14 ნოემბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “წიქარა კოლხი”, რომელიც ყალბი ინფორმაციის ხშირი გამავრცელებელია, ასევე სხვა ანგარიშმა გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც თითქოს გამოსახული არიან შვედი აქტივისტები. მასზე დატანილია პარლამენტარების ციტატა: “ჩამოვედით შვედეთიდან, რათა ქოციანობა დასრულდეს საქართველოში! მთავრობა გადაყირავდება.” ფოტოს გამავრცელებელი მასზე ასახულ პირებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის “დაქირავებულ ზონდერებს” უწოდებს და წერს: “იანვრამდე სახეს დაკარგავენ სრულიად! ჯერ დასაწყისია მხოლოდ!” ფოტოზე ჩანს ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელი Citizen000007.
გავრცელებულ ფოტოზე შვედი აქტივისტები არ არიან. სინამდვილეში, ისინი ამერიკელი სკეიტერები, გაერთიანება 10c41-ის წევრები არიან. შესაბამისად, შვედი აქტივისტების სახელით გავრცელებული ციტატაც გამოგონილია. ციტატის პირველწყარო არჩევნების შემდგომ შექმნილი Tiktok ანგარიშია, რომელიც უცხოელი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სახელით ყალბ ციტატებს სისტემატურად ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე სკეიტ კულტურის მიმდევარი ამერიკული გაერთიანების, 10c41-ის წევრები არიან. ფოტოზე ასახული ადამიანების ამოცნობა გაერთიანების სხვადასხვა სოციალური ქსელის (1, 2) პოსტებშია შესაძლებელი. ადამიანებზე დაკვირვებით შეიმჩნევა, რომ მათ მსგავსი თმის სტილი, ტატუ და პირსინგები აქვთ.
გავრცელებულის იდენტური ფოტო, რომელზეც გაერთიანების წევრები ჩანან, 10c41-მა პლატფორმა X-ზე 2024 წლის 2 იანვარს გამოაქვეყნა.
გაერთიანება 10c41-ის შესახებ ღია წყაროებში ბევრი ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. მათ სოციალური ქსელებზე დაკვირვებით ირკვევა, რომ საკუთარ სკეიტ ბორდებს აწარმოებენ და ყიდიან. მათი შვედეთთან კავშირის ან აქტივისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
-
რა ვიცით ტიკ-ტოკ ანგარიშზე Citizen000007?
ამერიკელი სკეიტერების ფოტოსა და ყალბი ციტატის გამოყენებით მცდარ ინფორმაციას ტიკ-ტოკ ანგარიში Citizen000007 ავრცელებს. მან პირველი ვიდეო 2024 წლის 28 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ის შედგება მხოლოდ ფოტოსა და მასზე დატანილი წარწერისგან: “აჯანყებაზე უარესი არის ის, რაც აჯანყებას იწვევს.” პირველი ვიდეოდან მოყოლებული, ის არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების მხარდაჭერით გამოირჩეოდა (1, 2, 3, 4, 5). 4 ნოემბრის შემდეგ, ანგარიშმა არაერთი ყალბი ციტატა გამოაქვეყნა, მათ შორის, დონალდ ტრამპის, ილონ მასკისა და გრეტა თუნბერგის. გამოგონილი ციტატები ხელისუფლების საწინააღმდეგო და მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი შინარსისაა.
11 ნოემბრიდან ტიკ-ტოკ ანგარიშმა განსხვავებული შინაარსის ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო. კერძოდ, ვიდეოებს აქვეყნებს ევროპელი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით. Citizen000007 აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც თითქოს უკრაინელი ნეო ნაცისტი, ანტი პუტინისტი, ბელგიელი, ლგბტ თუ ფრანგი აქტივისტები, ასევე ევროპარლამენტარები არიან გამოსახული. ფოტოებს თან ურთავს გამოგონილ, ანტისამთავრობო ციტატებს, რომელიც თითქოს ევროპელებს ეკუთვნით.
ანგარიშს ქართველი პოლიტიკოსების შესახებ რამდენიმე ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. ყველაზე მეტი, ხუთი ვიდეო, გიორგი გახარიაზეა (1, 2, 3, 4, 5), ანგარიშმა ევროპელ ახალგაზრდებზე გახარიას ყალბი ციტატაც გამოაქვეყნა. თითო ვიდეო სალომე ზურაბიშვილისა და ზურა ჯაფარიძის შესახებაა. ჯაფარიძის ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული, ის თითქოს დონალდ ტრამპთან ერთადაა და მათ “მთავრობის აყირავების კონკრეტული გეგმა” შეიმუშავეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, Citizen000007-მა მთავარი არხის საინფორმაციო ბარათი გამოაქვეყნა, რომელზეც დიპლომატებთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეალური ციტატა წერია.
ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც თითქოს შვედ პარლამენტარს ასახავს და მასზეც ანტისამთავრობო ციტატა იყო დატანილი, “მითების დეტექტორმა” ერთხელ უკვე გადაამოწმა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.