21 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო “ჯორჯიან თაიმსის’’ გადაცემაში “რეალური პოლიტიკა – მალხაზ გულაშვილთან ერთად’’ სტუმარმა, პარტია ‘’ქართული დასის’’ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს დაუწესა შეზღუდვა არმიის რაოდენობაზე. მისი სიტყვებით, საქართველო დაისაჯა, როგორც აგრესორი ქვეყანა და აეკრძალა, ჰყოლოდა 25 ათას სამხედროზე მეტი.
ჯონდი ბაღათურია (40:30-დან): “25 000-იანი არმია გვყავს, აზერბაიჯანს 100 000 არმია ჰყავს, ეხლა 2008 წელს… ჯერ მანამდე 90-იან წლებში მოითხოვდნენ ამერიკელები და ევროპელები რომ აღარ გინდათ ამხელა არმიაო და მერე 2008 წელს კვოტა დაგვიწესეს როგორც აგრესორ სახელმწიფოს. ევროკავშირმა დაგვიწესა კვოტა და ახლა ევროკავშირი და ამერიკელები გვეუბნებოდნენ ისევ რუსეთს თავს დაესხითო. რაც ერთხელ გვითხრეს და გააკეთა სააკაშვილმა, როგორც მოღალატემ, შეგნებულმა მოღალატემ და ამის მერე ჩვენ ისევე ევროკავშირმა დაგვსაჯა და დღემდე არ გვაძლევენ უფლებას 25 000-ზე მეტიანი არმია გვყავდეს…”

მტკიცება, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირმა საქართველო დასაჯა, როგორც აგრესორი ქვეყანა და დაუწესა შეზღუდვა არმიის რაოდენობაზე, დეზინფორმაციულია. ევროკავშირი არმიის რაოდენობაზე შეზღუდვას არ აწესებს და განმარტავს, რომ უსაფრთხოება და თავდაცვა ქვეყნების კომპეტენციაა. 2025 წლისთვის თავდაცვის ძალების რაოდენობა, ისევე, როგორც წინა წლეში, არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა.
თავდაცვითი არმიის რაოდენობის განსაზღვრა ქვეყნის სუვერენული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, თავდაცვის ძალების რაოდენობას მთავრობის წარდგინებით სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ამტკიცებს. გარდა ამისა, არ იძებნება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ქვეყნებს შეზღუდვას უწესებს არმიის რაოდენობაზე – ამის საწინააღმდეგოდ, გაერთიანება განმარტავს, რომ უსაფრთხოება და თავდაცვა ეროვნული კომპეტენციაა, ხოლო ევროკავშირი ავსებს და აძლიერებს წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალურ ძალისხმევას ეროვნული თავდაცვის ხარჯების ზრდის მხარდაჭერით, ევროკავშირის ბიუჯეტის რესურსების გამოყენებითა და თავდაცვის სექტორში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით.
2025 წლის მონაცემებით, თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. რიცხვი იგივე იყო წინა წლებშიც. 2008 წელს რაოდენობა 32 ათასიდან 37 ათასამდე გაიზარდა. რაოდენობის შეზღუდვა საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე, თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე არ ვრცელდება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ NATO-ს, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის განცხადებები საქართველოს აგრესორად არ მოიხსენიებდა და მოუწოდებდა რუსეთს, შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ამავდროულად, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა საქართველოს 25 ათასი სამხედროს ყოლის კვოტა დაუწესა.
- ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება
1990 წელს პარიზში ხელი მოეწერა NATO-სა და ვარშავის პაქტის ქვეყნებს შორის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას (ეჩშძ), რომელიც ალიანსების მფლობელობაში არსებული იარაღის რაოდენობაზე ლიმიტების დაწესებას, ინსპექტირებასა და რეგულარულ მონიტორინგს გულისხმობდა. შეთანხმების თანახმად, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო ტანკებზე და ჯავშანტექნიკაზე, არტილერიაზე, საბრძოლო ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებზე.
1992 წელს გაფორმდა დასკვნითი აქტი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების პერსონალის რაოდენობის შესახებ, სადაც საქართველოც არის წარმოდგენილი. დოკუმენტში გვხვდება ინფორმაცია სამხედრო პერსონალის ლიმიტთან დაკავშირებით. საქართველოს ზღვრულ რაოდენობაში 40 ათასი იყო მითითებული.

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ დოკუმენტი 1999 წელს განახლდა. ხელშეკრულება, ჯგუფური ლიმიტის ნაცვლად, ადგენდა ეროვნულ და ტერიტორიულ ზედა ზღვრებს, ზრდიდა სავალდებულო ინსპექტირების რაოდენობას და უზრუნველყოფდა გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. დოკუმენტში არ გვხვდება სამხედრო პერსონალის ლიმიტი. სტამბოლის სამიტზე ადაპტირებულ შეთანხმებასთან ერთად მიიღეს საბოლოო აქტი, რომელიც ავალდებულებდა რუსეთს, გაეყვანა სამხედრო ძალები და აღჭურვილობა მოლდოვიდან და შეემცირებინა მათი რაოდენობა საქართველოში. ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ 4 მონაწილის – რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის მიერ. აშშ და მისი მოკავშირეები 1999 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირების წინაპირობად რუსეთის მიერ საქართელოსა და მოლდოვის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აყენებდნენ. 2007 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ნატოს ქვეყნები მოახდენდნენ მის რატიფიცირებას, ხოლო 2023-ში პარლამენტს მიმართა და შემდგომ ხელი მოაწერა დოკუმენტის დენონსაციას. პასუხად 2023 წლის 10 დეკემბერს ხელშეკრულებაში მონაწილეობა NATO-ს წევრმა ქვეყნებმაც შეაჩერეს.
ამრიგად, ევროკავშირს საქართველოსთვის არ დაუწესებია შეზღუდვა, რომელიც არაუმეტეს 25 000-იანი არმიის ყოლას ითვალისწინებს. მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებით არ დასტურდება. თავდაცვის ძალების რაოდენობას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს. რაც შეეხება “ეჩშძ” ხელშეკრულებას (რომელთან კავშირშიც ევროკავშირი არ არის) ის შეზღუდვებს აწესებდა საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















