26 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა და სომხეთში მოქმედი Armenia News-ის რუსულენოვანმა ვებ-საიტმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები და სამხედრო პირადობის მოწმობებით სავსე კონტეინერი აღმოაჩინეს. Armenia News-ის რუსულენოვანი ვებ-საიტი აღნიშნულ თემაზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, გევორგ დანიელიანის კომენტარს აქვეყნებს. მათი ცნობით, დანიელიანი ვარაუდობს, რომ სომხური გაყალბებული პასპორტები, შესაძლოა, ნებისმიერ სფეროში გამოიყენონ, მათ შორის, არჩევნებშიც.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ყალბი პასპორტებით სავსე კონტეინერები აღმოაჩინეს, მტკიცებულებების გარეშეა და ღია და საჯარო წყაროებით არ დასტურდება. ამავდროულად, ინფორმაციის პირველწყაროს, Youtube-ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ ამბები ავტორის “პირადი მოსაზრებაა” და ფაქტებს არ ეყრდნობა.
თავდაპირველად, ყალბი პასპორტების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 25 სექტემბერს Youtube-არხ За Кулисами Событий-ზე გამოქვეყნდა. შემდგომში, ვიდეო 26 სექტემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა აღწერით, რომ ინფორმაციას “რუსულენოვანი საინფორმაციო უწყება” ავრცელებდა, ხოლო 1-ელ ოქტომბერს არაერთმა სომხურმა მედიასაშუალებამ საკითხზე დანიელიანის მიერ ამავე დღეს გამოქვეყნებული პოსტი გააშუქა (1;2;3). აღსანიშნავია, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც აღმოჩენილ დოკუმენტებსა და არჩევნებში მათ შესაძლო გამოყენებაზე წერდა, აღარ იძებნება.

რეალურად, მტკიცების სავარაუდო პირველწყარო იუთუბ-არხია (За Кулисами Событий), რომელიც გამოგონილ ისტორიებს სისტემატურად აქვეყნებს. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გენერირებული კადრებით შექმნილი ვიდეოს მიხედვით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 20 000 ყალბი პასპორტი აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებს ეკუთვნოდა. ვიდეოში ვისმენთ, რომ ასევე ამოიღეს უკრაინის, რუსეთის, სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პასპორტებიც. ვიდეოს მიხედვით, ამბავი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მესიასაშუალებებში და მომხდარი ჰგავს “საიდუმლო სქემას”, რომლის მიზანიც რეგიონში დესტაბილიზაცია იყო. გარდა ამისა, ვიდეოში ვისმენთ, რომ საკითხზე თურქეთისა და საქართველოს უწყებებმა საერთო კომენტარი გააკეთეს.

ვიდეოში გაჟღერებული ცნობები მტკიცებულების გარეშეა. ინფორმაცია, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე 20 000 ყალბი დოკუმენტი აღმოაჩინეს, ღია წყაროებით არ გავრცელებულა. ამის შესახებ ცნობები არც ქართულ და არ თურქულენოვან მედიასაშუალებებში არ იძებნება.
Youtube-არხი ‘’За Кулисами Событий’’ 2025 წლის 4 იანვარს შეიქმნა. მას 19.1 ათასი გამომწერი ჰყავს და არხის შესახებ მონაცემებში ქვეყნად მითითებულია რუსეთის ფედერაცია. ამ დროისთვის გამოქვეყნებულია 216 ვიდეო, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი. როგორც არხის აღწერაში, ისე თითოეული ვიდეოს დასაწყისში განთავსებულია გაფრთხილება, რომ ვიდეორგოლები გამოგონილ ისტორიებს ეფუძნება და გასართობი ხასიათისაა. შესაბამისად, ავტორი იხსნის პასუხისმგებლობას მათში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე.

აღნიშნული მტკიცება სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნარეკ სარგისიანმა Armenpress’-თან ინტერვიუში უარყო: ‘’ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ამბავი აშკარა დეზინფორმაციაა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
გევორგ დანიელიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორთან” თანამშრომლობით ასევე გადაამოწმა ადგილობრივმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Fip-მა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















