19 ნოემბერს პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა (იმედი; რუსთავი 2; PosTV) და საინფორმაციო სააგენტოებმა (SULinfo; მარშალპრესი; NSP.ge; ლიდერი; რეზონანსი; ექსკლუზივ ნიუსი) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Freedom House-ის მონაცემების თანახმად, საქართველო ინტერნეტ-თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულშია. მათი ცნობით, საქართველოში ინტერნეტ-თავისუფლება 70 ქულითაა შეფასებული, რომელიც იზომება შემდეგი კრიტერიუმებით: დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. ზოგიერთი მედია და ანალიტიკური გამოცემა იდენტური ტექსტით ხაზს უსვამს, რომ “საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უნგრეთი, სერბეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი”.
პროსახელისუფლებო მედია იდენტური ტექსტით აშუქებს Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსს, ხაზს უსვამს, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს უსწრებს და საუკეთესო ქვეყნებს შორის არის, თუმცა, სტატიებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ქვეყნის მაჩვენებელი, 2024 წელთან შედარებით, 4 ქულით გაუარესდა. ანგარიშში რამდენიმე მიმართულებით გაუარესებული სიტუაციაა ხაზგასმული და საუბარია ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობა გაართულა; ასევე, განხილულია კანონი, რომლითაც სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფა 45 დღემდე პატიმრობით ისჯება; ნახსენებია ციფრული მედიის თანამშრომლებზე ონლაინ შევიწროება და გახშირებული თავდასხმები; მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა “თავისუფალ” ჯგუფში რჩება, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი კლება სწორედ საქართველოში დაფიქსირდა.
- რას შეეხება Freedom House-ის ანგარიში ინტერნეტ-თავისუფლების შესახებ
Freedom House-მა 2025 წელს გამოაქვეყნა მე-15 ყოველწლიური ანგარიში, სახელწოდებით “თავისუფლება ინტერნეტში”. ანგარიში აანალიზებს ინტერნეტ თავისუფლებას 72 ქვეყანაში, რაც წარმოადგენს გლობალურ ინტერნეტ-მომხმარებელთა 89%-ს. ის მოიცავს 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს და აფასებს ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებებს, ინტერნეტში კონტენტის შეზღუდვასა და მომხმარებლის უფლებების დარღვევას 21 ინდიკატორის გამოყენებით. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, რომლებიც კითხვების სახითაა მოცემული, ეს კვლევა ქვეყნებს ანიჭებს შესაბამის შეფასებას 100-ქულიანი სისტემით. ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლება ფასდება მაქსიმუმ 25, ინტერნეტში კონტენტის შეზღუდვა 35, ხოლო მომხმარებლის უფლებების დარღვევა 40 ქულით.
ანგარიში ხაზს უსვამს თითოეული ქვეყნის ძირითად ცვლილებებსა და მონაცემებს. ინტერნეტ-თავისუფლების დონე საბოლოოდ განისაზღვრება ჯამური ქულით და შემდეგი სამი კატეგორიით:
70-100 ქულა = თავისუფალი
69-40 = ნაწილობრივ თავისუფალი
39-0= არათავისუფალი (შეზღუდული)

- რა წერია Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოზე
ანგარიშის თანახმად, საქართველოს, წინა წელთან შედარებით, უკუსვლა აქვს და 4 ქულით ნაკლებით, 70-ით არის შეფასებული. ინტერნეტ-თავისუფლების დონით ქვეყანა ისევ “თავისუფალ” კატეგორიაში იმყოფება, თუმცა, ხაზგასასმელია ისიც, რომ 70 ამ კატეგორიის ზღვრული ქულაა (70-100).

შესაბამისად, საქართველომ იმ 18 ქვეყანას შორის, რომლებსაც ამ ინდექსში “თავისუფალის” შეფასება აქვთ მინიჭებული და, შესაბამისად, 70-100 ქულით ფასებიან, ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. 2024 წელს საქართველო მე-16, ხოლო 2025 წლის ანგარიშით მე-18 ადგილს იკავებს.

ინტერენტზე წვდომის დაბრკოლების მიმართულებით, საქართველოს მაჩვენებელი 2025 წელს იგივე დარჩა – 19/25 ქულა.
თუმცა, ქვეყნის მაჩვენებელი გაუარესებულია კონტენტის შეზღუდვისა და მომხმარებლების უფლებების დარღვევის კრიტერიუმებით – აღნიშნული კრიტერიუმების შესაფასებლად დასმული რამდენიმე კითხვის ქვეშ მითითებულია, რომ საქართველოს შეფასება კონკრეტული მიზეზების გამო შემცირდა.
- კონტენტის შეზღუდვის ქვეთავი
ერთ-ერთ კითხვას, რომელზე პასუხითაც ქვეყანაში კონტენტის შეზღუდვის დონეს აფასებენ, შემდეგი ფორმულირება აქვს: “იყენებენ თუ არა თვითცენზურას ონლაინ ჟურნალისტები, კომენტატორები და რიგითი მომხმარებლები?” ამ მიმართულებით საქართველოს შეფასება შემცირდა, რაც შემდეგი კომენტარით არის განმარტებული: “ქულა 4-დან 3-მდე შემცირდა ლგბტქ+ ადამიანებზე, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თვითცენზურაზე გაზრდილი ზეწოლის გამო”.

შეფასება ამავე კრიტერიუმის სხვა ინდიკატორში, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლის მიერ კონტენტის გამოქვეყნების თავისუფლებას ეხება, შემცირდა 2 ქულიდან 1 ქულამდე. კითხვა შემდეგი ფორმულირებით არის დასმული: “არსებობს თუ არა ეკონომიკური ან მარეგულირებელი შეზღუდვები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მომხმარებლების ონლაინ კონტენტის გამოქვეყნების შესაძლებლობაზე?” შეფასების შემცირებაზე განმარტება ამგვარია: “ქულა 2-დან 1-მდე შემცირდა, რადგან გაშუქების პერიოდში ძალაში შესული კანონების სერია ონლაინ მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირებას სულ უფრო ართულებდა”.

- მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ქვეთავი
წინა წელთან შედარებით, შეფასებაში ცვლილებები ასევე გვხვდება მოხმარებელთა უფლებების დარღვევის კრიტერიუმშიც, სადაც საქართველომ 2 ქულა დაკარგა და ჯამში 40-დან 25 ქულა აქვს.
ერთ-ერთი კითხვა, რომლის მიმართულებითაც საქართველოს შეფასება გაუარესდა, ამგვარია: “არსებობს თუ არა კანონები, რომლებიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ სასჯელს ან სამოქალაქო პასუხისმგებლობას ონლაინ აქტივობებისთვის, განსაკუთრებით იმ აქტივობებისთვის, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით?” საქართველოს შეფასება 4-დან 2 ქულაა და წინა წელთან შედარებით 1 ქულითაა გაუარესებული. მიზეზის განმარტებაში ვკითხულობთ: “ქულა 3-დან 2-მდე შემცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებების გამო, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფისთვის 45 დღემდე სასჯელებს ითვალისწინებდა”.

სქრინშოტი Freedom House-ს ვებგვერდიდან
საქართველომ 4 ქულის ნაცვლად 3-ით არის შეფასებული შემდეგ კითხვაში: “განიცდიან თუ არა პირები არალეგალურ დაშინებას ან ფიზიკურ ძალადობას სახელმწიფო ორგანოების ან სხვა ნებისმიერი აქტორის მხრიდან მათი ონლაინ აქტივობების გამო?” შეფასების გაუარესების მიზეზებში განმარტებულია: “ქულა 4-დან 3-მდე შემცირდა, რაც განხილვის პერიოდში ციფრული მედიის თანამშრომლებზე ონლაინ შევიწროებისა და ფიზიკური თავდასხმების ზრდას უკავშირდება”.

Freedom House მიუთითებს, რომ ინტერნეტ-თავისუფლების მაღალი დონის მქონე 18 ქვეყანას შორის, ნახევარში საკვლევ პერიოდში შეფასება შემცირდა. ანგარიშში ვკითხულობთ: “თავისუფალ ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საქართველოში დაფიქსირდა, შემდეგ კი გერმანიასა და აშშ-ში. მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო…”

ანგარიშის ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით “ზეწოლა დემოკრატიებში”, საქართველოს მაგალითიცაა მოყვანილი. ამ თავში ნათქვამია, რომ საქართველოში მთავრობამ გააგრძელა საკუთარი კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში ამოქმედდა კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, რომელიც ავალდებულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ონლაინ მედიასაშუალებებს, რომლებიც უცხოური დაფინანსებით სარგებლობენ, მთავრობასთან განახორციელონ რეგისტრაცია. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევარის სახლში, რომლებიც ონლაინ გავლენის ოპერაციებს იკვლევდნენ. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონებში, რომლის შედეგადაც საჯარო მოხელის ონლაინ სივრცეში შეურაცხყოფა 45 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანგარიშის ბოლოს ინტერნეტ-თავისუფლების “მყიფე მიღწევებზეც” არის საუბარი, სადაც დასახელებულია ქვეყნები, რომლებშიც ყველაზე დიდი მიღწევები ასევე ყველაზე მყიფე აღმოჩნდა. ამ ნაწილში ხაზგასმულია, რომ ინტერნეტის თავისუფლების პირობები გაუმჯობესდა საქართველოში 2012-2013 წლის დემოკრატიულ ცვლილებებთან ერთად, “თუმცა, ბოლო დროს, საქართველოს მთავრობამ ძალაუფლების ცენტრალიზაცია და განსხვავებული აზრის ჩახშობა სცადა”.

პროსახელისუფლებო მედია საერთაშორისო კვლევებსა და ინდექსებს მანიპულაციურად ხშირად აშუქებს. ასეთი შემთხვევები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში:
- უსწრებს თუ არა საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს მედიის თავისუფლებით და დემოკრატიის ინდექსით?
- სამოქალაქო საზოგადოების ინდექსზე V-Dem-ის მონაცემები უკონტექსტოდ ვრცელდება
- რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების განხილვისას?
- როგორ მანიპულირებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის მონაცემებით?
- უსწრებს თუ არა საქართველო კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრს?
- მზადდება თუ არა “კარგი მთავრობის ინდექსი” ევროკომისიის დაკვეთით და რას აჩვენებს ის საქართველოს შესახებ?
- “თავისუფლება მსოფლიოში” – რა წერია Freedom House-ის ანგარიშში და როგორ აშუქებს მას სახელისუფლებო მედია?






















