რა შედეგი აქვს საქართველოს კანონის უზენაესობის რეიტინგით და რომელ ქვეყნებს შორის იკავებს პირველ ადგილს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

საქართველოს კანონი
407
VIEWS

28 ოქტომბერს პროსახელისუფლებო მედიებმა (1; 2; 3; 4; 5) და საინფორმაციო სააგენტოებმა (1; 2; 3; 4; 5), პირველმა არხმა და აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია World Justice Project-ის “კანონის უზენაესობის რეიტინგით” საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია. აღსანიშნავია, რომ მედიები ინფორმაციას იდენტური დექსტებით ავრცელებენ და მიუთითებენ, რომ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილს იკავებს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. ასევე, ინდექსით ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე წევრ და კანდიდატ სახელმწიფოსაც. ესენია: ბულგარეთი და უნგრეთი, მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. მედიები კვლევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას იმასაც აღნიშნავენ, რომ ბოლო წელს საქართველო ორი მაჩვენებლით დაქვეითდა, თუმცა რეგიონის ლიდერის პოზიცია მაინც შეინარჩუნა. 

ანგარიშისა და საქართველოს პოზიციის შესახებ კომენტარი გააკეთეს სამთავრობო ექსპერტებმა, გია აბაშიძემ და დავით ჩიხელიძე. ისინი აღნიშნავენ, რომ “ევრობიუროკრატები” და სხვა ქართველი აქტორები მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობენ, თითქოს საქართველო რეგრესს განიცდის, თუმცა საერთაშორისო ანგარიშები საპირისპიროს ამტკიცებს. “ეს შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებენ, კანონის უზენაესობა რეალური მოცემულობაა  და მართვის ხარისხი სტაბილურად უმჯობესდება,” – წერს დავით ჩიხელიძე. 

World Justice Project-ის მიერ გამოქვეყნებული კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგით საქართველო 52-ე პოზიციაზეა და მიუხედავად 2 მაჩვენებლიანი კლებისა, ის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (რომელში შემავალ ქვეყნებსაც მედია არ ასახელებს).  თუმცა, საქართველო ასევე ხვდება იმ ქვეყნების ათეულში, რომელსაც 2024-2025 წლებში რეიტინგში ყველაზე დიდი კლება აქვს. ამის შესახებ მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში არაფერია ნათქვამი. 2015 წელთან შედარებით, ქვეყნისთვის მინიჭებული შეფასება 0.08 ქულით არის გაუარესებული და ვარდნა გრაფიკზეც შესამჩნევია. 

World Justice Project მსოფლიოს 143 ქვეყანაში სამართლის უზენაესობას აფასებს. კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ინდექსი სამართლის უზენაესობას აფასებს რვა კომპოზიტური ფაქტორით, რაც 44 ქვე-ფაქტორს მოიცავს. ინდექსის შედგენისას შესაფასებელი რვა კომპოზიტური ფაქტორია: მთავრობის ძალაუფლების შეკავება (Constraints on Government Powers), კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება (Regulatory Enforcement), სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი. გარდა ამისა, ქვეყნები იყოფიან შვიდ გეოგრაფიულ რეგიონად და შემოსავლის ოთხ ჯგუფად. საქართველო ხვდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კატეგორიაში, რომელშიც შემდეგი ქვეყნები ერთიანდებიან: საქართველო,  მონტენეგრო, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უზბეკეთი, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ბელარუსი, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია. ორგანიზაციის მიერ რეგიონს მიკუთვნებულ 15 ქვეყანას შორის საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით ლიდერია და 0.58 ქულა აქვს მინიჭებული.

საქართველოს კანონი
წყარო: WJP Rule of Law Index 2025

გეოგრაფიული დაყოფისას სხვადასხვა კვლევაში ქვეყნების განსხვავებულ გადანაწილებას ვხვდებით. ხშირად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებში არ ხვდება ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სხვა ისეთი სახელმწიფოები, რომელიც  კვლევების ნაწილში ამ რეგიონის ნაწილად განიხილებიან. გამოქვეყნებულ სტატიებში არ არის განმარტებული, რომელი ქვეყნები შედის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ანგარიში სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებელს 2015 წლიდან აფასებს. საქართველო ბოლო ერთ წელში ორი პოზიციით ჩამოქვეითდა. ანგარიშში აშკარაა ტენდენცია, რომ ბოლო 10 წელში (2015-2025) საქართველოს შედეგი უარესდება და ქვეყანამ 28-ე პოზიციიდან 52-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. 2015 წელს ქვეყნის ქულა 0.66 იყო, 10 წლის შემდეგ კი 0.58. 

საქართველოს კანონი
საქართველოს 2015 წლის შედეგი
საქართველოს კანონი
საქართველოს 2025 წლის შედეგი

2020-2021 წლებში საქართველომ თავისი შედეგი 0.01 ქულით გააუმჯობესა, თუმცა მომდევნო წელს ისევ დაუბრუნდა 2020 წლის შედეგს. განსაკუთრებით შესამჩნევი ვარდნა 2016-დან 2017 წლამდე პერიოდში ფიქსირდება, როდესაც საქართველოს მაჩვენებელი 0.05 ქულით უარესდება. აღსანიშნავია, რომ 10 წელში საქართველოს შედეგის გაუარესება ჩანს იმ ვიზუალურ მასალეზეც, რომელსაც მედიები და ექსპერტები ავრცელებენ. 

2015 წელს World Justice Project-მა სამართლის უზენაესობა 102 ქვეყანაში შეაფასა და მათი რიცხვი მომდევნო წლებში გაიზარდა. 20162017/18 წლებში, მაშინ როდესაც საქართველოს შედეგი მკვეთრად გაუარესდა, ორგანიზაციამ 113 ქვეყნა შეისწავლა. რადგან ამ პერიოდში შესასწავლი ქვეყნების რაოდენობა უცვლელი იყო, საქართველოს შედეგის გაუარესების ახსნა კვლევის მეთოდოლოგიის ცვლილებითა და ქვეყნების ჩამონათვალის გაზრდით ვერ აიხსნება.

საქართველოს კანონი
წყარო: WJP Rule of Law Index 2025

კომპოზიტური ფაქტორების მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (0.49) მთავრობის ძალაუფლების შეკავების (Constraints on Government Powers) მიმართულებით აქვს, ყველაზე მაღალი ქულა (0.78) კი წესრიგისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. ქვეყანა 10 წლის განმავლობაში რეგიონში ლიდერ პოზიციას იკავებს. 

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

World Justice Project-ის სრულ ანგარიშში საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც 2024-2025 წლებში ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადეს (გვ. 25). ქვეყანამ ბოლო წელს სამართლის უზენაესობის მაჩვენებლის  2.4%-იანი შემცირება დააფიქსირა.

საქართველოს კანონი
წყარო: WJP Rule of Law Index 2025

რამდენიმე ქვეფაქტორში საქართველო როგორც თავისი გეოგრაფიული რეგიონის, ასევე მსგავსი შემოსავლის ქვეყნებსაც ჩამორჩება (გვ. 47). მაგალითად, სამსახურებრივი გადაცდომებისთვის სანქცირების შეფასებით, საკუთრების უფლების დაცვის, არადისკრიმინაციულობით და სისხლის სამართლის სფეროზე მთავრობის გავლენის არარსებობის კუთხით საქართველო ჯგუფის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებს. 

საქართველოს კანონი

როგორ ყალიბდება კანონის უზენაესობის ინდექსი და რა წერია კვლევის მეთოდოლოგიაში? 

World Justice Project კანონის უზენაესობის რეიტინგს ორი კომპონენტის გაერთიანებით ადგენს: მოსახლეობის ზოგადი გამოკითხვა და კვალიფიციური რესპონდენტების კითხვარები. მოსახლეობის ზოგადი გამოკითხვისას მკვლევრებს 300-ზე მეტი შეკითხვა აქვთ მომზადებული და საშუალოდ, 1000 რესპონდენტს ესაუბრებიან. ექსპერტები კი შერჩეული არიან სხვადასხვა სფეროებიდან: იურიდიული კომპანიები, უნივერსიტეტები და კოლეჯები, კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მოსახლეობის ზოგადი გამოკითხვის შედეგებისგან განსხვავებით, ექსპერტების შეფასება ყოველ წელს ახლდება. 

ინდექსის მეთოდოლოგიის განმარტებაში ერთ-ერთი თავი ეთმობა მის გამოყენებას (გვ. 6-7). ავტორების განმარტებით, ინდექსის მიზანია შექმნან დამოუკიდებელი წყარო, რომელიც კანონის უზენაესობას შეაფასებს ისე, როგორც ეს მოსახლეობის მიერ აღიქმება და შეადაროს ის მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების მაჩვენებელს. ინდექსის მეთოდოლოგიაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის შესახებ სრული სურათის შესაქმნელად აუცილებელია მისი სხვა ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად გამოყენება. ავტორები მიუთითებენ: 

“თუ მონაცემები კონტექსტიდან იქნება ამოგლეჯილი, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ან არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ინდექსით შეფასებული კანონის უზენაესობის კონცეფციები, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობის იყოს, ამიტომ მომხმარებლებს ვურჩევთ, გაეცნონ ინდექსის აგებაში გამოყენებული ცვლადების კონკრეტულ განმარტებებს.” 

ადგილობრივი ორგანიზაციები და მკვლევრები ინდექსის შედგენისას World Justice Project-თან თანამშრომლობენ. მოსახლეობის ზოგადი გამოკითხვა საქართვველოში (თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში) ჩაატარა კომპანიამ ACT Market Research and Consulting Company. როგორც კვლევის მეთოდოლოგიაშია მითითებული, 2017 წელს კომპანიამ პირდაპირი ინტერვიუს პრინციპით 1000 ადამიანი გამოკითხა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ მონაცემები არ განახსლებულა და 2025 წლის ანგარიშიც წლების წინ ჩატარებულ მოსახლეობის ზოგად გამოკითხვას ეყრდნობა. ასევე, მოლდოვაში 2017 წელს გამოკითხვა ჩაატარა ქართულმა კომპანიამ GORBI, რომელიც ქართული პროსახელისუფლებო მედიის დაკვეთით გამოკითხვებს საქართველოშიც ხშირად ატარებს. 

საქართველოს კანონი
წყარო: WJP Rule of Law Index 2025 Methodology

კვლევის ბოლოს აღნიშნულია მის მომზადებაში ჩართული ადგილობრივი ექსპერტების როლი. საქართველოსთან დაკავშირებულ კონტრიბუტორ ექსპერტებად მოხსენიებული არიან (გვ. 50) ანდრია ურუშაძე, დავით ზედელაშვილი, გიორგი კიკიანი, გოჩა სვანიძე, გიორგი გაგნიძე, ლაშა გოგიბერიძე, ლაშა მაჭავარიანი, ლევან გოთუა, ნატა ყაზახაშვილი, თამარ ჯიქია, თამარ ნუცუბიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი სა სხვა ანონიმური კონტრიბუტორები. 

პროსახელისუფლებო მედია და “ქართული ოცნების” წევრები საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებს მანიპულაციურად ხშირად იყენებენ. ისინი ვრცელი კვლევების მხოლოდ ერთ ნაწილს აქცევენ ყურადღებას და ის კომპონენტზე საუბრობენ, სადაც საქართველოს წინსვლა აქვს. “მითების დეტექტორმა” ამ დრომდე მოამზადა რამდენიმე მიმოხილვითი მასალა, სადაც განმარტებულია ის ინდექსები და კომპონენტები, რომლითაც სახელისუფლებო აქტორები მანიპულირებენ, მედია კი არასრულად აშუქებს: 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist