8-12 დეკემბერს სოციალურ ქსელ Threads-ზე და ფეისბუქზე სირიაში მდებარე სედნაიას ციხის შესახებ განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი მტკიცების მიხედვით, “სირიელმა ამბოხებულებმა დამასკოს სედნაიას ციხის ქვეშ საიდუმლო ოთხსართულიანი ციხე აღმოაჩინა, სადაც ათასობით ადამიანი საშინელ პირობებში იმყოფებოდა მიწისქვეშეთში”. ფეისბუქ-ანგარიშმა “საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება” კი გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ციხეში ასადების ხელისუფლების მიერ რეპრესირებული ათასობით ადამიანის წამება, სარდაფებში ჩაყრა და უკვალოდ გაქრობა მითი აღმოჩნდა. მისი მტკიცებით “სედნაიას ციხეში მსგავსი ფაქტების დამადასტურებელ ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს”. ანგარიში გავრცელებული ინფორმაციის დასტურად პოსტს ურთავს “ალ-ჯაზირას” მიერ სოციალურ ქსელ x-ში გამოქვეყნებული პოსტის ფოტოს, სადაც ვკითხულობთ, რომ სირიის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ციხეში ვერ აღმოაჩინეს საიდუმლო სარდაფებისა და მიწისქვეშა ციხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სოციალურ ქსელებში სედნაიას ციხეზე მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტები ვრცელდება. ციხეში საიდუმლო მიწისქვეშა სართულების არსებობა სირიაში მოქმედმა ადამიანთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა უარყვეს. რაც შეეხება იქ ხალხის წამებისა და უგზოუკვლოდ გაქრობის ფაქტებს, ამის შესახებ მტკიცებულებები წლების მანძილზე არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ წარმოადგინა.
მას შემდეგ რაც სირიაში აჯანყებულმა ძალებმა 2024 წლის დეკემბერში შეძლეს და წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ბაშარ ასადის დამხობა მოახერხეს, აჯანყებულებმა ასადის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ხალხი ციხეებიდან მასობრივად გაათავისუფლეს. ერთ-ერთი ასეთი ციხე, სედნაია, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს მდებარეობს და ის ცნობილია პატიმრების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკი მოპყრობით, სადაც წლების მანძილზე ათობით ათასი პირი მოათავსეს. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა სედნაიას “ადამიანების სასაკლაო” უწოდა, რადგან იქ ათასობით ადამიანს აწამებდნენ და კლავდნენ. New York Times-ის 2019 წლის გამოძიებით დადგინდა, რომ ციხის მცველები ხშირად ძალადობდნენ პატიმრებზე ფიზიკურად და სექსუალურად, ასევე აძალებდნენ მათ ერთმანეთის ცემას, გაუპატიურებას და დახოცვასაც კი.
2017 წელს აშშ-მ ბრალი დასდო სირიის ხელისუფლებას, სედნაიას ციხეში მოკლული პატიმრების რაოდენობის დამალვის მიზნით, კრემატორიუმის მეშვეობით მათი გვამების დაწვაში. Amnesty International-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების და სირიის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2011-2015 წლებში 5000-დან 13000-მდე პატიმარი ჩამოახრჩეს, წამებისა და 2 წუთიანი “სასამართლო” პროცესის შემდეგ, რომელიც ციხეშივე იმართებოდა. ასევე ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2014 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სედნაიადან გათავისუფლებული პატიმრები ადასტურებენ ციხეში პატიმრების დიდი რაოდენობის სიკვდილით დასჯას.
აჯანყებულების გამარჯვებასთან ერთად სედნაიას ციხეს მიაწყდა უამრავი მოქალაქე, რომლებიც ეძებდნენ მათ ნათესავებს და მეგობრებს, რომელთა ადგილსამყოფელსა და ჯანმრთელობაზე ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან სირიის მთავრობა ამ დეტალებს მალავდა. შედეგად, 7-8 დეკემბერს ციხიდან გაათავისუფლეს დაახლოებით 4000 პიროვნება, მათ შორის ქალები და ბავშვებიც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაოფიციალური ცნობებით იქ ათასობით მეტი პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომელთა ადგილსამყოფლის მიგნება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 2 დღიანი ძიების შედეგად სირიის მოხალისეობრივმა სამოქალაქო თავდაცვის ძალებმა “თეთრი ჩაფხუტები” და “სედნაიას ციხეში დაკავებულთა და დაკარგულთა ასოციაციამ” განაცხადეს, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ციხეში საიდუმლო სართულების არსებობას. თუმცა, არსად გაჟღერებულა ინფორმაცია, თითქოს პატიმრების წამების ან მოკვლის ფაქტები გამოგონილია. მეტიც, “თეთრი ჩაფხუტების” ლიდერმა “ალ ჯაზირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრებისთვის ეს ციხე ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო, სადაც მათ აწამებდნენ და კლავდნენ. მისივე თქმით, მაშველებმა კრემატორიუმის ღუმელებში არაერთი გვამი ნახეს. როგორც New York Times წერს აჯანყებულებმა სედნაიაში 38 გვამი აღმოაჩინეს, რომელთა ნაწილი რამდენიმე დღის, ზოგიც რამდენიმე კვირის გარდაცვლილი იყო და ყველა მათგანს ეტყობოდა წამების კვალი. ზოგიერთი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი გახდა.
როგორც უკვე აღინიშნა, გათავისუფლებული პატიმრებისა და აღმოჩენილი გვამების მიუხედავად, კვლავ უგზოუკვლოდაა დაკარგული 100 000-ზე მეტი პიროვნება, რომელთა უმეტესობა 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ბაშარ ასადის რეჟიმმა დააპატიმრა, რომელთაც მათი ოჯახის წევრები სედნაიაში თუ სხვა ციხეებში უშედეგოდ ეძებენ. 16 დეკემბერს Reuters-სთან საუბარში აშშ-ში დაფუძნებული სირიის ადვოკატირების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დამასკოს სიახლოვეს აღმოაჩინეს მასობრივი სასაფლაო, სადაც 100 000-ზე მეტი გვამის ნარჩენებია დამარხული. მისი განცხადებით, მან წლების მანძილზე მსგავსი 4 მასობრივი სასაფლაოს იდენტიფიცირება მოახდინა და აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მათი რიცხვი ქვეყანაში რეალურად 5-ზე მეტია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















