2020 წლის 23 ოქტომბერს გვერდმა qadageba.ge გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “პანდემია თუ კორონა-თაღლითობა”, რომელშიც ოთხი სასულიერო პირი – დავით ისაკაძე, დავით ქვლივიძე, დავით სულაშვილი და არჩილ ქიტუაშვილი, კორონივირუსის პირობებში საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებული შეზღუდვების, მათ შორის ეკლესიებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ საუბრობენ. მათი შეფასებით, “კორონავირუსის პანდემიასთან” დაკავშირებული შიშები გაზვიადებულია, რეალურად პანდემია მსოფლიო მოსახლეობისათვის თავსმოხვეულია, ხოლო ტაძრებში ფიზიკური დისტანციის ან სხვა უსაფრთხოების ზომების დაცვა “მკრეხელური”, “ღვთისმბრძოლი” ზომებია. აქედან გამომდინარე, მიმართვაში მონაწილე სასულიერო პირი დავით სულაშვილი მრევლს მოუწოდებს, რომ განმეორებითი მკაცრი შეზღუდების დაწესების შემთხვევაში, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს და ეკლესიებში პირბადის და დისტანციის დაცვის გარეშე შეიკრიბონ.
დეკანოზი დავით სულაშვილი: “რაც შეეხება იმ არაადამიანურად მკაცრ ზომებს, რომლებიც ტარდება მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ თუკი ეს შეზღუდვები, ისევე როგორც იყო გაზაფხულზე, ახლაც დაუკავშირდება მართლმადიდებელ ეკლესიებში ლოცვის შეზღუდვას, რაც ჩვენი რელიგიური უფლების გამოხატვის შეზღუდვას ნიშნავს, ჩვენ არ დავემორჩილებით ამ შეზღუდვებს და ჩვენს მრევლს მოვუწოდებთ, რომ ყოველგვარი პირბადის და დისტანციის გარეშე მობრძანდნენ ეკლესიაში და ეზიარონ, რა თქმა უნდა, ერთი ბარძიმით და ერთი კოვზით.”
2020 წლის 27 სექტემბერის მონაცემებით qadageba.ge-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს 2900-ზე მეტი გაზიარება აქვს. ვიდეომიმართვის შესახებ ახალი ამბავი გამოაქვეყნეს ონლაინმედიებმა Tvalsazrisi.ge და TVM-News.
სასულიერო პირების მიმართვა, გარდა უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისკენ მოწოდებისა, შეიცავს 6 დეზინფორმაციულ და 2 კონსპირაციულ მტკიცებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსის სტატისტიკის, ბილ გეითსის და PCR ტესტების შესახებ. გთავაზობთ, qadageba.ge-ს მიერ გავრცელებულ მიმართვაში გაჟღერებული დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებების მიმოხილვას.
დეზინფორმაცია #1: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისას პანდემიის განმარტებით არ იხელმძღვანელა.
დეკანოზი დავით ქვლივიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ იხელმძღვანელა პანდემიისა და ეპიდემიის განმარტებებით. როგორც დეკანოზი აცხადებს, კორონავირუსის პანდემია გამოცხადდა მაშინ, როცა ვირუსით ინფიცირებული იყო 90 000 ადამიანი, ანუ პლანეტის მოსახლეობის 0.001%. რეალურად, პანდემიის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ კლასიკურ განმარტებაში დაზუსტებული არ არის ინფიცირებულთა მინიმალური რაოდენობა, რომლის მიხედვითაც დაავადების პანდემიად გამოცხადება შეიძლება.
WHO: “პანდემია არის ეპიდემია, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოს მაშტაბით, ფარავს დიდ ტერიტორიას, გადალახავს ეროვნულ საზღვრებს და გავლენას ახდენს ადამიანთა დიდ რაოდენობაზე.”
2020 წლის 11 მარტს, როდესაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის 118 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხოლო გარდაცვლილი იყო 4 291 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსის დადასტურებული შემთხვევების 90% მხოლოდ ორ ქვეყანაში – ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში იყო დაფიქსირებული და საერთაოშიროს დონეზე გავრცელებას მხოლოდ მაშინ იწყებდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 11 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისას იხელმძღვანელა არა მხოლოდ ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, არამედ რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ვირუსის გადაცემის მაღალი სიჩქარით, ვირუსის სიმძაფრით, ვირუსთან და კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად ქვეყნების მომზადების დონით.
დეზინფორმაცია #2: ბილ გეითსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოისყიდა, რათა მათ კორონავირუსი პანდემიად გამოეცხადებინათ.
დეკანოზი დავით ქვლივიძის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად ბილ გეითსის დაკვეთით გამოაცხადა. მისი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა, ბილ გეითსმა ჯანმო 50$ მილიონი გადაურიცხა, რასაც მეორე დღესვე პანდემიის გამოცხადება მოჰყვა.
დავით ქვლივიძის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შეჩერებაზე განცხადება 2020 წლის 15 აპრილს გააკეთა. 16 აპრილს ბილ გეითსის საკუთრებაში არსებულმა ფონდმა დაგმო ტრამპის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის პანდემიასთან საბრძოლველად დამატებით 150$ მილიონიანი დახმარების მიცემის შესახებ დაანონსა. ბილ გეითსისა და მისი ცოლის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი უკვე წლებია, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ღია დონორია.
აღნიშნული დეზინფორმაცია, სავარაუდოდ დაკავშირებულია ბილ გეითსის მიერ თებერვალში გაკეთებულ განცხადებებთან, როდესაც იგი საუბრობდა, რომ კორონავირუსი უკვე არის პანდემია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე სახელმწიფოებს მოუწოდებდა, მომავალ კრიზისთან გასამკლავებლად მზადება დაეწყოთ. მაშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიის გამოცხადებისაგან თავი შეიკავა, თუმცა თებერვალშივე, ვირუსის ჩინეთის საზღვრებს მიღმა გავრცელების გამო, განაცხადა, რომ ვირუსს პანდემიურად გავრცელების პოტენციალი ჰქონდა.
დეზინფორმაცია #3: ბილ გეითსმა 2005 წელს პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე რელიგიური ფუნდამენტალიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა და მიკროჩიპი წარმოადგინა.
დავით სულაშვილის თქმით, ბილ გეითსმა 2005 წელს პენტაგონში გამართა შეხვედრა, რომელზეც თითქოს მან რელიგიური ფუნდამენტალისტების გასანეიტრალებელი ვაქცინის და მიკროჩიპის შექმნაზე ისაუბრა. დავით სულაშვილს ეს იმის დასადასტურებლად მოჰყავს, რომ ვირუსის საშუალებით (თუმცა არა მაინცდამაინც კორონავირუსის) დაგეგმილია დედამიწის მოსახლეობის “კორექტირება”. აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.
დეზინფორმაცია, რომ ბილ გეითსმა 2005 წელს პენტაგონში მსგავსი შეხვედრა გამართა, სათავეს იღებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც მამაკაცი საკონფერენციო დარბაზში საუბრობს “ღვაებრივ გენზე” და მის შესაძლო “ვაქცინაზე”. ვიდეო აქტიურად ვრცელდებოდა კონსპირაციულ ბლოგებზე, გვერდებსა და პორტალებზე, რის შემდეგაც გამოცემა Reuters-მა ვიდეოს ავთენტურობა გადაამოწმა და იგი სიყალბედ შეაფასა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოში მოსაუბრე ადამიანი ბილ გეითსი არ არის, ასევე ვიდეოფრაგმენტში არ ჩანს კონკრეტულად რა სამეცნიერო კონტექსტში მიმდინარეობს საუბარი და ზუსტად რა შეიძელბა იგულისხმებოდეს “ღვთაებრივ გენში”. ვიდეოში ჩანს ტვინის სკანერით გადაღებული ფოტოები, რომლებიც Reuters-ის მიხედვით, 2010 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი სამეცნიერო პუბლიკაციიდანაა აღებული.
დეზინფორმაცია #4: იტალიაში გარდაცვლილი პაციენტები სინამდვილეში არა კორონავირუსით, არამედ სხვა დაავადებებით დაიღუპნენ. კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენდა.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დეკანოზი დავით ქვლივიძე ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს ისე დიდ საფრთხეს ადამიანისთვის, როგორც მისი წარმოჩენა ხდება. მას მაგალითად მოჰყავს იტალია, სადაც, მისი თქმით, 21 მაისს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა არა 3000 ადამიანს, არამედ 124 პაციენტს შეადგენდა. დეკანოზის თქმით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიდნენ და სხვა დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევებსაც ვირუსს მიაწერდნენ, რათა ადამიანთა “დაზაფვრა” მოეხდინათ.
ამ მტკიცებაში დავით ქვლივიძე იმოწმებს იტალიელ ვირუსოლოგს ჯულიო ტაროს, თუმცა რეალურად ჯულიო ტაროს მტკიცებები რიცხვებით მანიპულაციაა, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელებოდა. 21 მაისს იტალიაში კორონავირუსით 3032 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთაგან 124 ადამიანს არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები, რაც არ ნიშნავს, რომ თანმხლები დაავადების მქონე პაციენტების გარდაცვალება კორონავირუსს არ გამოუწვევია.
აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
დეზინფორმაცია #5: შეიქმნა საგანგებო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამზადებს სასამართლო პროცესს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული თაღლითობის, როგორც “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის”, წინააღმდეგ.
დეკანოზი დავით ისაკაძის თქმით, უკვე შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ თაღლითობას გამოიძიებს, რადგან კორონავირუსის პანდემიის გაყალბება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ისეთივე დანაშაულია, როგორიცაა ფაშიზმი. აღნიშნული ინფორმაცია მართლაც გავრცელდა ქართულ და რუსულ სოციალურ ქსელში, გავრცელებულ ვიდეოებში გერმანელი ადვოკატი და 7 სხვა ექიმი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად კორონავირუსის PCR ტესტის საშუალებით გამოვლენა შეუძლებელია და ამიტომ ცრუ პანდემიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებდნენ. თუმცა ამ განცხადებებს არანაირი ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, ხოლო განცხადებების ავტორთა ბრალდებები პანდემიის გაყალბებასთან კავაშირებით მტკიცებულებების გარეშეა.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:
- შეიტანეს თუ არა სარჩელი კორონავირუსის წინააღმდეგ?
- კოვიდ-19-ზე დეზინფორმაცია ფეისბუქ ჯგუფებში ორგანიზებულად ვრცელდება
დეზინფორმაცია #6: ვირუსი PCR ტესტებშია მოთავსებული და ადამიანებს მათი საშუალებით აინფიცირებენ.
დეკანოზი დავით სულაშვილი მიმართვაში აცხადებს, რომ კორონავირუსით ადაიანების დაინფიცირება მიზანმიმართულად ხდება და ამისთვის PCR ტესტები გამოიყენება. თავისი მოსაზრების გასამყარებლად დავით სულაშვილს მაგალითად მოჰყავს 2020 წლის 30 მარტს დაფიქსირებული შემთხვევა, როცა დიდმა ბრიტანეთმა ამერიკისათვის შეკვეთილი ტესტებში კორონავირუსის პათოგენი აღმოჩნდა. დავით სულაშვილი იმოწმებს ცნობილი ბრიტანული გამოცემის Telegraph-ის სტატიას.
მართალია, აღნიშნული ფაქტი 2020 წლის 30 მარტს მართლაც დაფიქსირდა, თუმცა Telegraph-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტესტებში კორონავირუსი ტესტირების დაწყებამდე აღმოაჩინეს, რამაც დიდ ბრიტანეთში მთავრობის მიერ დაგეგმილი მასობრივი ტესტირების დაწყება შეაყოვნა და ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა ალტერნეტიული ტესტების წარმოებაზე ეფიქრა. ამერიკული PCR ტესტების შეკვრაში კორონავირუსის პათოგენის აღმოჩენაზე 2020 წლის 18 აპრილს ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა Washington Post-მა, ამ შემთხვევაშიც ტესტებში ვირუსი აღმოაჩინეს უსაფრთხოებაზე ლაბორატორიული შემოწმებისას და პათოგენით დაბინძურებულ ტესტებს პაციენტებთან შეხება არ ჰქონიათ.
დავით სულაშვილის მიერ აღნიშნული ფაქტების განზოგადება PCR ტესტების შესახებ მცდარია, ტესტით პაციენტების ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ტესტების ჩატარება სრულიად უსაფრთხოა, თანაც ტესტს უშუალოდ პაციენტთან შეხება არ აქვს, პაციენტისგან ტამპონით იღებენ ნაცხს და სინჯარაში ათავსებენ. ტესტს კი შეხება მხოლოდ სინჯარაში მოთავსებულ ნაცხთან აქვს.
აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
კონსპირაცია #1: PCR ტესტის ჩხირი არაბუნებრივად გრძელია და არა ნაცხის ასაღებად, არამედ ორგანიზმში ნანოტექნოლოგიის იმპლანტაციისთვის გამოიყენება
დავით სულაშვილის თქმით, ზოგიერთი ექიმის შეხედულებით PCR ტესტებისთვის გამოყენებული ცხვირის ტამპონები საეჭვოდ გრძელია, ორგანიზმში მეტისმეტად ღრმად შედის და სავარაუდოდ ისინი არა ნიმუშის ასაღებად, არამედ სხვა მიზნებით – მაგალითად, ადამიანის დასაავადებლად ან სხეულში მიკროორგანიზმის იმპლანტაციისთვის გამოიყენება. აღნიშნული მოსაზრებები მტკიცების გარეშეა და კონსპირაციულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე PCR ტესტების შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ტესტირებისათვის განკუთვნილი ნაცხის ასაღებად მსგავსი ტამპონის გამოყენება კი აპრობირებული მეთოდია და იგი კორონავირუსის პანდემიამდეც სხვა ვირუსული დაავადებების გამოკვლევის პროცესში წლებია გამოიყენება.
კონსპირაცია #2: კორონავირუსი და მისი ვაქცინა მსოფლიოს მოსახლეობის შესამცირებლად და დასამორჩილებლად იქმნება, რაზეც ღიად განაცხადა ბილ გეითსმა.
დეკანოზი დავით სულაშვილი მიმართვაში ავითარებს კონსპირაციას, რომ მსოფლიოს მმართველი ელიტა დედამიწაზე მოსახლეობის შემცირებას გეგმავს, კორონავირუსი და მისი სამომავლო ვაქცინა კი სწორედ ამისი საშუალება იქნება.დეკანოზის მტკიცებით, ბილ გეითსი თავის გამოსვლებში არ მალავს, რომ მას სურს ვაქცინების საშუალებით პლანეტის მოსახლეობა შეამციროს.
კონსპირაცია, რომ ბილ გეითსი ვაქცინებით მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას გეგმავს, ბილ გეითსის 2015 წლის TED Talk-ზე გამოსვლას ეფუძნება, სადაც მან აღნიშნა, რომ გლობალური კატასტროფის რისკები ამჟამად არა ატომურ იარაღსა და რაკეტებს, არამედ ვირუსებს უკავშირდება. ბილ გეიტსმა ახსენა ვაქცინაციაც და განაცხადა, რომ ვაქცინებზე მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ვაქცინა ჩიპის სახით უნდა შეიქმნას.
აღნიშნული კონსპირაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: