საქართველოს საკითხი ნატოს დეკლარაციაში – ფაქტები და “ქართული ოცნების” მიზეზები

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

საქართველოს საკითხი ნატოს დეკლარაციაში
63
VIEWS

9 ივლისს ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ თქვა, რომ ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინ ბრიუსელში შემუშავდა დოკუმენტის ჩარჩო, რომელიც არ იქნება ისეთი ყოვლისმომცველი დოკუმენტი, როგორიც სხვა სამიტების შემთხვევაში და უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებსა და რეგიონებზე კონკრეტული დეტალები მასში არ შევა, თუმცა დოლიძე დარწმუნებული იყო რომ ხაზი გაესმებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის და სამომავლო გეგმების საკითხებს.

საქართველოს საკითხი ნატოს დეკლარაციაში მხოლოდ ერთხელ აღმოჩნდა ნახსენები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანისადმი მოწოდების კონტექსტში. სხვა სამიტების დეკლარაციებისგან განსხვავებით, ის არ შეიცავს განცხადებას საქართველოს ალიანსში სამომავლო გაწევრიანების, სამოქმედო გეგმის ან პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.

პასუხად, 11 ივლისს ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტის კომუნიკე, სხვა სამიტებისგან განსხვავებით მრავლისმომცველი არ იყო და ამიტომ არ მოიცავდა საქართველოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს:

ვიქტორ დოლიძე, საქართველოს ელჩი ნატოში: “თუნდაც მადრიდისგან და ვილნიუსისგან განსხვავებით, ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური დასკვნითი კომუნიკე, სადაც უკვე დეტალურად და კონკრეტულად ნებისმიერ რეგიონზე ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან ან რაიმე სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები. ეს იყო პოლიტიკური მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც ორმოცი თავისგანაც არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60,70,80 და უფრო მეტიც გვქონია… აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის“.

11 ივლისს მსგავსი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმაც. მისი თქმით, „საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში“.

მტკიცება, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია უკრაინის გარდა კონკრეტულ რეგიონებთან და ქვეყნებთან დაკავშირებულ გეგმებს არ მოიცავდა და მასში საქართველოს საკითხი ტექსტის სიმცირის გამო ვერ მოხვდა, მანიპულაციურია. დეკლარაციაში რამდენიმე პარაგრაფი ეთმობა კონკრეტულ რეგიონებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობის გარღმავებას, მათ შორის მოიცავს მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის და პარტნიორობის გაღრმავების შესახებ საკითხებს. რაც შეეხება ტექსტის სიმცირეს, ვიქტორ დოლიძის მიერ ნახსენები მადრიდის სამიტის დეკლარაცია კიდევ უფრო მოკლეა, თუმცა მასში საქართველო სწორედ მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად იყო ნახსენები, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში.

ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა, 38 პარაგრაფს მოიცავს (+ დამატებით 6 პარაგრაფი უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების მხარდაჭერის შესახებ). დეკლარაციაში ყველაზე დიდი ადგილი სწორედ უკრაინის საკითხს უკავია, თუმცა ის სხვა რეგონებში ნატოს სამომავლო გეგმების და თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხება. მაგალითად, ცალკეული პარაგრაფები ეთმობა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და მოიცავს ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტული პროექტების შესახებ. ერთი პარაგრაფი ეთმობა დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებს, რომელშიც ხაზგასმულია მათი სტრატეგიული მნიშვნელობა და თანამშრომლობისათვის მზაობა, თუმცა კონკრეტული ქვეყნები ნახსენები არ არის.

საქართველო დეკლარაციაში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები რუსეთის აგრესიის კონტექსტში:

“Ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, უკანონო ანექსიას. მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებიდან, რომლებიც იქ უნებართვოდ არიან განლაგებული.”

თუმცა, მოლდოვა დეკლარაციაში მხოლოდ ამ ეპიზოდში არ არის ნახსენები. Მას, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინას, ალიანსი დემოკრატიულ რეფორმებს უქებს და ხაზს უსვამს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობისადმი მზაობას:

“Ჩვენ მივესალმებით მოლდოვის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას მისი ევროპული ინტეგრაციის განვითარების გზაზე, ისევე, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინის, და გამოვთქვამთ მზაობას მხარი დავუჭიროთ მათი უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობებს და გავაძლიეროთ მათი თავდაცვისუნარიანობა ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ”.

Რაც შეეხება მტკიცებას, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია სხვა სამიტების კომუნიკეებთან შედარებით უფრო მოკლეა და ამიტომ ვერ მოიცავს საქართველოს მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც სულ 22 პარაგრაფისგან შედგება, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებაც იყო ნახსენები:

“ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ზომების მიღების თაობაზე, რათა გავზარდოთ პარტნიორებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს მოიცავს ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს და მოლდოვას. Ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ მათი მედეგობის და მთლიანობის გაძლიერებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვისათვის. Ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს სამხრეთელ პარტნიორებთან მათი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას.”

რაც შეეხება ნატოს სხვა სამიტებზე გამოქვეყნებულ უფრო ვრცელ დეკლარაციებსა და კომუნიკეებს, მათში ყოველთვის ეთმობოდა ერთი ან მეტი პარაგრაფი საქართველოს და გარდა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსული ოკუპაციის დაგმობისა, მოიცავდა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამეორებას საქართველოს ნატოში სამომავლო გაწევრიანების შესახებ, ალიანსის წევრობის მიმართულებით საქართველოს პროგრესის შეფასებას და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით არსებულ გეგმებს (ვილნიუსის 2023 წლის სამიტის კომუნიკე, ბრიუსელის 2021 წლის სამიტის კომუნიკე, ბრიუსელის 2018 წლის სამიტის დეკლარაცია, ვარშავის 2016 წლის სამიტის კომუნიკე, უელსის 2014 წლის სამიტის დეკლარაცია, ჩიკაგოს 2012 წლის სამიტის დეკლარაცია, ლისაბონის 2010 წლის სამიტის დეკლარაცია).

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist