საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, ახალი ამბების ბლოკის ყოფილი დირექტორი და ამჟამად გადაცემა „42° პარალელის“ წამყვანი გიორგი გვიმრაძე, აგრეთვე ამავე არხის ანალიტიკოსი, ნინო ხელაია, კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაკავშირებული ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობენ.
2025 წლის 18 მაისს გვიმრაძე და ხელაია თბილისში, ორგანიზაცია „სოციალისტური პლატფორმის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაში „თანამედროვე ფაშიზმი, პროდასავლური ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე“ მონაწილეობდნენ. სოციალისტური პლატფორმა” კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაკავშირებული ფეისბუქ გვერდია, რომელიც ანტიდასავლური და კრემლისტურიპრორუსული ნარატივების გავრცელებისთვის გამოიყენება.
კონფერენციის მონაწილეებმა დასავლური ლიბერალური სისტემის კრიზისზე, კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებაზე და აშშ-ის როლზე ისაუბრეს. კონფერენციის რეზოლუციაში დასავლეთი და უკრაინა იმპერიალიზმისა და ნაციზმის გამაძლიერებლებად იყვნენ წარმოჩენილი. “სოციალისტური პლატფორმის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ხაზი გაესვა, რომ ლიბერალიზმი და ფაშიზმი საერთო იდეოლოგიებია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა კოორდინაციითაა აუცილებელი. სიუჟეტი აღნიშნავს, რომ კონფერენციის მონაწილეები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გადახედვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. კონფერენციამ მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” პრაგმატულ საგარეო კურსს და დაგმო ქვეყნის ანტირუსულ კოალიციაში ჩართვის მცდელობები. „სოციალისტური პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ 2003-2012 წლებში საქართველოში პროფაშისტური და ულტრამემარჯვენე ლიბერალური რეჟიმი დამყარდა, რომელიც დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სამსახურში იდგა. მათი შეფასებით, ამ რეჟიმმა ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრია, რასაც ტერიტორიების დაკარგვა და მძიმე სოციალური კრიზისი მოჰყვა. პლატფორმა ამ პერიოდს აფასებს როგორც დასავლური გეგმის ერთ-ერთ ეტაპს, სადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ “პოლიგონად” გამოიყენეს. რეზოლუციაში ასევე დადებითად არის შეფასებული ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ კოალიციაში შეერთების მოთხოვნით ზეწოლას გაუძლო.
“კიევის ზეწოლა უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო საქართველოს ხელისუფლებისადმი საერთო ზეწოლისა, რათა ის შეერთებოდა ანტირუსულ სამხედრო-ეკონომიკურ კოალიციას. „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამ ზეწოლას გაუძლო. კონფერენციის მონაწილენი მხარს ვუჭერთ საქართველოს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას”, ნათქვამია მედიით გავრცელებულ რეზოლუციის ტექსტში.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემის “მილენიალის” წამყვანი ნუკრი შოშიაშვილი, პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანკვეტაძე, ამავე პლატფორმის გადაცემების სტუმარი, სოციოლოგი ბაქარ ბერეკაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციის მიღმა, გვიმრაძე და ხელაია რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სტუმრად “სოლიდარობა მშვიდობისთვის” YouTube გადაცემა “მილენიალში,” რომლის წამყვანიც ნუკრი შოშიაშვილია, სადაც ისინი მედიის მხრიდან მოსახლეობაზე მანიპულაციაზე, ე.წ “ვოუქიზმზე” და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ მიერ თავსმოხვეულ ე.წ “ჰეგემონურ დისკურსზე” საუბრობდნენ.

YouTube გადაცემა “მილენიალი” ასევე “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რაც გადაცემის აღწერაშიცაა აღნიშნული.
2023 წელს “სოციალისტურ პლატფორმაზე” საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის, თემურ ფიფიასა და ილია ლობჟანიძის ავტორობით გადაცემები გადიოდა. ილია ლობჟანიძეს, რომელიც ამ დროს „სოციალისტური პლატფორმის“ კოორდინატორის სტატუსით ფიგურირებდა, ხშირად იწვევდნენ სტუმრად გადაცემაში „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. თემურ ფიფიას კი „სოლიდარობის პლატფორმის“ მდივნად წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში მათი როლები არხზე კიდევ უფრო გაძლიერდა: ილია ლობჟანიძე გადაცემის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში არსებული სექციის — „სოციალისტური პლატფორმის დრო“ — წამყვანი გახდა, ხოლო თემურ ფიფია კი პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა.
“სოლიდარობა მშვიდობისთვის” შესახებ
თავად „სოლიდარობა მშვიდობისთვის” 2021 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდა და 2023 წლის დეკემბერში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საქართველოში რუსული გავლენის მნიშვნელოვან აქტორს წარმოადგენს. პარტიის იდეოლოგია საქართველო-რუსეთის დაახლოებას, სამხედრო ნეიტრალიტეტს და ე.წ. “სახალხო დიპლომატიის” მეშვეობით რუსეთისთვის სასურველი ნარატივების ლეგიტიმაციას ეფუძნება. 2024 წლის 15 ივნისიდან პარტიის ახალი თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი გახდა, რომელმაც 2024 წლის 4 აგვისტოს, “გეორგიევსკის ტრაქტატის” ხელმოწერის 241-ე წლისთავზე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებისადმი “ახალი გეორგიევსკის” ტრაქტატის დადებაზე პარტიის მიმართვა გაახმოვანა.
„სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც რუსეთის სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებთან და მონაწილეობენ მოსკოვის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ამჟამად პარტია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების კამპანიას ახორციელებს, რომლის მიზანი სახალხო დიპლომატიის მეშვეობით დიალოგის გაღრმავება და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ჩვენებაა.
რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესში „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2022 წლის ბოლოდან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებდა და ამ ნაბიჯს მათი პარტიის წარმატებად მიიჩნევს.
“სოლიდარობა მშვოდიბისთვის” წევრები, თემურ ფიფია, პაატა აბულაძე და მიხეილ ჟღენტი, რუსეთის „სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრები არიან. ამავე კლუბის პრეზიდიუმის წევრები არიან რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, რუსი დიპლომატი ევგენი პრიმაკოვი და პოლიტოლოგი სერგეი კარაგანოვი. რუსეთის „სახალხო ერთობის კლუბი“ მიზნად ისახავს საერთაშორისო დიალოგის გაღრმავებას და რუსეთის პოზიტიური იმიჯის გავრცელებას მსოფლიოს მასშტაბით.