2024 წლის 30 ოქტომბერს “საზოგადოება ქართულის” ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ის მონაცემებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14%-ით ნაკლები იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებზე. განცხადების მიხედვით, კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას, არამედ მანიპულაციებს ემსახურება, რათა ოპოზიციას არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების საბაბი მისცეს.
განცხადება გამოაქვეყნა სამთავრობო მედიამ – “მარშალპრესმა” და “იმედმა”, ასევე, გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-საიტზე.
“საზოგადოება ქართული” Edison Research-ის კვლევას ცესკოს მონაცემებს მანიპულაციურად ადარებს. რეალურად, Edison Research არჩევნებამდე აქვეყნებს პარტიის რეიტინგებს მოქალაქეების გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემებით, რაც ასევე მოიაზრებს იმ ამომრჩევლებს, რომელთა არჩევანი, შესაძლოა, შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ შედეგებთან, როგორც წესი, ახლოსაა არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, რადგან ეს მონაცემები მოქალაქეების პასუხს ხმის მიცემის შემდეგ ასახავს. Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებსა და ცესკოს მონაცემებს შორის სხვაობა სხვა გასულ წლებში 1-5%-ს შორის მერყეობდა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვაობა 13% იყო, რაც პირველი შემთხვევაა.
-
პარტიების რეიტინგები Edison Research-ის გამოკითხვებში
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ორგანიზაცია Edison Research-ის მიერ პარტიების რეიტინგის შესახებ 2024 წლის არჩევნებამდე ჩატარებული ბოლო კვლევა 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კითხვაზე, “დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”, პასუხები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება – 34%; ერთიანობა (ენმ; სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო) – 18%; კოალიცია ცვლილებებისთვის – 14%; გახარია – საქართველოსთვის – 11%; ძლიერი საქართველო – 10% და ა.შ. შედეგები ასე ალოკაციით, შეწონვის მეთოდით გადანაწილდა. ალოკაცია ნიშნავს მეთოდს, როდესაც მკვლევარი სხვა კითხვაზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე ვარაუდობს, თუ ვის მისცემს ხმას რესპონდენტი, როდესაც ისინი არ პასუხობენ კითხვას, ვის უჭერენ მხარს.
Edison Research-მა გამოკითხვების შედეგები ასევე გამოაქვეყნა 4 ოქტომბერს, 27 სექტემბერს, 19 სექტემბერს, 13 სექტემბერს და 28 ივლისს (1;2;3;4;5). პარტიების პროცენტები ყველა შემთხვევაში ალოკაციით, შეწონვის მეთოდით არის გადანაწილებული. ყველა კვლევა ასევე ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროცენტულ რაოდენობას, რომლებიც პარტიების მიმართ ლოიალობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობენ, რომ მათი არჩევანი შეიძლება შეიცვალოს. მაგალითისთვის, 23 ოქტომბერს კი მოქალაქეების 23% ამბობდა, რომ არჩევანში დარწმუნებული არ იყო და, შესაძლოა, შეეცვალა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი არ შეესაბამება ცესკოს მიერ დათვლილ საბოლოო შედეგებს თავად სამთავრობო მედიის დაკვეთით “გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევებში. მაგალითად, 2024 წლის 10 აპრილს, გორბის კვლევით, 60.4% პასუხობდა, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 14 აგვისტოს – 59.3; 8 ოქტომბერს – 59.5%; მმართველმა პარტიამ, ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში 53.9% მიიღო.
-
Edison Research-ის ეგზიტპოლები და ცესკოს შედეგები
აღსანიშნავია, რომ Edison Research კვლევას არჩევნების დღესაც ატარებს და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. რელევანტურია ცესკოს მონაცემების არა წინასწარი გამოკითხვებით პარტიების რეიტინგებთან, არამედ ეგზიტპოლების შედეგებთან შედარება, რადგან ეგზიტპოლები ამომრჩევლების უკვე გაკეთებულ არჩევანს ასახავს.
ეგზიტპოლები უბნების დათვლამდე აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას, თუ რამდენ ხმას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები და რა შედეგს გამოაქვეყნებს ცესკო. ამისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლები საარჩევო უბნებზე ამომრჩევლების გამოკითხვას ატარებენ, მას შემდეგ რაც ისინი ხმას მისცემენ.
Edison Research-ი საქართველოში არჩევნებზე ეგზიტპოლებს წლებია, ატარებს. ცესკოს მონაცემებს შეგვიძლია შევადაროთ 2012, 2018, 2020 და 2021 წლის ეგზიტპოლების შედეგები. მაგალითად, 2021 წელს, ორგანიზაციის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 51% უნდა ჰქონოდა, ცესკოს საბოლოო მონაცემებით კი 54% ჰქონდა. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში Edison Research-ისა და ცესკოს მონაცემებს შორის განსხვავება 1% იყო, მეორე ტურში – 5% (1;2); 2020 წლის არჩევნებზე – 2% (1;2), 2021 წლის არჩევნებზე – 1% (1;2). აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ყოველ წელს მონაცემებს თან ურთავდა ცდომილების ზღვარს.

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს – 20:00 საათზე გამოქვეყნებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველ პარტიას ხმების 40.9% უნდა ჰქონოდა. ცესკოს მონაცემებით, ოცნებამ 53.9% მიიღო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციის ეგზიტპოლი ცესკოს მაჩვენებელს შორის მრავალპუნქტიანი სხვაობაა. აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა ორგანიზაციამაც და განმარტა, რომ 13 პუნქტიანი სხვაობა მანიპულაციებზე მიანიაშნებს.

ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები არჩევნებზე პარტიების მიერ მიღებული შედეგების შესახებ უნდა შედარდეს არა კვლევითი ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ პარტიულ რეიტინგებს, არამედ ეგზიტპოლებს. შესაბამისად, Edison Research-ის 26 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული მონაცემების ცესკოს პროცენტებთან შედარება მანიპულაციურია. რეალურად, წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე ცესკოს შედეგებსა და Edison Research-ის ეგზიტპოლებს შორის სხვაობა 1-დან 5%-მდე მერყეობდა, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სხვაობა 13%-ია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.