25 მარტს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო თანდართული წარწერით, რომ გორში დააკავეს გოგო, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 40 ბიჭი გაიტაცა და ,,შეაცდინა”. გავრცელებულ ფოტოზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო და ვებ-საიტის მისამართია დატანილი.
იდენტურ ფოტოს გასულ წელს ფეისბუქ გვერდები ,,ფაქტები”, ,,გადარეული გურული” და ,,ცისარტყელა” ავრცელებდა.
,,პირველი არხის” ლოგოთი გავრცელებული ფოტო რეალურად საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გამოუქვეყნებია. ასევე, არც ამგვარი შინაარსის ახალი ამბავი გაუვრცელებია ,,პირველი არხსა” თუ სხვა სანდო მედიებს.
ფოტო მსგავსი წარწერით საზოგადოებრივ მაუწყებელს თავის ფეისბუქ გვერდზე არ გაუვრცელებია. ახალი ამბავი გორში 40-მდე ბიჭის გატაცების შესახებ, ასევე არაა გამოქვეყნებული მაუწყებლის ვებგვერდზე. პირველი არხის მსგავსად, ამგვარი შინაარსის ახალი ამბავი არც ერთი სხვა ქართული მედიის სოციალური ქსელებსა და ვებსაიტებზე არ იძებნება.
ქალის ფოტო, რომელზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოა დატანილი, კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ფოტოების ერთ-ერთ ბაზაში, Pixels-ზეა ატვირთული და MART PRODUCTION-ის გადაღებულია.
მცდარი ინფორმაციის გავრცელების დროს სანდოობის შესაქმნელად ხშირად იყენებენ სხვადასხვა მედიების ლოგოებსა და სახელს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:
- “რეზიდენტი” საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ლევან ვარშალომიძის ციტატას აყალბებს
- თაკო ჩარკვიანის სახელით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში ანა ჭანკოტაძე ხშირად ავრცელებს შეცდომაში შემყვანი შინაარსის ინფორმაციას. მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ცნობები ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
ფეისბუქ გვერდი ,,ფაქტები” ხშირად აქვეყნებს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. გასული წლის ოქტომბერში DFR Lab-მა გამოავლინა ქართულ ტურისტულ კომპანია Avia.ge-სთან დაკავშირებული 29 ფეისბუქ გვერდი, რომლებიც ჯანმრთელობის საკითხებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ,,ფაქტები” იყო. DFR Lab-ის დასკვნით, ტურისტული კომპანია აღნიშნულ ფეისბუქ გვერდებiს ე.წ. კლიკბეით (clickbait) მასალებით აუდიტორიის მიზიდვას ცდილობდა. სხვა გვერდებთან ერთად, ,,ფაქტებიც” ცრუ მკურნალობის მეთოდებს ავრცელებდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.