16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ქვეყანა ევროკავშირის გზას დაშორდა. ამასთან ერთად, ევროკავშირმა დაიწყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა. 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხუთ ქვეყანას (უნგრეთი რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია), რომლებმაც საბჭოზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს, რასაც ირაკლი კობახიძე ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბერს მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ოფიციალური პირებისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილებოდა.
ამ თემაზე საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოში მხარდაჭერისთვის ქვეყნებს მადლობას უხდის, მალევე მოჰყვა ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის ოფიციალური განცხადებები. სამივე ქვეყანამ უარყო კობახიძის განცხადება და განმარტა, რომ მათი პოზიციები საქართველოს მთავრობის პოლიტიკისგან განსხვავებულია.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო (@SpainMFA): „ესპანეთმა მკაფიოდ გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს სამოქალაქო უფლებების მდგომარეობის და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ. ჩვენ სრულად მხარი დავუჭირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიისთვის და მას ყოველთვის დავუპირისპირდებით.“
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი (@PdCMAERO): „ეს არის საქართველოსთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიციის აშკარა გაყალბების მაგალითი. სოციალური მედიის მცდარ განცხადებებს ვუპასუხებთ ცხადი განმარტებით: რუმინეთი ღრმა იმედგაცრუებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის შეწყვეტასა და მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივად ჩახშობაზე.“
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის ფარგლებში, იტალიამ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო ძალადობის ყველა შემთხვევა, რაც ქვეყანაში ბოლო კვირებში მოხდა, მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას, რომელიც სხვა წევრი სახელმწიფოების კონსენსუსის არარსებობის გამო დაბლოკილი იყო. ჩვენმა ქვეყანამ ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას, რომელიც დამტკიცდა. საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტობრივად შეაჩერეს მისი ევროპული გზა, შეიძლება გადაიხედოს.”
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პოსტს X-ის საზოგადოების შენიშვნა (Community notes) დაემატა:
„ირაკლი კობახიძის განცხადება რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის შესახებ მცდარია. ესპანეთმაც, რუმინეთმაც და იტალიამაც თავიანთი პოზიციები ცხადყვეს და ეს განცხადება უარყვეს. სამივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი პოზიცია, რომელიც კობახიძის ნათქვამს არ შეესაბამება.“
ამ შენიშვნის მიზანს მკითხველისთვის სრული კონტექსტის მიწოდება წარმოადგენს, მიზნად ისახავს ინფორმირებული სამყაროს შექმნას და საშუალებას აძლევს ადამიანებს X-ზე კოლაბორაციულად დაამატონ კონტექსტი პოსტებზე, რომლებიც შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი, განმარტავს პლატფორმა.