2 სექტმებერს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ფანტინა ფანტინა” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საქართველოში ეთნიკურად ქართველების რაოდენობის შემცირების შესახებ საუბრობს. როგორც ის ვიდეოში ამბობს, საქართველოს მთავრობას ევროკომისიისგან ნაკისრი აქვს ვალდებულება, ქვეყანაში ქართველების რიცხვი 300 000-მდე შეამციროს. ვიდეოს ავტორის თქმითვე, ქვეყანაში მხოლოდ საჯარო მოხელეები დარჩებიან.
ფანტინა ფანტინა (0:37): – “…ქოცობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ქართველები შეგვამცირონ 300 000-მდე. […] ევროკომისიის მოთხოვნით ზუსტად, ძაან რომ გიმალავენ, მათ აიღეს ვალდებულება, რომ 300 000-მდე შეამცირონ ქართველები. წინა არჩევნებისთვის საჯარო მოხელეების რაოდენობა იყო 340 000. აბა, დასკვნები გამოიტანეთ ახლა ვინები რჩებიან და ვისზე არის გათვლა იმ 300 000-ზე.”

დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოს მთავრობას ევროკომისიისგან ნაკისრი აქვს ვალდებულება, ქვეყანაში ეთნიკურად ქართველების რაოდენობა 300 000-მდე შეამციროს. შეთანხმება მსგავსი პირობებით არ იძებნება საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება “მითების დეტექტორთან” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამაც უარყო.
საქართველოს ევროკავშირისგან მართლაც აქვს ნაკისრი რიგი ვალდებულებები, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში არსად იძებნება ინფორმაცია იმგვარ შეთანხმებაზე, რომელიც მთავრობას ეთნიკურად ქართველების რაოდენობის შემცირებას ავალდებულებს. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა “ასოცირების შესახებ შეთანხმება”, რითაც საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო შეესრულებინა გარკვეული ვალდებულებები, რაც მას ევროკავშირში გასაწევრიანებლად დაეხმარებოდა. რეკომენდაციები და ორმხრივი ვალდებულებები 500 გვერდიან დოკუმენტშია გაწერილი, თუმცა იქ არსად ვხვდებით ქართველების შემცირების შესახებ ჩანაწერს. “ასოცირების შესახებ შეთანხმებაში” გაწერილია დემოკრატიული ცვლილებების, სამართლის უზენაესობის, არადისკრიმინაციული მოპყრობის, ეკონომიკური ცვლილებების და ა.შ. შესახებ კრიტერიუმები.
საქართველომ დამატებითი ვალდებულებები აიღო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების სურვილის შესახებ განაცხადა. ჯერ 2022 წელს ევროკომისიამ საქართველოს გამოუგზავნა 12 რეკომენდაცია, რისი შესრულების შემდეგაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა. მოგვაინებით კი, 2023 წლის ბოლოს საქართველოსთვის განისაზღვრა 9 რეკომენდაცია, რომელიც ქვეყანას მოლაპარაკებების ეტაპის დაწყებისთვის უნდა შეესრულებინა. არც 12 და არც 9 რეკომენდაცია არ გულისხმობდა საქართველოში ეთნიკური ქართველების რაოდენობის შემცირებას. რეკომენდაციების დიდი ნაწილი ეთმობოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, პოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ანტიკორუფციულ რეფორმასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქიული გავლენის შემცირებას.
მას შემდეგ, რაც ღია წყაროებში მსგავსი შინაარსის შეთანხმების მოძებნა ვერ შევძელით, ინფორმაცია გამოვითხოვეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან. იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო სიჭინავამ დაგვიდასტურა, რომ შეთანხმება, რომელიც ქვეყანაში ეთნიკურად ქართველების რიცხვის შემცირებას ითვალისწინებს, არასდროს გაუფორმებიათ და მტკიცება დეზინფორმაციულია. ადმინისტრაციის წერილობით პასუხში წერია:
“2025 წლის 5 სექტემბრის თქვენი N23270 წერილის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ მსგავსი ტიპის ვალდებულბა საქართველოს მთავრობას არათუ ნაკისრი არ აქვს ევროკომისიასთან გამოფრმებული არც ერთი შეთანხმებით, არამედ, მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელსაც სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. საქართველოს მთავრობა ნებისმიერი შეთანხმების გაფორმებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ევროვნული ინტერესებით და მოამავალშიც ასე გაგრძელდება.”
2025 წლის მარტში ეთნიკურად ქართველების რაოდენობაზე გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცების გადასამოწმებლად “მითების დეტექტორმა” საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ მონაცემები გამოითხოვა. საქსტატმა 2014 წლის აღწერის შედეგები გამოგვიგზავნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 3 713 804 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობდა. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში:
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკომისია მუდმივად გამოხატავს შეშფოთებას დემოგრაფიულ ცვლილებებთან დაკავშირებით და მას ერთ-ერთ პრობლემად განიხილავს. ასევე, ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე. მის მიერ რომელიმე ქვეყნისთვის მოსახლეობის შემცირების შესახებ რაიმე რეკომენდაციის გაცემა ან ვალდებულების დაკისრება ასევე არ დასტურდება.
სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ცნობები. ხშირია შემთხვევები, როდესაც მცდარი ინფორმაცია შეეხება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებს. მტკიცების გამავრცელებლები ცდილობენ ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოსთვის შეუსაბამოდ წარმოაჩინონ და ფეისბუქ-მომხმარებლები მათი შესრულების საფრთხეში დაარწმუნონ. “მითების დეტექტორს” მსგავსი არაერთი ცნობა გადაუმოწმებია:
- რას ითვალისწინებს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებაში?
- დეზინფორმაცია, თითქოს სკოლის პროგრამიდან ჰაგიოგრაფიის ამოღებას ევროკავშირი ითხოვს
- წევრობის სანაცვლოდ ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზებას არ სთხოვს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















