, 5000$ საშობაოდ.”
FARA-ს დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი “ფორმულასგან” X-ის პოსტების დაწერაში ან ლობიზმში თანხას იღებს. ასევე მცდარია, რომ მან 2024 წლის მარტში 1000$ “ფორმულასგან” მიიღო. FARA-ს რეესტრში უილსონისა და “ფორმულას” ერთადერთი კონტაქტი იძებნება, ის 2023 წლის 26 სექტემბრით თარიღდება და მასში მიზნად მხარეებს შორის შეხვედრა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესახებ საუბარია განსაზღვრული. რაც შეეხება 2024 წელს მიღებულ თანხას, ის ჯო უილსონს ლობისტი ტოდ ვებსტერისგან ჩაერიცხა და “ფორმულა” არსად ფიგურირებს.
“საქართველო უპირველეს ყოვლისა” ჯო უილსონისა და “ფორმულას” კავშირის შესახებ წერისას ორ წყაროს იშველიებს. ერთი არის FARA-ს რეესტრის სქრინშოტი, სადაც წერია, რომ 2023 წელს მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმება დაიდო. მეორე დოკუმენტი კი ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშია, ის 2024 წლის 28 აგვისტოსაა გამოქვეყნებული.
-
“ფორმულასა” და ჯო უილსონს შორის ერთადერთი კონტაქტი იძებნება
FARA-ს რეესტრში (Active Registrants with Political Activities) ტელეკომპანია “ფორმულას” არაერთი კონტრაქტის შესახებაა ინფორმაცია. ტელევიზია ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-თან თანამშრომლობდა და მათი ერთობლივი 138 სხვადასხვა კონტაქტი იძებნება. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანიის ლობირებით “ფორმულამ” 138 კერძო თუ იურიდიულ პირთან დაგეგმა შეხვედრა, სთხოვა მხარდაჭერა, გაიარა კონსულტაცია და ა.შ.
ჯო უილსონისა და “ფორმულას” მონაწილეობით მხოლოდ ერთი კონტაქტი იძებნება, რომელიც 2023 წლის 26 სექტემბრით თარიღდება. კომუნიკაციაში ჯო უილსონთან ერთად, მისი საკანონმდებლო ასისტენტი და კომუნიკაციების დირექტორის მოადგილე მაიკლ მაკჰარგიც მონაწილეობდა. მიზნობრიობაში მითითებულია, რომ “ფორმულას” სენატორებთან შეხვედრა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხზე საუბარი სურდა.
შესწორება 10.01.24: ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში, მაიკლ მაკჰარგი, რომელიც უილსონის საკანონმდებლო ასისტენტია, მოხსენიებული იყო როგორც სენატორი. შესწორდა მისი თანამდებობა.

2024 წელს ფორმულამ რამდენჯერმე ისარგებლა ლობისტური კომპანიის მომსახურებით. FARA-ში ასეთი 8 შემთხვევა იძებნება, ყველა მათგანი “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილს გულისხმობდა და იანვრის თვით თარიღდება.
-
რა წერია “ფორმულას” შესახებ FARA-ში რეგისტრირებული კომპანიის ანგარიშში და ვისგან მიიღო უილსონმა 1000$?
ტელეკომპანია “ფორმულამ” ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-თან კონტრაქტი 2023 წლის 22 მაისს გააფორმა. მხარეებს შორის დადებულ კონტრაქტში მისი ფარგლებიცაა განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნული ლობისტური კომპანია იღებს ვალდებულებას, ამერიკის შესაბამის წრეებში ხელი შეუწყოს “ფორმულას” პრიორიტეტების გაუმჯობესებას, დაეხმაროს ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელდეს ტელევიზიისთვის პრიორიტეტული იდეები და შემდგომ, განახორციელოს ამერიკული მედიის მონიტორინგი და ა.შ. თანამშრომლობის მიზანია ამერიკელი საჯარო პირების, მედიისა და ორგანიზაციების ინფორმირება საქართველოსა და ქვეყანაში მოქმედი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შესახებ. ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ტელეკომპანიამ 105 000$ გადაიხადა.

წყარო: 6401 Supplemental Statement
აღსანიშნავია, რომ “ფორმულამ” ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი 2024 წლის თებერვალში გაწყვიტა. FARA-ს ბაზიდან კი ვიგებთ, რომ უილსონმა 1000$-იანი შემოწირულობა 2024 წლის მარტის თვეში მიიღო. ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, მათ “ფორმულასგან” ფინანსური სარგებელი არ მიუღიათ და არც თავად კომპანიას გაუწევია რაიმე მომსახურება ტელევიზიისთვის.

ლობისტური კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ბოლო გვერდებზე მითითებაა, თუ რომელ პოლიტიკოსთან ან პოლიტიკურ გაერთიანებასთან გადარიცხეს თანხა კომპანიის ლობისტებმა. ვკითხულობთ, რომ ჯო უილსონთან თანხმა არა “ფორმულამ”, არამედ ტოდ ვებსტერმა გადარიცხა.
ვებსტერი Cornerstone Government Affairs-ის ერთ-ერთი ლობისტია, რომელიც სხვადასხვა სუბიექტს ლობისტურ მომსახურებას უწევს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა” სტატიაში წერს, რომ თანხა უილსონის “პოლიტიკური კამპანიის ან პოლიტიკური სამოქმედო გეგმისთვის იყო განკუთვნილი.” ამ ტრანზაქციას “ფორმულასთან” კავშირი არ აქვს. ასევე, კომპანიის ანგარიშებში (1, 2), რომელსაც FARA-ს მოქმედების ფარგლებში წარადგენს, არ წერია, რომ ტოდ ვებსტერს ტელევიზიისთვის ლობისტური მომსახურება აქვს გაწეული.

შესაბამისად, ჯო უილსონმა თანხა არა “ფორმულასგან”, არამედ კომპანია Cornerstone Government Affairs-ის ერთ-ერთი ლობისტისგან მიიღო, თანაც მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “ფორმულას” კომპანია Cornerstone Government Affairs-თან საქმიანობა უკვე დასრულებული ჰქონდა. Cornerstone Government Affairs-ის ლობისტური კომპანია ბევრ სუბიექტთან თანამშრომლობს, შესაბამისად, ამჟამად არსებული მონაცემებით, არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ უილსონის შემოწირულობა “ფორმულასთანაა” კავშირში, მაშინ, როდესაც FARA-ს რეესტრში და კომპანიის ანგარიშებში 2024 წელს “ფორმულა” ჯო უილსონთან მიმართებით საერთოდ არ ფიგურირებს.
-
ვინ არის და რატომ გახდა ჯო უილსონი სამთავრობო პროპაგანდის სამიზნე?
ჯო უილსონი ამერიკელი პოლიტიკოსი, კონგრესის რესპუბლიკელი წევრი და “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეა. 24 მაისს უილსონმა, კონგრესის წევრებთან ერთად, MEGOBARI Act წარადგინა. დოკუმენტი გულისხმობს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას, აღნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას, სანქციების დაწესებას ქართველი პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნას, ასევე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და მხარდაჭერას. MEGOBARI Act საქართველოში რუსული ინტერესების მხარდაჭერისთვის სანქციებსაც გულისხმობს.
პროსამთავრობო აქტორების მხრიდან ჯო უილსონის დისკრედიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მან MEGOBARI Act წარადგინა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქციების შესახებ დაიწყო საუბარი. ბოლო პერიოდში უილსონმა პლატფორმა X-ზე რამდენიმე პოსტი დაწერა და ყველა მათგანში ივანიშვილს აკრიტიკებდა. მაგალითად, თავის პოსტებში ივანიშვილს ჩინეთისა და ირანის მოყვარულს, ხოლო ამერიკის მტერს უწოდებს, მას ჰკითხა, მზად იყო თუ არა სანქციებისთვის, ან რატომ ანდო ანაკლიის პორტის აშენება ჩინურ, ამერიკის მიერ საქნცირებულ კომპანიას. უილსონმა პრემიერ-მინისტრი კობახიძეც გააკრიტიკა ირანში ვიზიტისა და მათი მხარდაჭერისთვის, ვინც ამერიკას სიკვდილს უსურვებს და დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდნენ.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.