13 მარტს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქვეითების სავალი გზიდან შემინული საზოგადოებრივი საპირფარეშო ამოდის, რომელშიც ასევეა ლეპტოპი და ტელევიზორი. მას შემდეგ, რაც ვიდეოში მონაწილე პირი საპირფარეშოში შევა, ის ისევ მიწის ქვეშ ჩადის. ვიდეოს გამავრცელებელი ანგარიშები წერენ, რომ ის ჩინეთშია გადაღებული.
იდენტური ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდმაც გაავრცელა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვიდეო იაპონიაშია გადაღებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მიწისქვეშა საზოგადოებრივი საპირფარეშოა ნაჩვენები, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ოფიციალურ წყაროებში მსგავსი ტუალეტის ჩინეთში არსებობის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება.
მედიაში არ იძენბენა ინფორმაცია ჩინეთში ისეთი საპირფარეშოების არსებობის შესახებ, რომლებიც მიწის ქვეშაა და ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში ამოდის. მათ შორის, ჩინური მედია ქვეყნის საზოგადოებრივი საპირფარეშოების შესახებ წერისას არ ახსენებს მსგავსი მოდელის ტუალეტებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყანაში განსხვავებული ტიპის საზოგადოებრივ საპირფარეშოებს დგამენ. მაგალითად, იაპონიაში მათი ნაწილი შემინულია, კარი ავტომატურად ეღება და მინები იბურება. საპირფარეშო, რომელიც მიწის ქვეშ იყო მოთავსებული ლონდონში 2002 წელს გაიხნა. თუმცა, გავრცელებული ვიდეოსგან განსხვავებით ის არც მაღალტექნოლოგიური იყო და არც ადამიანები ჩაჰყავდა მიწის ქვეშ. აღნიშული საპირფარეშო 2023 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, რისი მიზეზიც 2023 წელს მომხდარი უბედური შემთხვევა გახდა. საპირფარეშო დღის განმავლობაში მიწის ქვეშ იყო, ხოლო ღამით ქვეითების სავალ გზაზე იდგა.
მსგავსი სტილის ვიდეოები, რომლებიც პროგრამულადაა შექმნილი, სოციალურ ქსელში თვეებია ვრცელდება. გასული წლის სექტემბრიდან ვაგნებთ ასეთ არაერთ ვიდეოს, რომლებიც, ძირითადა, ტიკ-ტოკსა და YouTube-ზე ქვეყნდება. ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ასეთ ვიდეოს აპლიკაციამ თავადვე დაურთო შეტყობინება, რომ მის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს.
ღია წყაროებში იძებნება რამდენიმე ვიდეო, რომელიც სხვადასხვა სიტუაციას ასახავს, თუმცა ბევრი მსგავსი ნიშანი აქვს. ტიკ-ტოკსა და YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ერთ შემთხვევაში საპირფარეშო და მეორე შემთხვევაში მანქანა, საპარკინგე სივრცესთან ერთად, მიწაში იყო და სმარტფონით მართვის შემდეგ ორივე მათგანი მიწიდან ამოდის. ვიდეოზე ნაჩვენები პირები იდენტურად იქცევიან და მსგავსია მიწაში ჩაშენებული საგნების ვიზუალიც. ერთ-ერთ ვიდეო ტიკ-ტოკმა ასევე დაურთო მინიშნება, რომ ისიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.
ვიდეოს ვიზუალური მახასიათებლები და მისი მსგავსება სხვა, AI-ის მიერ შექმნილ ვიდეოებთან, ასევე მსგავს საპირფარეშოებზე ინფორმაციის არარსებობა ადასტურებს, რომ ვიდეო რეალური არ არის.
“მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია ცნობები მაღალტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ. ხშირად მსგავს მიღწევებს არასწორად წარმოაჩენენ ან არარსებული გამოგონებების შესახებ, როგორც რეალურზე, ისე საუბრობენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.