2024 წლის 17 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა დავით ჯებაშვილმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის ლექსი გამოაქვეყნა. პოლიტიკოსის ფოტოზე დატანილია წარწერა: “ლექსი მივწერე პრეზიდენტს – გამაგრდი ჩვენო ძლიერო, გზას გაგვინათებ ვითარც ლამპარი, ერთადერთი ხარ ამ ქვეყანაზე, თავად სინათლე – პუტინი კი დამპალი”. ფოტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო აქვს დართული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი გავრცელებული ნატო ჩხეიძის ლექსი გაყალბებულია. მისი დაწერის შესახებ ინფორმაცია ნატო ჩხეიძემ უარყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქარდი მათ არ გაუვრცელებიათ.
ინფორმაცია, თითქოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა, რომ ნატო ჩხეიძემ მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნა, 2021 წელს იძებნება. Timer-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ლექსი ჩხეიძეს არ ეკუთვნის, ხოლო მედიამ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით Timer-ის მიერ გავრცელებულ ცნობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შექმნილი პლატფორმა “ანტიფეიკი” გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფოტო მათ შეფუთვას არის მიმსგავსებული, ინფორმაცია, რომ ნატო ჩხეიძემ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნა, “პირველი არხის” არცერთ პლატფორმას არ გამოუქვეყნებია.
ნატო ჩხეიძის მიერ დაწერილ ლექსზე ინფორმაცია ღია წყაროებით (1;2;3), მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-საიტით არ იძებნება. მედიას დეპუტატის აღნიშნული ციტატა არ გაუშუქებია.
“ანტიფეიკი” ნატო ჩხეიძესაც დაუკავშირდა. როგორც მათ ჩხეიძემ უთხრა, ლექსი მას არ დაუწერია: “ეს ლექსი მე არ დამიწერია და შესაბამისად არც არსად გამიგზავნია. ჩვეულებრივი სიცრუეა”.
შესაბამისად, სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით გავრცელებული ნატო ჩხეიძის ციტატა ყალბია. ინფორმაციას უარყოფს მედია და ნატო ჩხეიძეც.
წყაროს შესახებ
დავით ჯებაშვილი ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის ყალბ ცნობებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ჯებაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წასრულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
მოამზადა ნინა პაპიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.